Facebook Twitter

ბს-763-651-კ-04 18 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი), ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ნებართვის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 6 ნოემბერს კასატორმა ე. ო-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოსა და ო. ტ-ის მიმართ, მოპასუხის 2002წ. 16 ივლისის ¹8/1121 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ო. ტ-ს ნება დაერთო განეხორციელებინა დაკავებული თბილისში, ...... მდებარე მის მიერ ფართის პრივატიზება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ..... მდებარე სახლში, რომელიც ეკუთვნოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ს/ნ ¹......-ს. აღნიშნული სახლი შედგება ორი ოთახისა და სხვენისაგან, რომელიც არასაცხოვრებელ ფართს წარმოადგენს და სადაც ჩაწერილია ო. ტ-ი, თუმცა ამ უკანასკნელს მითითებულ ფართში არ უცხოვრია ხანგრძლივი დროის მანძილზე. მოსარჩელის მითითებით, 1992წ. 29 ივლისს მან მოახდინა თბილისში, ..... მდებარე სახლის პრივატიზება, რის თაობაზეც მასა და თავდაცვის სამინისტროს ¹....... სამხედრო ნაწილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ამავე სამხედრო ნაწილის მიერ 1992წ. 21 ივლისს გაცემული ¹128 ცნობის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს, რაც არ გაუქმებულა.

მოსარჩელის მითითებით, 2002წ. 16 ივლისს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს მიერ ტ. ტ-ზე გაცემულ იქნა ¹8/1121 ნებართვა თბილისში, ..... მდებარე სახლის სხვენის, კერძოდ, 10 კვ.მ პრივატიზების თაობაზე. რის საფუძველზეც ო. ტ-მა 2002წ. 16 სექტემბერს მოახდინა ფართის პრივატიზება. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულით შეილახა მისი უფლებები, რადგან მის მიერ უკვე განხორციელებული იყო თბილისში, ...... მდებარე სახლისა და მათ შორის, სადავო ფართის პრივატიზება, რაც დასტურდება თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 1993წ. 5 აგვისტოსა და 2002წ. 18 სექტემბრის საინვენტარიზაციო გეგმებით, ასევე 1992წ. 29 ივლისის პრივატიზების ხელშეკრულებით, კერძოდ, აღნიშნული საინვენტარიზაციო გეგმების თანახმად, სახლის საერთო ფართობი შეადგენს 80-81,99 კვ.მ-ს, რომელიც 1992წ. 29 ივლისის პრივატიზების ხელშეკრულების მიხედვით, მთლიანად იქნა პრივატიზებული მოსარჩელის მიერ, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველო უფლებამოსილი არ იყო, ხელმეორედ გაესხვისებინა სადავო ფართი. ამდენად, აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უკანონოდ მოხდა ო. ტ-ზე სადავო ფართის პრივატიზების თაობაზე ნებართვის გაცემა, რის გამოც აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახური.

ე. ო-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით, ასევე არ ცნო მესამე პირმა ო. ტ-მა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც ამ უკანასკნელის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინებით ე. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 1987წ. 6 იანვარს ს/ნ .......-ის მიერ ო. ტ-ზე გაცემულ იქნა ორდერი თბილისში, ... მდებარე ერთ ოთახზე, ხოლო 1992წ. 22 იანვარს ე. ო-ის სახელზე _ აღნიშნული სახლის 25 კვ.მ. ორ ოთახზე. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარმა სამმართველომ ნება დართო ო. ტ-ს, მოეხდინა ... მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს 2002წ. 16 ივლისის ¹8/1121 ნებართვა გაცემულ იქნა მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებისა და 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რადგან ო. ტ-ი იყო სამხედრო მოსამსახურე და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹...... სამხედრო ნაწილის მიერ 1987წ. 6 იანვარს გაცემული ორდერის საფუძველზე დაკავებული ჰქონდა თბილისში, ..... მდებარე 10 კვ.მ-ის ერთი ოთახი, რომლის პრივატიზაციის თაობაზეც მიეცა ო. ტ-ს ნებართვა სადავო ადმინისტრაციული აქტით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ო-მა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორმა არ გაიზიარა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოტივაცია და განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹....... სამხედრო ნაწილის მიერ 1987წ. 6 იანვარს ო. ტ-ზე გაცემული ორდერით ამ უკანასკნელს მფლობელობაში გადაეცა ..... მდებარე სახლის 10 კვ.მ სხვენი, რომელიც საცხოვრებელ ფართს არ წარმოადგენს. მართალია, მითითებულ ფართში ჩაწერილი იყო ო. ტ-ი, მაგრამ მას აღნიშნულ ფართში 10-12 წლის მანძილზე არ უცხოვრია, რის გამოც ფართი არ იყო მის ფაქტობრივ მფლობელობაში და, შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვენი ო. ტ-ს ჰქონდა დაკავებული და სწორედ ამ დაკავებული ფართის პრივატიზებაზე მიეცა ნებართვა. კასატორის აზრით, მხოლოდ სადავო ფართში რეგისტრაცია, ფაქტობრივი მფლობელობის გარეშე, არ შეიძლებოდა გამხდარიყო პრივატიზაციის საფუძველი, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” 1996წ. 27 ივნისის კანონს, რომლის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმადაც რეგისტრაცია, გარდა საარჩევნო ხმის უფლებისა, სხვა არც ერთ უფლებას არ წარმოშობს. ამდენად, კასატორის აზრით, სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღების დროს მის გამომცემ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა მითითებული კანონი, რადგან მას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 და ¹520 დადგენილებებთან შედარებით, რომლებიც არეგულირებს პრივატიზების საკითხებს. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი შედგება ორი ოთახისაგან, რომელიც პრივატიზებული იქნა ე. ო-ის მიერ, ხოლო სხვა საცხოვრებელი ფართი სახლს არ გააჩნდა. ო. ტ-ს კი დაკავებული ჰქონდა მხოლოდ 10 კვ.მ სხვენი. ამდენად, ო. ტ-ზე გაიცა ნებართვა იმ არასაცხოვრებელი თართის პრიფატიზების თაობაზე, რომელიც საცხოვრებელი სადგომის პირობებს არ აკმაყოფილებდა. ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე აქტები კი ითვალისწინებს მხოლოდ საცხოვრებელი ბინის და არა სხვა დანიშნულების ფართის პრივატიზებას. ამასთან, დაუშვებელია საცხოვრებელ ფართის პრივატიზება დამხმარე ფართის გარეშე.

ამდენად, კასატორის აზრით, სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს დაირღვა მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 და 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 და 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებები. ასევე, სადავო აქტის მომზადება-გამოცემის დროს დარღვეულ იქნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის I ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტების, 52-ე მუხლის II ნაწილის და 53-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც სასამართლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად, ბათილად უნდა ეცნო სადავო ადმინისტრაციული აქტი.

კასატორის და მესამე პირთა წარმომადგენლების არაერთგზის, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თანხმობით, საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე, თანახმად სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ო-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1950 წელს აშენებული ერთსართულიანი, ორბინიანი საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისში, ....., იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის ბალანსზე, რაც დასტურდება თბილისის მერიის 1993წ. 16 ივნისის ¹388 განკარგულებით. კასატორის, ე. ო-ის, სახელზე საქართველოს საბინაო კოდექსის 57-ე და 115-ე მუხლების საფუძველზე, 1992წ. 22 ივნისს გაიცა საბინაო ორდერი ¹107, რომლითაც მას სარგებლობაში გადაეცა ზემოაღნიშნულ სახლში მდებარე ორი ოთახი, რომლის პრივატიზებაც კასატორმა ერთ თვეში 1992წ. 29 ივლისს მოახდინა, კერძოდ, გარდა საბინაო ორდერით მისთვის გამოყოფილი 25 კვ.მ-ის ორი ოთახისა, კასატორმა ასევე მოახდინა 15 კვ.მ ფართის პრივატიზებაც. საქმეში წარმოდგენილი ¹79 საბინაო ორდერის მიხედვით, იმავე სახლში მდებარე მეორე საცხოვრებელი ოთახი 10 კვ.მ-ია, 1987წ. 6 იანვარს იგივე ამიერკავკასიის ¹....... სამხედრო ნაწილმა გადასცა მესამე პირს, სამხედრო მოსამსახურე ო. ტ-ს. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება, რომ თბილისში, ...... მდებარე ორბინიანი სახლის სარგებლობის უფლება ო. ტ-ს იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად უფრო ადრე, 1987 წელს, ჰქონდა მოპოვებული, ვიდრე კასატორ ე. ო-ს, რომელმაც 5 წლის შემდეგ მოიპოვა ამავე სახლში მდებარე მეორე ბინის _ 25 კვ.მ ორი ოთახის სარგებლობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ე. ო-ი 1992 წლიდან არის 25 კვ.მ ორი ოთახის მართლზომიერი მფლობელი, ხოლო ო. ტ-ი _ 10 კვ.მ-ის კეთილსინდისიერი მფლობელი, რომლებსაც “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, ჰქონდათ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების პრივატიზების უფლება. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ო. ტ-ს აქვს 1987წ. საბინაო ორდერით გამოყოფილი 10 კვ.მ ერთი ოთახის პრივატიზების უფლება, ამიტომ მინისტრთა კაბინეტის 1993წ. ¹603 დადგენილების მე-18 მუხლის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს მიერ 2002წ. 16 ივლისს გაცემული ¹8/1121 ნებართვა დაკავებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე კანონიერია, მის საფუძველზე 2002წ. 16 სექტემბერს ო. ტ-ის მიერ განხორციელებული პრივატიზება ასევე შეესაბამება მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნულ ¹107 დადგენილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის განჩინებას, ¹79 საბინაო ორდერით გამოყოფილი ოთახის პრივატიზების თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ნებართვისა და ო. ტ-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზების ბათილობაზე უარის თქმის შესახებ.

უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ო. ტ-ს არ ჰქონდა სადავო საცხოვრებელი 10 კვ.მ პრივატიზების უფლება, რადგან მას იქ 10-12წ. მანძილზე არ უცხოვრია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის პრივატიზების უფლება აქვთ ამ სახლის დამქირავებლებს ან მისი ოჯახის წევრებს. ო. ტ-ი 1987 წელს გაცემული ¹79 ბინის ორდერის საფუძველზე არის სადავო 10 კვ.მ ოთახის დამქირავებელი. იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე ო. ტ-ის საბინაო ორდერის ბათილად ცნობის ან 69-ე მუხლის თანახმად, ხანგრძლივი დროით სხვაგან ყოფნის შედეგად, ო. ტ-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ, დაუსაბუთებლობის და უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა სადავო სახლში ხანგრძლივი არყოფნის მოტივით, პრივატიზაციაზე ო. ტ-ის უფლების დაკარგვას ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა, უსწორობის გამო, ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ კანონით”, რადგან განსახილველი დავის საგანს ..... რეგისტრაციის საკითხი კი არ წარმოადგენდა, არამედ ამ მისამართზე მდებარე 10 კვ.მ ოთახის პრივატიზება, რასაც არეგულირებს “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილება. ამიტომ საკასაციო პალატა აღნიშნულ მოტივს ვერ დაეთანხმება და თვლის, რომ სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ მართებულად გამოიყენა ¹107 დადგენილება, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად არ გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონი.

უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, თითქოს სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება სადავო პრივატიზების ნებართვაზე, რომ იხელმძღვანელა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს 2002წ. 16 ივლისის სადავო ნებართვით და არ გაარკვია უძრავი ქონების კუთვნილების საკითხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის მერიის 1993წ. 16 ივნისის ¹388 განკარგულებით დაკმაყოფილდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის თხოვნა და მის ბალანსზე რიცხული, ..... მდებარე, 1950 წელს აშენებული ერთსართულიანი, ორბინიანი საცხოვრებელი სახლი ჩაითვალა ექსპლოატაციაში მიღებულად. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ქონების, მათ შორის საბინაო ფონდის, მესაკუთრე გახდა საქართველო, შესაბამისად _ თავდაცვის სამინისტრო. ასევე საგულისხმოა, რომ თავად კასატორს 1992წ. 22 მაისს თავისი ბინის პრივატიზება განხორციელებული აქვს სწორედ თავდაცვის სამინისტროსთან, რადგან სახლი სამინისტროს საკუთრებას, მის ბალანსზე მყოფ ქონებას წარმოადგენდა ამიტომ კასატორის მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს, როგორც სადავო ფართის მესაკუთრეს, ჰქონდა ო. ტ-ის მიერ ბინის პრივატიზებაზე ნებართვის გაცემის უფლება და სადავო ნებართვა კომპეტენციის ფარგლებშია გაცემული.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ო-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევები არარსებობდა და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინება;

3. ე. ო-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.