¹ ბს-787-673-კ-04 9 დეკემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 30 იანვარს ასპინძის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. ლ-მა მოპასუხე ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. 18 დეკემბერს ასპინძის რაიონულმა სასამართლომ განიხილა მოსარჩელე დ. მ-ის სასარჩელო განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა დაბა ასპინძაში, ეგრეთ წოდებული “ძველი ბაზრის სამხრეთით”, მოსარჩელის კუთვნილი 0,21 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთიდან 0,09 ჰა-ს ჩამოჭრასა და მის საკუთრებაში გადაცემას.
ასპინძის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა დ. მ-ის მოთხოვნა, ს. ლ-ს ჩამოაჭრა 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი და აუკრძალა მას ამ ნაკვეთით სარგებლობა. მოსარჩელის აზრით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ასპინძის მიწის რეფორმის კომისიის, 1999წ. 12 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹43 და მის საფუძველზე, 2001წ. 12 ნოემბრის თარიღით შედგენილი მიწის დამაგრების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი და საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი უკანონო იყო და უნდა გაბათილებილიყო, რადგანაც ასპინძის რაიონულ სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, 1961წ. მონაცემებით, მასზე იყო გაფორმებული 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის მართვის დეპარტამენტის ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში არსებული წიგნის მიხედვით, 1974წ. მონაცემებით, მოსარჩელეს აწერია 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ვ. მ-ეს, დ. მ-ის დედას, როგორც კოლწევრს, აწერია 0,25 ჰა.
ს. ლ-ი სასარჩელო განცხადებაში ასევე მიუთითებდა, რომ ასპინძის რაიონის ტექაღრიცხვის არსებული მასალებით დადგენილი იყო, რომ აწ გარდაცვლილ დ. მ-ეზე, დ. მ-ის მამაზე, ირიცხებოდა 1130მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ..., სადაც იმჟამადაც ცხოვრობდა დ. მ-ე.
აღნიშნული საფუძვლების გათვალისწინებით, მოსარჩელემ ითხოვა 1999წ. 12 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹43 აქტის და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, ზემოაღნიშნულ ნაკვეთზე მისი საკუთრების ცნობა. ასევე მოითხოვა მოსამართლე ნ. ნ-ის აცილება, რადგან მას უკვე გამოთქმული ჰქონდა აზრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
ასპინძის რაიონის სასამართლოს 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით მოსამართლე ნ. ნ-ე აცილებულ იქნა საქმის განხილვისგან და საქმე გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა სასამართლოსთვის გადასაცემად.
თბილისის საოლქო სასამართლოდან საქმე განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, რომლის 2002წ. 12 მარტის განჩინებით მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა 15 აპრილამდე, რადგან მტკიცებულებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებდა სასარჩელო განცხადებას, იყო ქსეროასლები და არ იყო დამოწმებული ნოტარიულად.
2002წ. 3 მაისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ასპინძის მიწის მართვის სამმართველომ შეიტანა შესაგებელი სასარჩელო განცხადებაზე, რომლითაც არ ცნო სასარჩელო განცხადება და მიუთითა, რომ მის მიერ რეგისტრაციაში კანონიერად გატარდა სადავო 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი დ. მ-ის საკუთრებაში, რასაც საფუძლად დაედო მიწის მიღება-ჩაბარების ¹43 აქტი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.1 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულნი იქნენ დაბა ასპინძის საკრებულო, ტ. ც-ი და დ. მ-ე.
მესამე პირმა დ. მ-ემ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგანაც, მისი აზრით, სასარჩელო მოთხოვნა იყო უკანონო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის მიწის მართვის სამმართველოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1999წ. 12 აგვისტოს შედგენილი ¹43 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და საჯარო რეესტრში 2001წ. 12 ნოემბრის @¹2225/2001 ჩანაწერი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ. აპელანტმა აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის და საჯარო რეესტრში ჩანაწერის ბათილად ცნობა უკანონოა, რადგან, აპელანტის აზრით, სასამართლომ იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა და არ იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, მან კი გამოიყენა 1971წ. 16 ნოემბერს დამტკიცებული ყოფილი საქართველოს სსრ მიწის კოდექსის მუხლებით, რითაც დაარღვია მიწის მესაკუთრის უფლებები. ასპინძის რაიონის ზონის რეგისტრატორმა, დ. მ-ის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრში, საკუთრების უფლებით, პირველადი რეგისტრაციით დაარეგისტრირა დ. მ-ის კუთვნილი ნაკვეთები, იხელმძღვანელა რა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულებით. აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ჩანაწერების კანონიერად აღიარება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ლ-ის უფლებამონაცვლე ქეთევან ხრიკიძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის რაიონის დაბა ასპინძის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1999წ. 12 აგვისტოს ¹43 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი სადავო 0,09 ჰა მიწის ნაკვეთის დ. მ-ისთვის გადაცემის ნაწილში, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის 2001წ. 12 ნოემბრის ¹2225/2001 ჩანაწერი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტი ბათილად ცნო მთლიანად, რითაც დავის საგანს გასცდა და, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.
პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატამ ჩათვალა, რომ 1998წ. 12 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით სადავო 0,09 ჰა ფართობი ისე დაუმაგრდა დ. მ-ეს, რომ არ ყოფილა მიღებული ს. ლ-ისთვის ამ ფართის ჩამორთმევასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება, ხოლო, რაც შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ დ. მ-ის ოჯახი ს. ლ-თან სიტყვიერი შეთანხმებით წლების მანძილზე ამუშავებდა სადავო მიწის ფართს, სასამართლოს აზრით, არ წარმოშობდა ამ მიწის ფართის მის საკუთრებაში გადაცემის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მიწის რეფორმის კომისიამ სადავო ფართი დ. მ-ეს დაუმაგრა დადგენილი წესის დარღვევით, რაც საჯარო რეესტრის 2001წ. 12 ნოემბრის ¹2225/2001 ჩანაწერის ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატა არასწორად მიიჩნევს კასატორს სადავო მიღება-ჩაბარების 1999წ. 12 აგვისტოს ¹43 აქტის გამცემად და რომ აქტი გაცემული იყო არა ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, არამედ მიწების სარეფორმო კომისიის მიერ, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებშიც მდებარეობდა მიწის ნაკვეთები.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ გაერკვა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა მიწის რეფორმის დაწყებამდე არსებულ მიწების ზონარგაყრილ წიგნს და რა დანიშნულება აქვს საჯარო რეესტრს, სასამართლოს არ შეუმოწმებია, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს დ. მ-ის მსგავსად გადაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთები.
კასატორს არასწორად მიაჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად ჩაუთვალა აწ გარდაცვლილ ს. ლ-ს საკუთრებად 1962 და 1974 წლებში გაცემული ტექაღრიცხვის სამსახურის პასპორტებში ჩახაზული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. კასატორის აზრით, იმდროინდელი კანონი და დღევანდელი კანონმდებლობაც უფლებას არ აძლევდა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს, გაეკეთებინა შენობის ან კომუნიკაციის გარეშე მიწის ნაკვეთის დაგეგმარება და მით უმეტეს ეს ნახაზი ყოფილიყო საკუთრების უფლების მინიჭების საფუძველი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის, ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის _ ზონის რეგისტრატორ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველს წარმოადგენს თემებსა და საკრებულოებში შემავალ კომლთა ყრილობის ოქმები. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ 1998წ. 27 დეკემბრის ოქმს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია სადავო მიღება-ჩაბარების აქტთან და საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ს. ლ-ს სადავო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა და იგი დ. მ-ეს გადაეცა.
საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” 1992წ. 18 იანვრის საქართველოს კანონის მიღებამდე, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე სარგებლობაში გაცემული მიწის ნაკვეთები აღირიცხებოდა ადგილზე არსებულ ზონარგაყრილ წიგნსა და საკომლო ჩანაწერებში. სწორედ აღნიშნული წიგნისა და საკომლო ჩანაწერებით, ასევე ტექაღრიცხვის სამსახურის მონაცემებით, სადავო მიწის ნაკვეთი 1961 წლიდან კანონიერ სარგებლობაში გააჩნდა ს. ლ-ს და ზემოაღნიშნულ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკე მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში ამ უკანასკნელის საკუთრებად გამოცხადდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ გახადა რა სადავოდ ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 1962 წელს ს. ლ-ის ტექპასპორტში შეტანილი მონაცემები მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, აღნიშნული მონაცემები სასარჩელო წესით არ გაუსაჩივრებია და არ მოუთხოვია მათი გაუქმება. შესაბამისად, არ არსებობდა ს. ლ-ის თანხმობის გარეშე სადავო 0,09 ჰა მიწის ნაკვეთის განკარგვის კანონიერი საფუძველი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის _ ზონის რეგისტრატორ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის, ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის _ ზონის რეგისტრატორ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.