ბს-732-628-კ-04 5 ნოემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწის პირველადი რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს სენაკის “.. ..-ის” წარმომადგენელმა მ. შ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხედ დასახელებულ იქნა სენაკის რაიონის მიწის მართვის სამმართველო და მაღაზია “კ...ს” მესაკუთრე ზ. გ-ა სარჩელის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მაღაზია “კ...ს” სახელზე საკუთრე-ბის უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ ... განთავსებული ტერიტორია, ე.ი. მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია და ფუნქციონირებს შპს სენაკის “.. ..-ი”, 1991 წლიდან (სადღეღამისო ფასიანი სადგომის მოწყობის მიზნით) გაცემული იყო ა...თა” საზოგადოებაზე.
1992წ. 10 ივნისის სენაკის რაიონის გამგეობის სხდომის ¹6\11-21 გადაწყვეტილებით “ა...თა” საზოგადოების ტერიტორიაზე ფუნქციონირების ნება დაერთო მრავალდარგოვან საკომისიო კომერციულ კოოპერატივ “კ...ს”.
1994წ. 13 აპრილს ადგილობრივი მმართველობის სენაკის რაიონული გამგეობის ¹18\7 გადაწყვეტილებით ... ქუჩაზე მდებარე ტერიტორია ჩამოერთვა “ა...თა” საზოგადოებას და ჩაირიცხა ქალაქის ფონდში, ხოლო მითითებული ტერიტორია ქ.სენაკის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 30 მაისის ¹62 გადაწყვეტილების 1 მუხლის საფუძველზე მუდმივ სარგებლობაში გადაეცა სენაკის “.. ..-ს”. გადაცემულ ტერიტორიაზე 1997წ. შეიქმნა ტექნიკური პასპორტი, ხოლო 1998 წლიდან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ” კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს სენაკის “.. ..-ზე”.
შპს “.. ..-ის” მიერ ტერიტორიის შესყიდვიდან ერთი წლის შემდეგ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა მაღაზია “კ...ზე”.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი მიწა საკუთრების უფლებით მაღაზია “კ...ს” უკანონოდ გადაეცა და მოითხოვა ამ უკანასკნელის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებას.
მოწინააღმდეგე მხარემ მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს სენაკის “.. ..-ზე” მაღაზია “კ...ს” ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე და მითითებული შეცდომა მათ გამოასწორეს სწორედ ამ უკანასკნელზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების გზით.
სარჩელს არ დაეთანხმა მაღაზია “კ...ს” წარმომადგენელი და მიუთითა, რომ სადავო ტერიტორია სარგებლობის უფლებით მაღაზიას გადაცემული ჰქონდა ჯერ კიდევ 1992 წლიდან. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადებისა” და “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მაღაზია “კ...ზე” მიწის რეგისტრაცია და საკუთრების მოწმობის გაცემა მოხდა მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელებული იყო ჯერ შპს სენაკის “.. ..-ზე”, ხოლო სსკ-ის 314-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის დროის თანმიმდევრობით, მ.შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა კოოპერატივ “კ...ზე” 1999წ. 16 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაცია და ძალაში დარჩა შპს “.. ..-ის” რეგისტრაცია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-მ. აპელანტი აპელაციის საფუძვლად ძირითადად მიუთითებდა შემდეგ გარემოებაზე: 1. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მაღაზია “კ...ს” მიწასთან მყარად დაკავშირების ფაქტი; 2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მაღაზიაზე მიწის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა მიწის სარგებლობის დამადასტუ-რებელი საბუთები.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, აპელანტი მოითხოვდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას; სენაკის რაიონის საკრებულოს 1994წ. 30 მაისის ¹82 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; შპს “.. ..-ზე” 1999წ. 21 სექტემბერს განხორციელებული მიწის რეგისტრაციის გაუქმებას და კოოპერატივ “კ...ზე” მიწის კერძო საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ძალაში დატოვებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინებით, ზ. გ-ს სააპელაციო საჩივარს სენაკის რაიონის სასამართლოს 2002წ. თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ეთქვა უარი, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადება პირველად შეიტანა “.. ..-მა” და პირველი გატარდა რეგისტრაციაში. ამდენად, “.. ..-ის” მხრიდან დაცულ იქნა სკ-ის 314-ე მუხლის მოთხოვნა, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის შესახებ.
სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელზე მოპასუხეები შეგნებულად ცდილობდნენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან სენაკის რაიონის გამგეობის 1992წ. 10 ივნისისა და სენაკის მერიის გამგეობის 1998წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არ იყო მითითება მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, პირველ შემთხვევაში საუბარი იცო მითითებული მაღაზიის ფუნქციონირებაზე, ხოლო მეორეში – მაღაზიის ზ. გ-სთვის მიკუთვნებაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მაღაზიის ფუნქციონირების ნებართვა არ ნიშნავდა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდებოდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი. აქვე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მაღაზია “კ...ზე” მიწის რეგისტრაციით დაირღვა ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის “ბ” პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლება ეთქვას უარი თუ არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი, ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები სხვა ფიზიკური, ან იურიდიული პირის საკუთრებაა”.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველად შემთხვევაში, მითითებული მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განხორციელდა კერძო .. ..-ის მიწის ფართობის ნ. გ-ს სახელზე გატარების ფაქტს.
არ დაეთანხმა რა საოლქო სასამართლოს განჩინებას, ზ. გ-ს მიერ წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი თავის საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რასაც – სააპელაციო საჩივარს და აქვე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო კანონი, რომელიც გამოიყენა, არასწორად იქნა მის მიერ განმარტებული. შესაბამისად, მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის, ხელახლა განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
სარჩელზე თავდაპირველი მოპასუხე, სენაკის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ მაღაზია “კ...ზე” მიწის რეგისტრაცია განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
მოწინააღმდეგე მხარემ მ. შ-მ საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ იმ მოტივით, რომ მიწა, რომელზედაც მაღაზია “კ...ა” განთავსებული, წარმოადგენს მის საკუთრებას და ამასთან, უსაფუძვლოდ ჩათვალა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მაღაზია განეკუთვნებოდა მიწაზე მყარად მიმაგრებულ ობიექტს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ზ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა, აგრეთვე, ზ. გ-ს შეგებებული სარჩელი, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებლად სავალდებულოა მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ “კ...ს” შენობა არ წარმოადგენს მიწასთან მყარად დაკავშირებულ ობიექტს. ამდენად, მის მესაკუთრეზე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო, ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: განცხადება, მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთი, კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებლად მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილების ასლი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბ. გ-ს სახელზე მაღაზია “კ...ს” მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მომხდარია ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მიწის მართვის სამმართველოში წარდგენილი არ ყოფილა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ასეთის არარსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწის მართვის სამმართველოს მიერ ასევე დარღვეული იყო ზემოაღიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “მ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს მითითებული მიწის ან მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სხვა პირის საკუთრებაში არსებობა.
სასამართლომ მიუთითა, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებას გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწაზე, რომლებიც მათ დადგენილი წესით ჰქონდათ გამოყოფილი, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ შპს “კ...ზე” დადგენილი წესით მიწის გამოყოფის ფაქტი არ დასტურდება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია რა შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. სენაკის მიწის მართვის სამმარვთელომ და შპს “კ...ს” წარმომადგენელმა ზ. გ-მ.
სენაკის მიწის მართვის სამმართველო თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებები არ განუხილავს, ასევე, მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მაღაზია “კ...” 1992 წლიდან წარმოადგენდა კოოპერატივ “კ...ს” და არა მ. შ-ს .. ..-ის საკუთრებას, რის გამოც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა მიწის ამ ნაკვეთის რეგისტრაციის უფლება. ასევე, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზა ჩაატარა არა იმ საკუთრებაზე, რაც მითითებული ჰქონდა უზენაეს სასამართლოს, არამედ ამ უკანასკნელის მიერ დასმულ კითხვებს გვერდი აუარა და დაადგინა სხვა გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 მარტის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი და ზ. გ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
მეორე კასატორი ზ. გ-ა თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინება და ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ამ უკანასკნელს დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნდა, თავისი ნება-სურვილით გადაამოწმა და შეაფასა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ასევე დარღვეულია მთელი რიგი პროცესუალური ნორმები, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების დამოუკიდებელ საფუძველს.
კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი და მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სენაკის რაიონის გამგეობის 1992წ. 10 ივნისის სხდომის ¹6\11-21 გადაწყვეტილებით კოოპერატივ “კ...ს” ნება დაერთო, ეფუნქციონირა ქ.სენაკში, ... არსებულ სადღეღამისო ავტოსადგომის ტერიტორიაზე.
სენაკის რაიონული გამგეობის 1994წ. 13 აპრილის ¹18\7 გადაწყვეტილებით “ა...თა” საზოგადოებას ჩამოერთვა ქ.სენაკში ... ქუჩაზე მდებარე ფასიანი ავტოსადგომის ტერიტორია 1940 კვ.მ. ოდენობით და ჩაირიცხა ქალაქის ფონდში.
ზემოაღნიშნული ტერიტოირა ქ.სენაკის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 30 მაისის ¹82 გადაწყვეტილებით მუდმივ სარგებლობაში გამოეყო ერთი პირის საწარმო “.. ..-ს”, რომელიც მოგვიანებით აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად.
ამავე ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იქნა კოოპერატივ “კ...ს” საკუთრებაში არსებული პავილიონი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით, მაღაზია “კ...ზე” რიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერების დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს დაევალა გაერკვია პავილიონის მოძრავი თუ უძრავი ნივთისადმი კუთვნილების საკითხი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მაღაზია მიეკუთვნება პავილიონის ტიპის ნაგებობას და არ წარმოადგენს მიწაზე მყარად დამაგრებულ ობიექტს. კასატორები საკასაციო საჩივრის საფუძველზე ძირითადად სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებას და შეფასების გარეშე გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა პავილიონის მოძრავი ნივთისადმი კუთვნილების თაობაზე. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია. კასატორი, მართალია, სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ ვერ უთითებს იმ დამატებით მტკიცებულებებზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა ზემოაღნიშნულის შემოწმებისა და შეფასების საშუალებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება “კ...ს” საკუთრებაში არარსებული პავილიონის მოძრავი ნივთისადმი კუთვნილების შესახებ, მითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის გამოყენებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებული კანონის შესაბამისი ნორმების გამოყენებისას ადგილი არა აქვს მათ არასწორ განმარტებას. კერძოდ, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
გამომდინარე იქიდან, რომ “კ...ს” მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო პავილიონი არ განეკუთვნებოდა მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მას მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პროცესუალური ნორმების დარღვევას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სენაკის მიწის მართვის სამმართველოსა და შპს “კ...ს” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.