Facebook Twitter

¹ბს-779-665-კ-04 21 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, აუქციონის დამტკიცების შესახებ განკარგულების გამოცემა და შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ს-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 2002წ. 22 აპრილის ¹129 განკარგულების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის აუქციონის დამტკიცების შესახებ განკარგულების გამოცემის დავალება და შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება. აგრეთვე, მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 400000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქ. ქუთაისის მერიის 1999წ. 6 სექტემბრის ¹305 ბრძანებით გამოცხადდა აუქციონი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, ....... ქუჩაზე, ე.წ. “........" ტერიტორიაზე. 1999წ. 15 და 19 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე მან შეიძინა ყოფილ “........" ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, რისთვისაც გადაიხადა 10395 ლარი. მერიის 2000წ. 20 ოქტომბრის ¹244 განკარგულებით შეჩერდა აუქციონის ოქმის დამტკიცება მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე იმ მოტივით, რომ მერიის ინიციატივით მასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება აუქციონის პირობების შეცვლის შესახებ, კერძოდ, მერიას სურდა, რომ აუქციონით გათვალისწინებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 30%-ის ნაცვლად მას ბიუჯეტში შეეტანა 55000 ლარი. გარკვეული პერიოდის, კერძოდ, ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ, იგი ამ თანხის გადახდაზე დათანხმდა, მაგრამ მერიამ 2002წ. 22 აპრილის ¹129 განკარგულებით გააუქმა აუქციონის შედეგი იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თავდაცვის სამინისტროს და მერიას მისი განკარგვის უფლება არ ჰქონდა.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ, ვინაიდან მიწის მართვის საჯარო რეესტრში მიწა რეგისტრირებული იყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოზე, რომელმაც გაუკეთა ორგანიზება აუქციონს, იგი ითვლებოდა მესაკუთრედ, რადგან რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამასთან, იგი წარმოადგენდა ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და მისი უფლებები შეძენილ ქონებაზე დაცული იყო საქართველოს კონსტიტუციისა და სკ-ის 170-ე მუხლის შესაბამისად.

მერიის უკანონო ქმედების შედეგად იგი არ მუშაობდა 2წ.ა და 6 თვის განმავლობაში, რა დროშიც მას შეეძლო მოგება მიეღო 350000 ლარის ოდენობით. ამ ხნის განმავლობაში მან განიცადა მორალური ზიანი _ გაუთავებელ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული სულიერი განცდის სახით.

ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1999წ. 19 ივლისის ¹176 წერილი არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო სადავო მიწის ნაკვეთის მერიისათვის გადაცემის დოკუმენტად, რადგან სკ-ის 183-ე და 923-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მიწის ნაკვეთის მერიის სახელზე რეგისტრაციას. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, მაგრამ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით იყო შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვა. ასეთი თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთის განკარგვა უკანონოდ უნდა ჩათვლილიყო, რაც განხორციელდა კიდევაც გასაჩივრებული განკარგულებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ს-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 2002წ. 22 აპრილის ¹129 განკარგულება. მერიას დაევალა განკარგულების გამოცემა 1999წ. 15 და 19 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის ¹7 ოქმის §7-ის დამტკიცების თაობაზე და ა. ს-ე ცნობილ იქნა აუქციონზე შეძენილი ქონების მესაკუთრედ. სარჩელის მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა ა. ს-ის სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 17 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ა. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო და ა. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრები. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს 1999წ. 19 აგვისტოს და 2001წ. 5 ივნისის წერილებით დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (2400 კვ.მ) განიკარგა როგორც სახელმწიფო ფონდი, რადგან ქალაქის საზღვრებში შემავალი მიწები ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებად და უწყებებსა და ორგანიზაციებს ეძლეოდათ მხოლოდ სარგებლობისათვის. მიწათსარგებლობის უფლება წყდებოდა “მიწის კოდექსის" შესაბამისად, მათ შორის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში. აღნიშნული ტერიტრორიის შენობა-ნაგებობებისაგან გამოთავისუფლების შემდეგ, სადავო მიწის ნაკვეთი იმ მიზნებისათვის, რისთვისაც თავის დროზე გადაცემულ იქნა თავდაცვის სამინისტროსათვის, გამოუყენებელი გახდა. 1995წ. 19 ივლისს დაკმაყოფილდა სახელმწიფო მეთაურის რწმუნებულის იმერეთის რეგიონში თხოვნა და თავდაცვის სამინისტრომ ქ. ქუთაისის მერიას გადასცა ...... ქუჩაზე არსებული დანგრეული ........ ტერიტორია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მერიის 2000წ. 20 ოქტომბრის განკარგულებით აუქციონის შედეგების დამტკიცება დროებით შეჩერდა არა იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთი თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში იყო, არამედ ამ ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გაზრდისა და გადახდის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა თანხის მთლიანი გადახდით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიას ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1999წ. 15 და 19 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის ოქმი დასამტკიცებლად წარედგინა კანონით გათვალისწინებულ 10 დღის ვადაში, თუმცა მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მერიამ მიიღო 2 წლის შემდეგ, რისი უფლებაც მერიას არ ჰქონდა, რადგან აუქციონის ჩატარებისას არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობა.

ზაკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგების ბათილად გამოცხადება წესრიგდება სკ-ის ნორმებით. აღნიშნული გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ პირობებსა და საფუძვლებს, რის გამოც არ არსებობდა აუქციონის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იგი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ა. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ უზრუნველყო მტკიცებულებების გამოთხოვა შესაბამისი ორგანოებიდან, რითაც დაარღვია სკ-ის 183-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მოთხოვნები.

ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის განხილვა ორჯერ იყო დანიშნული, რა დროსაც არ გამოცხადდა საქმეში მონაწილე ყველა მხარე, რის გამო სასამართლომ დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინება.

სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა იგი. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ასევე, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. საკასაციო საჩივარში მითითებულია მხოლოდ მტკიცებულებების გამოთხოვაზე შესაბამისი ორგანოებიდან, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მტკიცებულებები უნდა გამოეთხოვა სასამართლოს და რა მნიშვნელობა ჰქონდა მათ საქმისათვის. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. განსახილველ შემთხვევაში ა. ს-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. ქუთაისის 2002წ. 22 აპრილის ¹129 განკარგულება, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილით კი, მტკიცების ტვირთი ქ. ქუთაისის მერიას ეკისრებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: “სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისათვის გამოყოფისა და აუქციონის მოწყობის თაობაზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციისა და პირობების დამტკიცების შესახებ" ქ. ქუთაისის მერიის 1999წ. 6 სექტემბრის ¹305 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის საზღვრებში სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების გასაცემად აუქციონის მოწყობის თაობაზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია და პირობები. ზემოაღნიშნული ბრძანების (¹305) დანართში ¹8 მიეთითა მიწის ნაკვეთი რუსთაველის პროსპექტზე, ე.წ. ყოფილ “........" ტერიტორიაზე, მრავალდარგოვანი მომსახურების სავაჭრო კომპლექსის მშენებლობისათვის-ფართით 2700 კვ.მ. ქ. ქუთაისის მერიის მიწის მართვის სამმართველომ აუქციონი ჩაატარა 1999წ. 15 და 19 ოქტომბერს, რა დროსაც სადავო მიწის ნაკვეთის მყიდველთა შორის გაიმარჯვა ა. ს-ემ.

“ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1999წ. 15 და 19 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის დამტკიცების შესახებ" ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 20 ოქტომბრის ¹244 განკარგულებით დროებით შეჩერდა აუქციონის ¹7 ოქმის §7-ის დამტკიცება, რომელიც ეხებოდა რუსთაველის გამზირზე, ე.წ. ყოფილ “........" ტერიტორიაზე ა. ს-ის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებას იმ მოტივით, რომ აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარეობდა მოლაპარაკება კონკურსში გამარჯვებულთან ობიექტის სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების არანაკლებ 30%-ის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოლაპარაკების შემდეგ ა. ს-ე დათანხმდა მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებს და სრულად გადაიხადა ქონების სახარჯთავრიცხვო ღირებულება. მიუხედავად ამისა, მერიამ 2002წ. 22 აპრილს მიიღო ¹129 განკარგულება, რომლითაც გაუქმდა 1999წ. 19 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის ¹7 ოქმის §7. აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მიწის ნაკვეთს და მერიას არ გააჩნდა მისი განკარგვის უფლება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სწორად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რადგან გასაჩივრებულ განკარგულებაში აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული მიწის ნაკვეთის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ყოფნის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

საქმეზე წარმოდგენილია ქ. ქუთაისის მერიის 1995წ. 13 მაისის განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსთაველის პროსპექტზე არსებულ სამხედრო ნაწილის (ყოფილი ........ შენობა) ტერიტორიაზე აგებული შენობები დიდთოვლობის შედეგად დაინგრა რამდენიმე წლის წინ, დარჩენილი ნანგრევები ქმნიდა ანტისანიტარიას და სთხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ტერიტორია გადაეცა ქ. ქუთაისის მერიისათვის, რადგან თავდაპირველი დანიშნულებით იგი აღარ გამოიყენებოდა.

ასევე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995წ. 19 ივლისის ¹176 წერილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერის თხოვნა და მერიას გადაეცა ქ. ქუთაისში, ......... ქუჩაზე დანგრეული ........ ტერიტორია (ობიექტი 8). სადავო მიწის ნაკვეთის ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე ყოფნის ფაქტს ადასტურებს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს 2001წ. 5.06 ¹217 წერილიც. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ განკარგულებაში აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული სამართლებრივი არგუმენტი უსაფუძვლო იყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მოსაზრებები და მტკიცებულებები კასატორს არ წარმოუდგენია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინება;

3. ქ. ქუთაისის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.