Facebook Twitter

ბს-734-630-კ-04 29 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 25 აგვისტოს ა. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის ¹10 მიკრორაიონის გამგეობის მიმართ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების თაობაზე შემდეგი საფუძვლით: 2003წ. 21 მარტს ქ. ბათუმში, ..... მდებარე ბინა ი. პ-ს ეკუთვნოდა, რომელიც მოსარჩელის მკვიდრი ბიძაშვილი იყო და გარდაიცვალა. ი. პ-ი რომ ნამდვილად მისი ნათესავი იყო, დადასტურებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. რადგან ი. პ-ს პირველი რიგის მემკვიდრე არავინ დარჩა, ა. პ-მა, როგორც მისმა მეორე რიგის მემკვიდრემ, 2003წ. 7 ივლისს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის ¹10 მიკრორაიონის გამგეობას და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბინის მის სახელზე პრივატიზაციის განხორციელება, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარყოფითი წერილობითი პასუხი მიიღო. გამგეობამ მიუთითა, რომ ბინა, სადაც ი. პ-ი ცხოვრობდა, არ იყო პრივატიზებული და იგი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელემ აღნიშნული პასუხი უკანონოდ მიიჩნია, რადგან ი. პ-ის უფლება სადავო ბინაზე დადასტურებული იყო მის სახელზე გაცემული 1963წ. ¹415 ორდერით და საქართველოს რესპუბლიკის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996წ. 2 აპრილის ¹1 დადგენილების შესაბამისად, მისთვის სადავო ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმა უსაფუძვლო იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. პ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის განჩინებით ა. პ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. პ-ი 2003წ. 31 მარტს გარდაიცვალა. სადავო ბინა მის მიერ დატოვებულ სამკვიდრო ქონებაში ვერ შევიდოდა, რადგან გარდაცვალებამდე ი. პ-ს ბათუმის ¹10 მიკრორაიონის გამგეობისთვის ბინის მის სახელზე პრივატიზაციის თაობაზე განცხადებით არ მიუმართავს, ანუ სადავო ბინა ი. პ-ის სამკვიდროში ვერ შევიდოდა, რადგანაც იგი მანამდეც და შემდგომშიც ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას წარმოადგენდა და საჯარო რეესტრში ამ უკანასკნელის სახელზე ირიცხებოდა.

სააპელაციო სასამართლომ დაეთანხმა რა აპელანტის მოთხოვნას, რომ მასზე როგორც მემკვიდრეზე, სკ-ის 1319-ე და 1328-ე მუხლების შესაბამისად, გადადიოდა ი. პ-ის სამკვიდრო ქონება, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები ამავე დროს მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996წ. 2 აპრილის დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ბინების უსასყიდლოდ პრივატიზების პირობებში მოქალაქის გარდაცვალება, რომელსაც განცხადება ჰქონდა პრივატიზაციაზე და საბინაო ორგანოები უარს ვერ ეტყოდნენ, არ წარმოადგენს ამ ბინის სამკვიდრო მასაში შეუტანლობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ი. პ-ს თავის სიცოცხლეში არ გამოუთქვამს სურვილი ბინის პრივატიზაციაზე და განცხადებით არ მიუმართავს ქ. ბათუმის ¹10 მიკრორაიონის გამგეობისთვის, აქედან გამომდინარე, ბინის პრივატიზების უფლება ი. პ-ის სამკვიდრო მასაში არ შედიოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. პ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1328-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო შეიცავს მემკვიდრეობის, როგორც ქონებრივი უფლებების, ასევე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ი. პ-ს სრული უფლება ჰქონდა სადავო ბინის პრივატიზაცია მოეხდინა.

კასატორის აზრით, სამოქალაქო კოდექსს, “ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის თანახმად, უპირატესი ძალა გააჩნია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებასთან შედარებით, რომელიც კანონქვემდებარე აქტია. აქედან გამომდინარე, სკ-ის კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენება მართებულია და სრულიად შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლს.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996წ. 2 აპრილის დადგენილება იმის თაობაზე, რომ, რადგან მამკვიდრებელ ი. პ-ს არ ჰქონდა შეტანილი განცხადება სათანადო ორგანოებში ბინის პრივატიზაციაზე, როგორც მემკვიდრეს, ართმევდა აღნიშნულის განხორციელების უფლებას, არასწორია და პალატამ არ გაითვალისწინა სკ-ის 1319-ე და 1328-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ის ნორმები, რომლებსაც “ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის თანახმად, უპირატესი ძალა გააჩნია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებასთან მიმართებაში. მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილება, რომელიც სკ-ის ამოქმედებამდე, 1992წ. 1 თებერვალს იქნა მიღებული, ბინების პრივატიზების საკითხის დასარეგულირებლად გამოცემული სპეციალური ნორმატიული აქტი იყო და მის საფუძველზე განხორციელდა საქართველოში საბინაო ფონდის პრივატიზებას.

საკასაციო პალატა ეთანხმება რა კასატორის მოსაზრებას, რომ სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომლებიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის, ამავე დროს განუმარტავს კასატორს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ნორმატიული აქტის ნორმები და არა სკ-ის მუხლები. ამასთან, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996წ. 2 აპრილის დადგენილების მე-5 პუნქტი, რომელიც საბინაო ფონდის პრივატიზების საკითხებთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: “ბინების უსასყიდლო პრივატიზაციის პირობებში მოქალაქის გარდაცვალება, რომელსაც განცხადება ჰქონდა შეტანილი პრივატიზაციაზე და საბინაო ორგანოები უარს ვერ ეტყოდნენ, არ წარმოადგენს ამ ბინის სამკვიდრო მასაში შეუტანლობის საფუძველს, ვინაიდან სამკვიდროში შედის არა მარტო სამკვიდროს დამტოვებლის კუთვნილი ქონება, არამედ მისი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები". საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. პ-ს ქ. ბათუმის მე-10 მ/რაიონის გამგეობისთვის თავის სიცოცხლეში არ მიუმართავს მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზების მოთხოვნით, შესაბამისად ი. პ-ის აღნიშნული უფლება ვერ იქნება მოაზრებული ამ უკანასკნელის სამკვიდრო მასაში. სადავო ბინა ი. პ-ის სიცოცხლეში და ამჟამადაც წარმოადგენს ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორ ა. პ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის განჩინება;

3. ა. პ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30(ოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.