Facebook Twitter

ბს-7-7-კ-04 24 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ომის ინვალიდისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 2 ივლისს ნ. ხ.-მ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისაგან მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა და ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი პენსიის _ 504 ლარის _ ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი დიდი სამამულო ომის მონაწილე იყო, პენსიონერი და ომის მონაწილის პენსიას _ 45 ლარს იღებდა. იგი “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და, ამდენად, მისთვის ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მეორე სახეობის პენსია უნდა დაენიშნათ. აგრეთვე, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ამავე კანონის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი პენსიის _ 504 ლარის _ ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა.

მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი თადარიგში დათხოვნილ ოფიცრებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდებოდა. ხოლო, ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მეორე სახეობის პენსია მხოლოდ ომის მონაწილე ოფიცერთა შემადგენლობას ენიშნებოდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის ფილიალს ნ. ხ.-ის სასარგებლოდ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა და ერთი წლის მიუღებელი პენსიის _ 504 ლარის _ ერთჯერადად გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, საპენსიო უზრუნველყოფას ის ვეტერანები ექვემდებარებოდნენ, რომლებიც დიდი სამამულო ომის მონაწილე ოფიცრები, 75 წელს გადაცილებული პირები იყვნენ და/ან სამამულო ომის ინვალიდობის ჯგუფი ჰქონდათ.

აპელანტი მიუთითებდა, რომ ნ. ხ.-ი ომის მონაწილე პირისათვის დადგენილ ასაკის პენსიას _ 45 ლარს იღებდა, რაც სავსებით კანონიერი იყო, ვინაიდან აღნიშნული პენსიის ოდენობას “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა. ნ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ხ.-ი “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, რადგან იგი ამავე კანონის პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, ანუ ოფიცერი და/ან სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი არ იყო. ამდენად, მასზე ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები ვერ გავრცელდებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ხ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონის პირველი მუხლი, რომელიც ზოგადი ნორმა იყო და არ გამოიყენა ამავე კანონის 50-ე და მე-60 მუხლები, რომლებიც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელ კონკრეტულ ნორმებს წარმოადგენს. აგრეთვე, სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოთ მითითებული მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. ხ.-ი 75 წელს გადაცილებული, 1941-45 ლების დიდი სამამულო ომის მონაწილე პირი იყო და ომის მონაწილის პენსიას _ 45 ლარს იღებდა.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ნ. ხ.-ი არ იყო “სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან ამ კანონის “ა” ქვეპუნქტში ოფიცრებზეა საუბარი, ხოლო “ბ” ქვეპუნქტი იმ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდნენ, კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვ.-ი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენლის დაკარგვის შემთხვევაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ.-ი ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაავრცელა მასზე ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ)უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.

მოსარჩელე ნ. ხ.-ი ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, კერძოდ იგი არ არის არც ოფიცერი და არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.