Facebook Twitter

¹ ბს-724-620-კ-04 21 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და საერთო სარგებლობის ეზოში შესასვლელი ჭიშკრის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ გ. კ-ისა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის განყოფილების მიმართ და მოითხოვა ეზოში შესასვლელი ჭიშკრის აღდგენა და უნებართვოდ აშენებული ღობის მოშლა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმში, ... მას გააჩნია 81,1 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ხოლო ეზო მეზობლებთან საერთო სარგებლობაში აქვს. მის მეზობლად მცხოვრებმა გ. კ-ემ ისარგებლა მისი არყოფნით, მიისაკუთრა ეზოს ფართი, შემოღობა კაპიტალური ღობით და გააუქმა პუშკინის ქუჩის მხრიდან საერთო სარგებლობის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი. თ. მ-ე ითხოვდა უკანონოდ აშენებული ღობის მონგრევას და ... ქუჩის მხრიდან ჭიშკრის აღდგენას. შემდგომში მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998წ. 20 თებერვლის ¹51 გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მოპასუხე გ. კ-ეს სადავო ეზოში გამოეყო 883 კვ.მ ფართი, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ მან კანონიერად შემოღობა მასზე დადგენილი წესით გამოყოფილი ეზო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის სარჩელი, რაც მან სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹80-სა და ... ქ. ¹15-17-ის კუთხეში განლაგებულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს გააჩნდათ საერთო სარგებლობის ეზო, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 3600 კვ.მ-ს. შემდგომში აღნიშნული ფართიდან დაიწყო ზოგიერთი მცხოვრების სხვა ადგილას გადაყვანა იმ მიზნით, რომ მითითებულ ადგილზე უნდა აშენებულიყო საბავშვო ბაღი, მაგრამ ბაღის აშენება არ მოხერხდა. 1998 წელს აღებულ იქნა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა მოპასუხე გ. კ-ე და მერიის 1998წ. 20 თებერვლის ¹51 გადაწყვეტილებით მას გამოეყო ...ის ქ. ¹80-ში მდებარე საერთო სარგებლობის ეზოდან 883 კვ.მ, სადაც მან ააშენა სახლი და გაიკეთა დამოუკიდებელი შესასვლელი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოება იმის შესახებ, რომ თ. მ-ე და სხვა მეზობლები ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე ... ქუჩის ¹15-17-ში და ამიტომ ისინი საცხოვრებელი ფართით სარგებლობდნენ 9 მარტის ქუჩიდან. ალავერდიანისა და გ. კ-ის ჩვენებებიდან სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ... ქ. ¹80-დან შესასვლელი არ არსებობდა. გ. კ-ემ მიწის ნაკვეთის მასზე გამოყოფის შემდეგ, ააშენა სახლი და შემოღობა გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მიწის ნაკვეთი გ. კ-ეს გამოეყო კანონით დადგენილი წესით, ამიტომ იგი მის საკუთრებაში გადავიდა და მას სრული უფლება ჰქონდა, საკუთრებაში არსებული ეზოს ნაკვეთი შემოეღობა კაპიტალური ღობით. ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებული იყო მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ემ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორს მიაჩნია, რომ არასწორია სასამართლოს მოსაზრება მერიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ, რადგან სკ-ის 130-131-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ითვლება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო თავისი დარღვეული უფლების შესახებ. მან კი ასეთი შეიტყო მის სარჩელზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლიდან, საიდანაც მას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს გაშვებული.

თ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა რამდენჯერმე იყო დანიშნული საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რა დროსაც არ გამოცხადდა კასატორი. გამოცხადებულმა მხარეებმა თანხმობა გამოთქვეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. სასამართლომ სსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აპრილის განჩინება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ბათუმში, ... ქ. 80-სა და ... ქ. ¹15-17 სახლებს შორის არსებობდა 3600 კვ.მ ფართის ეზო. აღნიშნული ეზოდან 80-იანი წლებიდან მერიამ დაიწყო ზოგიერთი მცხოვრების სხვა ადგილას გადაყვანა იმ მიზნით, რომ გამოთავისუფლებულ ფართზე უნდა აშენებულიყო საბავშვო ბაღი, კერძოდ, ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986წ. 24 სექტემბრის ¹710 გადაწყვეტილებით დადგინდა ოთხი 140-ადგილიანი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა, მათ შორის, ... ქ. ¹78-80-სა და ... ქუჩის ¹15-ში მდებარე ბინათმშენებლობის ათვისებით. საბავშვო ბაგა-ბაღის აშენება არ მოხერხდა და შემდგომში ტერიტორია ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. 26 იანვრის ¹68 გადაწყვეტილებით გამოეყო მრავალდარგობრივ კომერციულ ფირმა “კრისტალს" ბავშვთა ბაღისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ასევე დადგენილია, რომ ფირმა “კრისტალმა" გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ვერ უზრუნველყო მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა, რომლის პირველ სართულზეც უნდა განთავსებულიყო საბავშვო ბაღი. ქ. ბათუმის მერიის 1998წ. 20 თებერვლის ¹51 გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 26.01.93წ. ¹68 გადაწყვეტილება ... ქ. ¹80-ში მრავალდარგობრივ ფირმა “კრ-სათვის" საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და დაკმაყოფილდა გ. კ-ისა და ზ. დიასამიძის განცხადებები მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ და გ. კ-ეს გამოეყო 883 კვ.მ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ. კ-ის საცხოვრებელი სახლი (ქ. ბათუმში, ... ¹30-ში) მოჰყვა ათვისებაში აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს მიმდებარე კვარტლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების შემდეგ გ. კ-ემ ააშენა საცხოვრებელი სახლი და შემოღობა ეზო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1993წ. 3 დეკემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1993წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შ. მ-ეს დაუბრუნდა ქ. ბათუმში, ... და .. ქუჩის კვეთაზე მდებარე 61.4 კვ.მ ფართის სახლმფლობელობა საკუთრების უფლებით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული სახლთმფლობელობა მდებარეობდა ... ქუჩის მხარეს და შესასვლელიც მითითებული ქუჩის მხრიდან ჰქონდა. ახალი სკ-ის ამოქმედების შემდეგ სადავო მიწის ფართობზე ვერ გავრცელდებოდა საერთო სარგებლობის უფლება, ვინაიდან კოდექსის ამოქმედების დროისათვის მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო მრავალდარგობრივ ფირმა “კრ-ზე" და ეს უკანასკნელი ითვლებოდა მიწის მოსარგებლედ, ხოლო 1998 წლიდან მიწის ნაკვეთის ნაწილი (883 კვ.მ) გამოეყო გ. კ-ეს. ამ დროისათვის კასატორს საკუთრების უფლება სახლთმფლობელობაზე არ გააჩნდა. მან საკუთრების უფლება შეიძინა 23.02.2000წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2000 წელს, რა დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით გ. კ-ის საკუთრებას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ის 130-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი დარღვეული უფლებების შესახებ. თ. მ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს აღნიშნული მუხლის მეორე წინადადებაზე _ “როდესაც პირმა შეიტყო" და არაფერს ამბობს აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადებაზე _ “ან უნდა შეეტყო". საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ-ეს თავისი უფლებების დარღვევის შესახებ (თუ იგი ასეთად მიიჩნევდა) უნდა შეეტყო იმ დროს, როდესაც ქ. ბათუმის მერიის განკარგულებით გ. კ-ეს გამოეყო მიწის ნაკვეთი და მან შემოღობა იგი, მაგრამ მას სარჩელი არ აღუძრავს არც კანონით დადგენილ ვადაში და არც მას შემდეგ, რაც იგი სახლთმფლობელობის მესაკუთრედ დარეგისტრირდა (2000წ. თებერვალი). მან სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2003წ. აგვისტოში. ის გარემოება, რომ გ. კ-ე სიტყვიერად დაჰპირდა კასატორს აშენებული ღობის მონგრევას, გარდა კასატორის განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება, ამასთან აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სკ-ის 132-134-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძვლებს. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემით მის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის მისამართად მითითებულია ... ქ. ¹80, ხოლო ეზო _ საერთო სარგებლობაში, არ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებს საფუძველს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთლიანი სახლთმფლობელობა მდებარეობს ... და ... ქუჩის კვეთაში და წარმოადგენს კუთხის სახლს, რომელსაც ორივე ქუჩის მხრიდან გააჩნია ქუჩის ნომერი. საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ. მ-ის საკუთრებაში არსებულ სახლთმფლობელობას ახალი სკ-ის ამოქმედების დროისათვის და მანამდეც შესასვლელი გააჩნდა ... ქუჩიდან. ... ქუჩის მხრიდან შესასვლელი გაკეთდა 2000 წლიდან. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ეზო საერთო სარგებლობაში იმყოფება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გ. კ-ეს მიწის ნაკვეთი გამოეყო მრავალდარგობრივ ფირმა “კრ-სათვის" მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შედეგად, ანუ ახალი სკ-ის ამოქმედების დროისათვის გ. კ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა თავისუფალ მიწის ნაკვეთს და მასზე ვერ გავრცელდებოდა სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საერთო საკუთრების უფლება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ... ქ. ¹80-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი შეადგენდა 3600 კვ.მ, საიდანაც მხოლოდ 883 კვ.მ გამოეყო გ. კ-ეს, ხოლო უფლებრივად დაუტვირთავი დარჩენილი ფართი წარმოადგენს სახლთმფლობელობის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აპრილის განჩინება;

3. თ. კ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.