ბს-771-657-კ-04 3 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ოზურგეთის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა, კანონიერი უფლებების აღდგენა, შენობის შესყიდვის უფლების მინიჭება და სადავო შენობიდან უკანონო მფლობელის გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 დეკემბერს სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” თანამშრომლებმა: გ. გ-ემ, მ. მ-მა, მ. ბ-ემ, ლ. ჩ-ემ, ც. მ-მა, კ. ბ-ემ და ც. ღ-მა სარჩელი აღძრეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ოზურგეთის რაიონის გამგეობის, ოზურგეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოსა და გურიის საოლქო პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მუშაობდნენ ოზურგეთის რაიონის “ქ-აში” სხვადასხვა თანამდებობებზე და სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდნენ ოზურგეთის “ქ-ის” ადმინისტრაციულ შენობაში. 1994 წელს “ქ-ა” შემცირებული კადრებით მუშაობდა, რის გამოც შენობის ოთახების უმეტესობა გამოთავისუფლდა, რითაც ისარგებლეს მოპასუხეებმა და უნებართვოდ შეასახლეს გურიის საოლქო პროკურატურა.
მოსარჩელეთა განმარტებით, “სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 16 ივნისის ¹344 დადგენილების თანდართული დებულების 1.3. პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეიძლებოდა პრივატიზებული ყოფილიყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის შესაბამისად. სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” თანამშრომლებს განზრახული ჰქონდათ ქონების შეძენა ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, რის საფუძველზეც 1994 წელს განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონის გამგეობას, რომელმაც 1995წ. 26 ივლისს მიიღო ¹111 დადგენილება სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზების შესახებ. აღნიშნული დადგენილებით ო-ის “ქ-ის” საპრივატიზებო ობიექტებს დაემატა ¹25, ¹30, ¹63, ¹64 მაღაზიები, სასაწყობო-სამაცივრო მეურნეობა და ადმინისტრაციული შენობა, მაგრამ სადავო ადმინისტრაციული შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში არ იქნა შეტანილი.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ო-ის რაიონულმა გამგეობამ 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილებით ო-ის “ქ-ის” ადმინისტრაციული შენობა ოპერატიული მართვის უფლებით უკანონოდ გადასცა გურიის საოლქო პროკურატურას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს ო-ის რაიონული გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილების ბათილად ცნობა, კანონიერი უფლებების აღდგენა, შენობის შესყიდვის უფლების მინიჭება და უკანონო მფლობელის შენობიდან გამოსახლება.
მოპასუხე ო-ის რაიონულმა გამგეობამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ სადავო შენობა ირიცხებოდა გამგეობის ბალანსზე და ო-ის “ქ-ის” გაუქმების შემდეგ გადავიდა მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, ე.ი. მესაკუთრე გახდა გამგეობა. რადგან სადავო ადმინისტრაციული შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში გამგეობას არ შეუტანია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1995წ. 26 ივლისის ¹111 დადგენილება არ აღსრულებულა, მოპასუხის მოსაზრებით, მათ ჰქონდათ ამ შენობის განკარგვის უფლება.
მოპასუხის განმარტებით, თავდაპირველად აღნიშნული საკითხი შეთანხმდა საწარმოს მაშინდელ დირექტორთან და შემდეგ, ოპერატიული მართვის უფლებით, გადაეცა გურიის საოლქო პროკურატურას.
ოზურგეთისის რაიონული გამგეობის განმარტებით, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული დადგენილება მიღებულ იქნა უფლებამოსილების ფარგლებში და კანონიერი იყო. ამასთან, სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან აღნიშნული დადგენილების თაობაზე თავიდანვე იცოდნენ მოსარჩელეებმა, თუმცა სარჩელი სასამართლოში დროულად არ შეუტანიათ.
სარჩელი არ ცნო სახელმწიფო ქონების მართვის ო-ის რაიონულმა სამმართველომაც და განმარტა, რომ მოსარჩელეებს სადავო შენობის პირდაპირი მიყიდვის უფლება არ განუხორციელებიათ. აღნიშნული კანონი მოქმედებდა 1994წ. 29 მაისიდან 1995წ. 29 მაისამდე. ამის შემდეგ აუქციონისა და კონკურსის წესით დაიწყო სახელმწიფო ქონების შესყიდვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ო-ის რაიონული გამგეობის 1995წ. 26 ივლისის დადგენილება ოზურგეთის “ქ-ის” ადმინისტრაციული შენობის თაობაზე თავიდანვე არასწორი იყო და არც აღსრულებულა, რადგან არ შესულა საპრივატიზაციო ნუსხაში. ამასთან, აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო მაშინდელ დირექტორთან.
მოპასუხის განმარტებით, სადავო შენობა ოზურგეთის რაიონული გამგეობის გამგებლობაში იმყოფებოდა როგორც მუნიციპალური საკუთრება და, ამდენად, გამგეობას მისი განკარგვის სრული უფლებამოსილება გააჩნდა. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ხდებოდა სახელმწიფო ქონების ოპერატიული მართვის უფლებით გადაცემა, რაც განხორციელდა კიდეც. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან სადავო დადგენილების მიღებიდან გასული იყო 6 წელი.
სარჩელი არ ცნო გურიის საოლქო პროკურატურამაც, რომლის განმარტებით, პროკურატურა 1995 წლიდან იყო შენობაში განთავსებული და ამის შესახებ თავიდანვე იცოდნენ მოსარჩელეებმა, თუმცა 2002 წლამდე სარჩელი არ შეუტანიათ სასამართლოში. ამდენად, სარჩელი ხანდაზმული იყო. გამგეობის სადავო დადგენილება, საოლქო პროკურატურის მოსაზრებით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით იყო მიღებული და მისი ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის რაიონული გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილება, როგორც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღებული და სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონის გამგეობას დაევალათ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, იმის მხედველობაში მიღებით, თუ რა რაოდენობის ფართს საჭიროებდა გურიის საოლქო პროკურატურა ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რათა მათ მიერ გარემონტებული შენობის ნაწილით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი, ხოლო დანარჩენ ფართში აღდგენილიყო მოსარჩელეთა კანონიერი უფლებები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურიის საოლქო პროკურატურამ და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომაც და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
2002წ. 22 ნოემბერს სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-მა” ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორებმა სასამართლოში მხარეთა პაექრობის ეტაპზე უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
აღნიშნული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის, მ. მ-ის, მ. ბ-ის, ლ. ჩ-ის, ც. მ-ის, ა. ბ-ისა და ც. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ემ, ლ. ჩ-ემ, ც. ღ-მა, მ. მ-მა, ც. მ-მა, ა. ბ-ემ და მ. ბ-ემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორებმა უკანონოდ მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოსაზრება: ვინაიდან სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ს” ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, ის გაუქმებული იყო და არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს. კასატორთა განმარტებით, სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ი” კერძო სამართლებრივი წესით არ იყო შექმნილი, იგი შეიქმნა სახელმწიფო ორგანოს მიერ, კერძოდ, ოზურგეთის რაიონის გამგეობის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს 1994წ. 28 სექტემბრის ¹665 წერილობითი თხოვნის საფუძველზე. ამდენად, ოზურგეთის “ქ-ის” ობიექტების ბაზაზე შექმნილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ი” არ ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს პარლამენტის 1996წ. 28 ივნისის დადგენილება, არამედ უნდა ეხელმძღვანელა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით.
კასატორებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” შრომითმა კოლექტივმა ვერ გამოიყენა საპრივატიზებო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის კანონით მინიჭებული უფლება და მათი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე იყო ხანდაზმული.
კასატორთა განმარტებით, სახელმწიფოს მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულების თანახმად, რომელიც ძალაში იყო 1995წ. 29 მაისამდე, ობიექტებში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთათვის შეღავათით ობიექტების მიყიდვა ხორციელდებოდა მხოლოდ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე. აღნიშნული კანონის მოქმედების პირიოდში, 1995წ. 28 აპრილს გამართულ თანამშრომელთა საერთო კრებაზე კასატორებმა შექმნეს სავაჭრო საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა ამხანაგობა და დროულად მიმართეს ოზურგეთის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ოზურგეთის “ქ-ის” ბალანსზე რიცხული ობიექტების, მათ შორის, ადმინისტრაციული შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის თაობაზე. ამდენად, კასატორთა განმარტებით, სახელმწიფოს მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადა მათ არ დაურღვევიათ.
კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1995წ. 26 ივლისის ¹111 გადაწყვეტილებით მათ მიენიჭათ უფლება სადავო ქონების შესყიდვის თაობაზე და მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილების დაგვიანებით მიღებისა, იგი კანონიერ ძალაში იყო, ვინაიდან არც სასამართლოს და არც სხვა ორგანოს არ გაუუქმებია.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისას გამოიყენა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი და იქვე მიუთითა, რომ იმ დროს მოქმედებდა პრივატიზაციის შესახებ 1991წ. საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ხანდაზმულობას არ ითვალისწინებდა.
კასატორებმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სადავო ქონების მუნიციპალურ საკუთრებად მიჩნევისა და სამხარეო პროკურატურისთვის სადავო შენობის ოპერატიული მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე და ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილების კანონიერად ჩათვლა.
კასატორთა განმარტებით, სადავო ქონება არ იყო მუნიციპალური საკუთრება და ოზურგეთის რაიონის გამგეობას არ ჰქონდა მისი სამხარეო პროკურატურისთვის ოპერატიული მართვის უფლებით გადაცემის უფლება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 25 ივნისის ¹344 დადგენილებით დამტკიცებული “უძრავი ქონების ოპერატიულ მართვაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების თანახმად, საბიუჯეტო დაწესებულებებზე უძრავი ქონების გადაცემა ხორციელდებოდა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და სამინისტროს მიერ, როდესაც ქონება რესპუბლიკური საკუთრების იყო, ხოლო მუნიციპალური საკუთრების შემთხვევაში _ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებით. ამდენად, კასატორთა განმარტებით, ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილება იყო უკანონო და უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან გამგეობას აღნიშნული დადგენილების მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც ქონება იყო რესპუბლიკური საკუთრების.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულების თანახმად, სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” შრომით კოლექტივს პირდაპირი მიყიდვის ფორმით შესაბამისი ობიექტების პრივატიზება შეეძლო განეხორციელებინა 1995წ. 29 მაისამდე. ზემოაღნიშნული დებულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1995წ. 26 ივლისის ¹111 დადგენილებით, სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” შრომით კოლექტივს ნება დაერთო საწარმოში შემავალი ობიექტები, მათ შორის, ოზურგეთის ყოფილი “ქ-ის” ადმინისტრაციული შენობა შეესყიდა, თუმცა ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ 1996წ. 2 ოქტომბერს მიიღო ¹121 დადგენილება, რომლითაც ოზურგეთის ყოფილი “ქ-ის” ადმინისტრაციული შენობა ოპერატიული მართვის უფლებით გადასცა გურიის სამხარეო პროკურატურას.
საქმის მასალებში არსებული ოზურგეთის “ქ-ის” დირექტორ გ. გ-ის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისადმი მიწერილი წერილიდან (21.11.96) ირკვევა, რომ 1996წ. ოქტომბერში სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” შრომით კოლექტივს დაერღვა უფლება, როდესაც იგი გამოსახლდა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული შენობიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობების მიმართ, რომელიც წარმოიშვა სკ-ის (1997წ.) ძალაში შესვლამდე, გამოიყენება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) დებულებები, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, უფლების დაცვის საერთო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრებოდა სამი წლით. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ის” შრომითი კოლექტივისთვის 1996წ. ოქტომბერში ცნობილი გახდა მისი უფლების დარღვევის შესახებ, რაც მას იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილ სამწლიან ვადაში სადავოდ არ გაუხდია და მხოლოდ 2001წ. 29 დეკემბერს მიმართა სარჩელით სასამართლოს, რითაც დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით მინიჭებული პირდაპირი მიყიდვის უფლების ვადის აღდგენას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რაც სამართლებრივად სწორად დაასაბუთა თავის გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილების ბათილად ცნობისა და სადავო შენობიდან გურიის სამხარეო პროკურატურის გამოსახლების შესახებ, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს 1994წ. 27 ოქტომბრის ¹174 ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ო-ი” იყო ორმაგი დაქვემდებარების, რის გამოც სადავო შენობის, როგორც მუნიციპალური საკუთრების, განკარგვის უფლება ჰქონდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს _ გამგეობას, რაც კანონიერად მიიჩნია ოზურგეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომაც და ამით დაადასტურა სახელმწიფოს ნება მისი კუთვნილი ქონების გურიის სამხარეო პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ დადასტურებულად ცნობილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგანაც კასატორებს არ წარმოუდგენიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ორი უსწორობა, კერძოდ, აპელანტ გურიის საოლქო პროკურატურის ნაცვლად სწერია ქუთაისის საოლქო პროკურატურა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილების ნაცვლად კი 2003წ. 16 მაისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გაასწოროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ დაშვებული უსწორობა, თუმცა თვლის, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების: გ. გ-ის, ც. ღ-ის, ა. ბ-ის, ც. მ-ის, მ. მ-ის, მ. ბ-ისა და ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.