Facebook Twitter

ბს-75-60-კ-04 2 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 29 ივლისს მ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო და პრემიალური განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 2001წ. 15 ივნისიდან მოსარჩელეს ეკავა ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობა, რომლსაც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა, მიღებული ჰქონდა რამდენიმე მადლობა და მუშაობის პერიოდში მის მიმართ არასდროს გატარებულა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

2003წ. 15 ივლისს მოსარჩელემ ფოსტით მიიღო ფინანსთა მინისტრის _ მ. გ.-ის ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის საფუძვლადაც დასახელებული იყო ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 3 ივლისის თათბირის ოქმი და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნულ თათბირზე იგი არავის მიუწვევია და მისთვის გაუგებარი იყო, თუ რა “უხეში” დარღვევისთვის გაათავისუფლეს, ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2003წ. 2 ივლისიდან ე.წ. შრომისუუნარობის ფურცელზე იმყოფებოდა, რის შესახებაც ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საქმეთა მწარმოებლის მეშვეობით 4 ივლისს მ. გ.-ს ფაქსით შეატყობინა. შეტყობინების მიღებას ადასტურებდა ფინანსთა სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსის, მ. ჯ.-ის, ხელმოწერა. ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელის აზრით, დაირღვა შკკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა შესაბამისად დაუშვებელია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 4 ივლისის ¹5-412 ბრძანება ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის, მ. კ.-ის, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ფინანსთა სამინისტროს დაევალა მ. კ.-ის უწინდელ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა. მ. კ.-ისათვის მისი გათავისუფლების პერიოდში სახელფასო და პრემიალური განაცდურის ანაზღაურების საკითხი ღიად იქნა დატოვებული.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს განჩინებით, მ. კ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა. Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო კერძო საჩივრით _ 20 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას, შესაბამისად, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა კერძო საჩივრის მოტივი დაუყონებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 269-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ, მაგრამ აქვე მიუთითა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი უარს განაცხადებს ამაზე. მ. კ.-მ კი არათუ უარი განაცხადა დაუყონებლივ აღდგენაზე, არამედ თავად მოითხოვა იგი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე სასამართლომ არსებითად სწორი განჩინება მიიღო და მოცემულ შემთხვევაში დაშვებული მისი განხილვის პროცესუალური ფორმის დარღვევა აქტის გაუქმების საფუძვლად არ მიიჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ფინანსთა მინისტრის 2003წ. 4 ივლისის ¹5-412 ბრძანების დაუსაბუთებლობის თაობაზე, რომელშიც მ. კ.-ის განთავისუფლების ნორმატიულ საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი იყო მითითებული.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 8 ივლისის სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც გამოიცა ბრძანება მ. კ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ზოგადად იყო მითითებული გათავისუფლების საფუძველი _ მოსარჩელის მიერ დაკისრებული მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობა. ამასთანავე, არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელი სამსახურებრივი მოვალეობა და რა მიზეზით არ შეასრულა მოსარჩელემ, რამდენად მიუძღოდა მასში ბრალი. თათბირის ოქმის აღწერილობით ნაწილში საგადასახადო გეგმის პარამეტრების შეუსრულებლობა ტრაფარეტული შინაარსის იყო და ამგვარ დამრღვევად მითითებული იყო ათი საგადასახადო ინსპექცია, თითოეული მათგანის უფროსის ბრალეულობის ინდივიდუალიზაციის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, თითქოს მოსარჩელის დროებითი შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის გამო დაუშვებელი იყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, ვინაიდან შკკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განსხვავებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლების ამგვარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ ფინანსთა მინისტრის 2003წ. 4 ივლისის ¹5-412 ბრძანების დაუსაბუთებლობა საკმარის საფუძვლად მიიჩნია სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში განსახილველი საქმე დასახელებული იყო სამოქალაქოდ, მაგრამ არსებითად საქმე განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების მითითებით დასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში; მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, ფინანსთა მინისტრის 2003წ. 4 ივლისის ¹5-412 ბრძანებას საფუძვლად დაედო ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 3 ივლისის ¹8 თათბირის ოქმი. აღნიშნულ თათბირზე დღის წესრიგში იდგა 2 საკითხი: 1. მიმდინარე წლის ივნისის თვის საგეგმო პარამეტრების შესრულების მდგომარეობა; 2. საგადასახადო კოდექსის 42-ე თავით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა. აღნიშნული ოქმით დადგინდა, რომ ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ბრალეულად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა განთავისუფლების საფუძველს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 3 ივლისის თათბირზე დადგინდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, რაც ასახული იყო თათბირის ოქმში, ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის დ) ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული ოქმი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც არ გასაჩივრებულა და ძალაში იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის, ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ 2003წ. 3 ივლისის ¹8 თათბირის ოქმით დადგინდა მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების ბრალეულად შეუსრულებლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 4 ივლისის ¹412 სადავო ბრძანება დაუსაბუთებელია, რომ თათბირის ოქმში მითითებული საგადასახადო გეგმის პარამეტრების შეუსრულებლობა ტრაფარეტული შინაარსისაა და მასში არ არის დაკონკრეტებული, რომელი სამართლებრივი მოქმედება და რა მიზეზით არ შეასრულა მოსარჩელემ, რა ბრალი მიუძღვის ამ უკანასკნელს მასში, ანუ არ არის ინდივიდუალიზებული მოსარჩელის ბრალეულობა.

ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 3 ივლისის ¹8 თათბირის ოქმი, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოხელეს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების, აგრეთვე, მოქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, ანუ მოხელე უფლებამოსილია, პირდაპირ გაასაჩივროს სასამართლოში ის ბრძანება, რომლითაც შეიზღუდა და შეილახა მისი უფლებები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და, შესაბამისად, უცვლველად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის, ფინანსთა სამინისტროს, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.