ბს-68-55-კ-04 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 6 თებერვალს ტ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შსს-ს მიმართ და მოითხოვა ამ უკანსაკნელისათვის სასურსათო ულუფის ღირებულების სახით 590 ლარის მის სასარგებლოდ დაკისრება.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მსახურობდა შს სამინისტროს ვაკის რაიონის ...-ში ...-ად. 1997წ. 1 სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე ავადმყოფობის გამო, რა დროსაც მიიღო ერთდროული დახმარება 10 თვის ხელფასი _ 307 ლარი, ხოლო კვების (ულუფის) 10 თვის თანხა 590 ლარი არ მიუღია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, მოპასუხეს დაკისრებოდა სასურსათო ულუფის ღირებულების სახით 590 ლარის მის სასარგებლოდ გადახდა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით ტ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. კ.-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა, რომ პენსიაზე გასვლის დროს მისთვის არ მიუციათ სასურსათო ულუფის თანხა 590 ლარის ოდენობით და მას, რომ ეს თანხა ეკუთვნოდა, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2003წ. იანვარში, როდესაც მეგობრებმა შეატყობინეს, რომ აიღეს აღნიშნული თანხა სასამართლოს მეშვეობით.
აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ სასურსათო ულუფის თანხა არასწორად გაითვალისწინა ხელფასის შემადგენელ ნაწილად და არასწორად დაეყრდნო “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის განჩინებით ტ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ტ. კ.-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა და ფულადი ატესტატის საფუძველზე თანხის მიღების დღიდან. სკ-ის 128.1 მუხლის შესაბამისად მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, აპელანტმა კი სასამართლოში სარჩელი აღძრა 5 წლის შემდეგ.
არ დაეთანხმა რა საოლქო სასამართლოს განჩიებას, ტ. კ.-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტ. კ.-ი მუშაობდა შს სამინისტროს ვაკის რაიონის ...-ში ...-ად. 1997წ. 1 სექტემბერს გავიდა პენსიაზე, რა დროსაც მიიღო ერთდროული დახმარებისა ათი თვის ხელფასის სახით 307,3 ლარი. საკასაციო სასამართლო ხანდაზმულობის საკითხის განსაზღვრისას იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისა და ფულადი ატესტატის საფუძველზე თანხის მიღების მომენტიდან, კერძოდ, სკ-ის 129.1 მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტადD ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
აქვე საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მითითებს, რომ 1997წ. 20 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და 86-ე მუხლები აღნიშნულ საკითხს არეგულირებდა ანალოგიურად. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ტ. კ.-ის მიერ სარჩელი აღძრულია 5 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმ დროიდან როდესაც მან შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ტ. კ.-ს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა შეფასებული საქმეში წაერმოდგენილიო მტკიცებულებები და მისი მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.