¹ბს-72-57-კ-04 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ და სს “მ.-ის” დირექციამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების: მ. ბ.-ისა და ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992წ. 10 ივნისის ¹191 განკარგულების, ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1999წ. 5 თებერვალს მ. ბ.-ეზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ¹22/1-20 ბათილად ცნობა, მ. ბ.-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და სს “მ.-ისათვის” თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ 1992წ. 10 ივნისის ¹191 განკარგულება გამოცემულ იქნა “საქართველოს რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით აკრძალული იყო საკურორტო დანიშნულების მიწების სარეფორმო მიწების ფონდში გამოყოფა. მ. ბ.-ის ოჯახისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფისათვის საჭირო იყო საკითხის დასმა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს წინაშე, “მ.-ის” ბალანსზე რიცხული მიწიდან საჭირო რაოდენობის მიწის ნაკვეთის ჩამოწერისა და იმ დროს ...-ის კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწების ფონდში ჩარიცხვის შესახებ, რაც არ შესრულებულა. ასევე უკანონო იყო ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1999წ. 5 თებერვალს მ. ბ.-ეზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ¹22/1-20 გაცემა, რომლითაც მ. ბ.-ეს “მ.-ის” ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას 7 ნაკვეთად მიეზომა მიწის ნაკვეთები და გადაეცა საკუთრებაში. ნაკვეთი დღესაც ირიცხება პანსიონატის ბალანსზე და მასზე განლაგებულია პანსიონატის 2 კოტეჯი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო გამგეობის 1996წ. 31 იანვრის ¹527 გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება ¹527 ითვალისწინებდა ...-ის გამგეობის ბაღი-პარკების დირექციასთან ერთად მ. ბ.-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვას.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ მ. ბ.-ეზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შესახებ ცნობილი გახდა 2002წ. აგვისტოში, როდესაც მ. ბ.-ემ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის ნაწილის გაყიდვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და სს “მ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “მ.-ის” დირექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 3 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს “ა.-ი”.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “მ.-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორი იყო რაიონული სასამართლოს მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლასთან დაკავშირებით, რადგან სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა ექვს წელს. ვინაიდან მ. ბ.-ეზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაიცა 1999წ. თებერვალში და სარჩელი აღძრული იყო 2002წ. ოქტომბერში, ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალები საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას და რაიონულ სასამართლოს სათანადო გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად სკ-ის 129-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998წ. კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები 1999წ. 5 თებერვლის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობასთან ერთად ითხოვდნენ აჭარის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992წ. განკარგულების ბათილად ცნობასაც, რომლის ხანდაზმულობის ვადა 1964წ. კოდექსის თანახმად, შეადგენდა სამ წელს, უდავო იყო, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო თვითონ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება და ისედაც გაჭიანურებული დავა კიდევ უფრო არ გაეჭიანურებინა საქმის რაიონულ სასამართლოში განსახილველად დაბრუნებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ მოტივით, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ წარმოადგენს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს, ვინაიდან სსკ-ის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს როგორც გადაწვეტილების სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველ ინსტანციაში განსახილველად დაბრუნება გაუმართლებელია პროცესუალური ეკონომიის თვალსაზრისითაც, რადგან იგი უფლებამოსილი იყო, თავად ემსჯელა აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. ამიტომ სკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის უკან დაბრუნების გარეშე გადაწყვიტოს დავა. საკასაციო პალატის აზრით, საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების საფუძველს არ იძლეოდა არც ის გარემოება, რომ მ. ბ.-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის რეგისტრაციის კანონიერების შესახებ დავას იხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, ვინაიდან თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო სხვა დავის გადაწყვეტამდე, სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეეძლო შეეჩერებინა საქმის განხილვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.