ბს-740-635-კ-04 5 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 23 მაისს ი. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის ბიძამ ნ. ა-მა 1920წ. 14 ივნისს მ. ა-ასგან შეიძინა ქ. თბილისში, ..., 480 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე ორი და ერთსართულიანი სიმაღლის ერთობლიობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოსარჩელეს ანდერძისამიერი მემკვიდრეობით გადაეცა 1980წ. 18 მარტს ნ. ა-ის მეუღლისაგან, ა. კ-ასაგან. ნ. ა-ს 1958 წელს თავისი სახლის ერთსართულიანი ნაწილის 125 კვ.მ მიუქირავებია თბილისის აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს კანტორისათვის. 1959წ. ოქტომბრიდან აღნიშნული ფართობი ყოველგვარი საბუთის გარეშე აღურიცხავთ აღმასკომის ბალანსზე ¹30 დარაბის სახით, რომლითაც სარგებლობდნენ 1976 წლამდე. 1976 წლიდან დამქირავებლის მიერ გამოთავისუფლებელი ფართით დღემდე სარგებლობს ეზოში მცხოვრები სამი ოჯახი _ თვითონ, ს. ა-ი და გ. გ-ე. სათავსი რომ მათი იყო და დაქირავებული ჰქონდა ვაჭრობის სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო ¹1 კანტორას, მოწმობდა ¹27 სახლმმართველობის მიერ 1967წ. 6 ნოემბერს გაცემული ¹1936 ცნობა. ს. ა-ის მიერ 480 კვ.მ-ზე აშენებული ორი და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის რაიმე ფართი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ჩამორთმეული არ ყოფილა. მოსარჩელემ სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე ითხოვა მის საკუთრებაში არსებული, მიწის 480 კვ.მ-ის მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთსართულიანი შენობის 125 კვ.მ სათავსის გამოთხოვა მოპასუხისაგან და მათი მხრიდან სათავსით სარგებლობის ხელშეშლის ქმედების აღკვეთა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ მ. ო-ის განცხადების საფუძველზე საქმეზე წარმოება განახლდა, ხოლო 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსაგან და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ნ. ა-ის კუთვნილ მიწის ფართზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის სადავო ერთსართულიანი შენობის არასაცხოვრებელი 125 კვ.მ და მათი მხრიდან აღიკვეთა ამ ფართით სარგებლობის ხელშეშლის ქმედება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სადავო ფართი წლების განმავლობაში ეკუთვნოდა და ეკუთვნის სახელმწიფო ფონდს, რასაც ადასტურებდა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა ტექაღრიცხვის ბიუროდან, სადაც აღნიშნული იყო, რომ სადავო ფართი კომუნალურ ფონდს ეკუთვნოდა 1959წ. 1 ოქტომბრიდან. სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ გაიზიარა ეს ცნობა და დაეყრდნო საეჭვო წარმომავლობის ცნობას. სადავო ფართი წლების განმავლობაში დატვირთული იყო საიჯარო და ქირავნობის ხელშეკრულებებით. სადავო ფართი არც ერთ იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტში არ არის მითითებული _ არც ნ. ა-ის მეუღლის მიერ აღებულ, მემკვიდრეობის მოწმობაში და არც ძმისათვის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში.
აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გაიზიარა მათი მითითება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1980 წელს, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე ვრცელდება 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 სექტემბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომლის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... მდებარე არასაცხოვრებელი 125 კვ.მ ეკუთვნოდა კომუნალურ ფონდს 1959წ. 1 ოქტომბრიდან, რაც დასტურდებოდა თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ, ვინაიდან სადავო F ფართი აღრიცხული იყო საბინაო სამმართველოს სახელზე იურიდიული საფუძვლის გარეშე, ეს გარემოება სამართლებრივ საფუძველს უქმნიდა მოსარჩელეს, გამოეთხოვა სადავო ფართი უკანონო მფლობელობიდან. პალატამ ჩათვალა, რომ ი. მ-ის მოთხოვნა დავის საგანზე არ აკმაყოფილოებდა სკ-ის 172-ე და 183-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სადავო ფართის ი. მ-ისადმი კუთვნილება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ფართი აღრიცხული იყო სახელმწიფო საბინაო კომუნალური ფონდის სახელზე. სკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, ანუ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე დროს იმ გარემოების დადგენა, კანონიერად იყო თუ არა აღრიცხული სადავო ფართი საბინაო-კომუნალური ფონდის სახელზე, სცილდებოდა მოცემული დავის საგანს.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო ფაქტობრივი თვალსაზრისითაც, რადგან საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე დავის პერიოდში ახორციელებდა სადავო ფართის ფაქტობრივ ბატონობას, შესაბამისად, ეს ფართი იყო მის მფლობელობაში და იყენებდა თავის შეხედულემისამებრ. მოსარჩელე რომც ყოფილიყო სადავო ფართის მესაკუთრედ რეგისტრირებული, მისი სარჩელი მაინც დაუსაბუთებელი იქნებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილოება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სადავო არასაცხოვრებელი 125 კვ.მ მესაკუთრე ის არის და მოპასუხეები უსაფუძვლოდ ედავებიან. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნა და საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო არასაცხოვრებელი 125 კვ.მ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ხელშეშლის ქმედების აღკვეთა. აღნიშნული სადავო ფართი საქმეში წარმოდგენილი, ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობის თანახმად (რომელიც საჯარო რეესტრის შექმნამდე ფაქტობრივად ამ უკანასკნელის ფუნქციას ასრულებდა) აღრიცხულია საბინაო სამმართველოს სახელზე. სკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოსარჩელე ტექბიუროს მონაცემებს სადავოდ არ ხდის, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე სადავო არასაცხოვრებელი 125 კვ.მ გამოთხოვისა და სარგებლობის ხელშეშლის ქმედების აკრძალვის თაობაზე, რადგან ამ მუხლის თანახმად, ნივთის უკან დაბრუნება მფლობელს შეუძლია მოსთხოვოს ნივთის მესაკუთრემ, ხოლო ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო არასაცხოვრებელი 125 კვ.მ მესაკუთრედ ტექბიუროში რეგისტრირებულია საბინაო სამმართველო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, სადავო ფართს ფაქტობრივად მოსარჩელე ფლობს, ანუ ეს ფართი მის მფლობელობაშია და თავის შეხედულებისამებრ იყენებს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კასატორ ი. მ-ის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება;
3. ი. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.