Facebook Twitter

ბს-797-682-კ-04 2 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

1992წ. 27 ივნისს ლაგოდეხის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ლაგოდეხის ... ინსტიტუტს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ლაგოდეხში, ... კომპლექსის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა (გარდა მეორე სართულისა) იჯარით (შესყიდვის უფლებით) უვადო სარგებლობაში გადაეცა ინსტიტუტს, სასწავლო-სამეცნიერო სამუშაოების წარმოებისთვის. ინსტიტუტი ვალდებული იყო იჯარით აღებული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაფინანსებაზე, მასვე უნდა უზრუნველეყო შენობის მთლიანი დაცვა და კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდა. გადახდილი თანხა ინსტიტუტს ჩაეთვლებოდა იჯარის ქირაში. ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სხდომის 1993წ. 12 ივლისის ¹122 გადაწყვეტილებით ლაგოდეხის ... ინსტიტუტი გაცვლის წესით განთავსდა ¹... სკოლის ამორტიზებულ შენობაში, რომელიც მიმდებარე ტერიტორიით ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ინსტიტუტს, ხოლო ¹... საშუალო სკოლის შენობაში განთავსებული 10 სხვადასხვა ორგანიზაციას გადაეცა ინსტიტუტის მიერ გარემონტებული ... სამმართველოს შენობა. ¹122 გადაწყვეტილებით ინსტიტუტს ასევე დაევალა ¹... სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აღდგენა. კახეთის რეგიონის კონტროლის პალატის პრეზიდიუმმა ¹... საშუალო სკოლის შენობის ინსტიტუტისათვის გადაცემა უკანონოდ მიიჩნია. კახეთის რეგიონის კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 1997წ. 15 იანვრის ¹1/1 დადგენილების საფუძველზე, ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სხდომის 1997წ. 23 ივნისის ¹72 დადგენილებით გაუქმდა ამავე გამგეობის 1993წ. ¹122 დადგენილება და რაიონის განათლების განყოფილებას დაუბრუნდა ლაგოდეხის ... ინსტიტუტზე გადაცემული ყოფილი ¹... საშუალო სკოლის შენობა.

1998წ. 6 ივლისს ლაგოდეხის ... ინსტიტუტმა სარჩელი აღძრა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში ლაგოდეხის რაიონის გამგეობის, ლაგოდეხის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ინსტიტუტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება:

მოსარჩელის მითითებით, ლაგოდეხის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან 1992წ. 27 ივნისს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ინსტიტუტმა ... კომპლექსის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის დამთავრება-კეთილმოწყობისათვის, 1992-93 წლებში ლაგოდეხის “სოფლმშენკომპლექსს” აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 854465 მანეთი. გარემონტებულ შენობაში ინსტიტუტი მხოლოდ ერთ სასწავლო წელს ფუნქციონირებდა და ლაგოდეხის რაიონის გამგეობამ 1993წ. 12 ივლისის ¹122 გადაწყვეტილებით გარემონტებული ადმინისტრაციული შენობის ნაცვლად, გაცვლის წესით ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ...-ის სახ. ყოფილი ¹... საშუალო სკოლის ამორტიზებული შენობა, რომელიც სასწავლო დაწესებულებისათვის შეუფერებლად იქნა მიჩნეული. სკოლის შენობასაც ინსტიტუტის ხარჯით ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. კახეთის მხარის კონტროლის პალატამ უკანონოდ მიიჩნია სკოლის ამორტიზირებული შენობის ინსტიტუტისათვის ბალანსზე გადაცემა, რის გამოც ლაგოდეხის რაიონის გამგეობამ 1997წ. 23 ივნისის დადგენილებით გააუქმა სკოლის შენობის ინსტიტუტისათვის გადაცემის შესახებ 1993წ. ¹122 გადაწყვეტილება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ლაგოდეხის რაიონის გამგეობა ყოველთვის არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, ლახავდა მათ უფლებებს, რითაც ორივე შენობაზე გაწეული სამშენებლო ხარჯების სახით ინსტიტუტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 200000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა ... კომპლექსის 3-სართულიანი შენობის მშენებლობა-რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დაკისრება, ხოლო ყოფილი ¹1 საშუალო სკოლის შენობაზე, სადაც ამჟამად ფუნქციონირებენ, ინსტიტუტმა თანხმობა განაცხადა მის პრივატიზებაზე, თუ მათ მიერ გაწეული სარემონტო ხარჯებს საპრივატიზებო ღირებულებაში ჩაუთვლიდნენ.

ლაგოდეხის რაიონის სასამართლოს 1999წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით ლაგოდეხის ... ინსტიტუტის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ლაგოდეხის რაიონის გამგეობას დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული სამშენებლო-სარემონტო ხარჯების სახით 200000 ლარის ანაზღაურება ან გაწეული ხარჯების ანგარიშში ყოფილი ¹... საშუალო სკოლის შენობის ინსტიტუტისათვის საკუთრებაში გადაცემა, რაც ზეწესით გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 29 სექტემბრის განჩინებით და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 აპრილის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ლაგოდეხის რაიონის განათლების განყოფილება. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, მიუთითეს, რომ ინსტიტუტს 1992-93 წლებში სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული აქვს 296840 მანეთი, 1993-95 წლებში _ 43826109 კუპონი, ხოლო 1996 წელს _ 1496 ლარი, რაც სულ შეადგენს 25678 ლარს, მაგრამ, მოპასუხეთა აზრით, აღნიშნული თანხა მთლიანად ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ვინაიდან 1992წ. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, სოფლის მეურნეობის სამმართველომ ... კომპლექსის შენობა ინსტიტუტს იჯარით გადასცა. ინსტიტუტი შენობაში 10 თვე ფუნქციონირებდა და საიჯარო ქირის გადასახადი _ 15806 ლარი არ გადაუხდია, რაც უნდა გამოაკლდეს ინსტიტუტის მიერ გაწეულ ხარჯებს და ინსტიტუტს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ 9872 ლარი, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივნისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზა, ინსტიტუტის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების დასადგენად. 2000წ. 10 ივლისის ექსპერტიზის დასკვნას არც ერთი მხარე არ დაეთანხმა, რის გამოც დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2000წ. 10 ოქტომბრის ¹1579/15 დასკვნის მიხედვით, სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ 1992-93 წლებში სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობაზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 50105 ლარი, ხოლო ყოფილი ¹... საშუალო სკოლის, ათლეტური კლუბისა და ახალი სახელოსნოს შენობებზე გაწეულმა ხარჯმა _ 58119 ლარი, რაც ასევე სადავო გახადეს მხარეებმა.

2000წ. 8 ნოემბერს ლაგოდეხის რაიონის განათლების განყოფილებამ შეგებებული სარჩელი აღძრა ინსტიტუტის მიმართ და ქირის _ 30114 ლარის დაკისრება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ინსტიტუტი ყოფილი ¹... საშუალო სკოლის შენობაში 3 წელი იყო განთავსებული. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 მარტის განჩინებით, შეგებებული სარჩელის ნაწილში მხარეებს შორის მიღწეული მორიგება დამტკიცდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინსტიტუტი 2001წ. 1 აგვისტომდე გაათავისუფლებდა სკოლის შენობას, ხოლო განათლების განყოფილება უარს ამბობდა 2001წ. 1 აგვისტომდე გადასახდელი ქირის _ 30114 ლარის, ინსტიტუტის მიმართ მოთხოვნაზე.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით შპს ლაგოდეხის რეგიონალური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი “დ.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ლაგოდეხის რაიონის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 84448 ლარის გადახდა, აქედან, სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობაზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის _ 38547 ლარი, ყოფილი ¹... საშუალო სკოლის შენობაზე _ 45901 ლარი. მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნა, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლაგოდეხის რაიონის გამგეობის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინებით ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

1. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე უდავოდ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე ინსტიტუტმა 1992-98 წლებში მნიშვნელოვანი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ჯერ ლაგოდეხის სოფლის მეურნეობის სამმართველოს, შემდეგ _ ¹... საშუალო სკოლის შენობაზე, რის შედეგადაც ორივე შენობა საუკეთესო მდგომარეობაში იქნა მოყვანილი. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ინსტიტუტმა ორივე შენობაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩაატარა ლაგოდეხის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან 1992წ. 27 ივნისის ხელშეკრულებისა და ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1993წ. 12 ივლისის ¹122 გადაწყვეტილების საფუძველზე. გამგეობის 1997წ. ¹72 დადგენილებით კი გაუქმდა ¹122 გადაწყვეტილება და მოსარჩელეს ჩამოერთვა გაცვლის წესით გადაცემული ყოფილი ¹... საშუალო სკოლის შენობა, რის გამოც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 212-ე, 457-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლოს აზრით, მოსარჩელეს _ ლაგოდეხის რაიონის გამგეობის მიმართ წარმოეშვა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რაც ორივე შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე ხარჯების გაწევაში გამოიხატა;

2. საოლქო სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, რომ ინსტიტუტის მიერ სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობაზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება 50105 ლარს შეადგენდა, ხოლო ¹... საშუალო სკოლის შენობაზე _ 58119 ლარს. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯების გაწევის რეალობა სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 2002წ. 10 იანვრის ¹5 დადგენილებიდან გამომდინარე, სადაც მითითებულია, რომ სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობის სარემონტო-სამუშაოები მარტივი გაანგარიშებით 50000 ლარი დაჯდება. გამგეობამ ასევე დაადასტურა, რომ სამმართველოს შენობისათვის გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ¹... საშუალო სკოლის შენობის გადაცემამდე არსებულ საბალანსო ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინსტიტუტის მიერ ჩამორთმეულ შენობებზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ხარჯების ოდენობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და რაიონულმა სასამართლომ სწორად მოახდინა აპელანტის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის განსაზღვრა;

3. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება 1992წ. 27 ივნისის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობაზე იჯარის ქირის დაკისრების შესახებ, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებდა შენობაზე გაწეული ხარჯების ჩათვლას შენობის გამოსასყიდ ღირებულებაში. კონკრეტულ შემთხვევაში შენობის სანაცვლოდ გამგეობამ ინსტიტუტს ყოფილი სკოლის შენობა გადასცა, რითაც, სასამართლოს აზრით, თავდაპირველ შენობაზე გაწეული ხარჯების იჯარით გადასახდელ ღირებულებაში ჩათვლის ადეკვატური ქმედება განახორციელა ყოველგვარი იჯარის ქირის მოთხოვნის დათქმის გარეშე, რის გამოც ქირის გადახდევინების საკითხის სააპელაციო განხილვის სტადიაზე დასმა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლაგოდეხის რაიონის გამგეობის მიერ, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას:

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 156-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება არსებით პუნქტებზე. ლაგოდეხის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ინსტიტუტს შორის საიჯარო ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდა “სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლები”. სააპელაციო პალატამ, მხარეებს შორის დადებულული იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულება ისე მიიჩნია დადგენილად, რომ არ გამოურკვევია, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება ისეთ არსებით პირობებზე, როგორიცაა ქონების გამოსყიდვის წესი, ვადები, ფასი და ა.შ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ¹... საშუალო სკოლის შენობის ინსტიტუტისთვის გადაცემა მოხდა, ლაგოდეხის რაიონის გამგეობის ¹123 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის შენობაზე გაწეული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საკომპენსაციოდ, რაც ასევე არასწორია და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ ინსტიტუტმა 1992-98 წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულდა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საიჯარო თანხის ანგარიშში, რომ ინსტიტუტი დღესაც სარგებლობს ¹... საშუალო სკოლის შენობით და იჯარის თანხა არასდროს გადაუხდია. კასატორის აზრით, სასამართლო ასევე არასწორად დაეყრდნო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც გაწეული სამუშაოების ღირებულება გადაიანგარიშა 1995წ. ¹476-გ განკარგულების შესაბამისად.

ლაგოდეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ქონების მართვის ლაგოდეხის რაიონის სამმართველოსა და განათლების განყოფილების წარმომადგენლებმა, მოითხოვეს მისი დაკმაყოფლება და არსებითად განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნება. საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს შპს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრ “დ.-ის” წარმომადგენლებმა, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სსკ-ის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ შესთავაზა მხარეებს მორიგება, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მხარეები ვერ მორიგდნენ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლაგოდეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი “დ.-ი” 1998წ. 6 ივლისს ლაგოდეხის რაიონის გამგეობისა და სახელმწიფო ქონების მართვის ლაგოდეხის რაიონის სამმართველოს მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვდა 1992 წლიდან ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ¹... საშუალო სკოლის შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების, მიყენებული ზიანის სახით, ანაზღაურებას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილებითა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინებით და ლაგოდეხის რაიონის გამგეობას შპს “დ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ანაზღაურება 84448 ლარის ოდენობით, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

სასამართლოთა გადაწყვეტილებებით კასატორს დაეკისრა შპს “დ.-ის” სასარგებლოდ ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობაზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ანაზღაურება 38547 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ შპს “დ.-ი” (იგივე ინსტიტუტი) ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობაში განთავსებული იყო 1992-93 წლებში და შესაბამისად, ის სარემონტო სამუშაოებიც, რომლის კომპენსაციასაც ითხოვს ინსტიტუტი, განხორციელებულია ამ პერიოდში, ანუ 1992-93 წლებში. ინსტიტუტმა სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობა დატოვა ¹... საშუალო სკოლის შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით, რაც ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1993წ. 12 ივლისის ¹122 გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თვით ინსტიტუტის წარმომადგენლის განმარტებით, ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობის დატოვებისას ინსტიტუტს არ გამოუთქვამს პრეტენზია და არ მოუთხოვია შენობის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მიყენებული ზიანის სახით 1992-93 წლებში გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელი ინსტიტუტმა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში აღძრა 1998წ. 6 ივლისს, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც სასამართლოების მიერ, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე და არ გაურკვევია, იყო თუ არა დაცული 1992-93 წლებში ჩატარებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ანაზღაურების შესახებ სარჩელის აღძვრისას იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია 1993 წლიდან ¹... საშუალო სკოლის სამშენებლო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ხანდაზმულობაზეც და ამ ნაწილშიც ისე დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა და ლაგოდეხის რაიონის გამგეობას ინსტიტუტის სასარგებლოდ დააკისრა 45901 ლარის ანაზღაურება. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას უნდა იმსჯელოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე, რადგან იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გადაცილებით სარჩელის წარდგენა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ინსტიტუტს შორის 1992წ. 27 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ინსტიტუტი ვალდებული იყო, მონაწილეობა მიეღო იჯარით აღებული შენობის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება-შესრულებაში და გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა საიჯარო ქირის ღირებულებაში. ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1993წ. 12 ივლისის ¹122 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, ინსტიტუტი ასევე ვალდებული იყო ¹... საშუალო სკოლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენასა და კეთილმოწყობაზე.

1992-93 წლებში მოქმედი “სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების” 9.2 მუხლის მიხედვით, თუ იჯარის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოიჯარის საკუთრებას წარმოადგენს მის მიერ წარმოებული დაიჯარებული ქონების გამოსაყოფი გაუმჯობესებანი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოიჯარემ საკუთარი სახსრების ხარჯზე და მეიჯარის ნებართვით აწარმოვა გაუმჯობესებანი, რომელთა გამოყოფა ვერ მოხერხდება იჯარით აღებული ქონების უვნებლად (შენობის რეკონსტრუქცია), მას უფლება აქვს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ აინაზღაუროს ამ გაუმჯობესებათა ღირებულება, რამდენადაც სხვა რამ არ ყოფილა გათვალისწინებული ხელშეკრულებით. განუყოფელ გაუმჯობესებათა ღირებულება, რომლებიც მოიჯარემ აწარმოვა მეიჯარის დაუკითხავად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამდენად, იჯარის კანონმდებლობის საფუძვლებით მოიჯარის საკუთრებაა მეიჯარის თანხმობით განხორციელებული გაუმჯობესებანი, რომელთა გამოყოფა საიჯარო ქონების უვნებლად ვერ მოხერხდებოდა და მოიჯარეს აქვს ამ გაუმჯობესებათა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, მაგრამ მეიჯარის დაუკითხავად შესრულებული გაუმჯობესების კომპენსაცია, ზემოაღნიშნული საფუძვლების მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. 1994წ. “იჯარის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმადაც არ ანაზღაურდებოდა იმ განუყოფელ გაუმჯობესებათა ღირებულება, რომელიც მოიჯარემ მეიჯარის უნებართვოდ მოახდინა.

ვინაიდან განხილული დავის საგანს წარმოადგენს სწორედ მოიჯარე ინსტიტუტის მიერ საიჯარო ქონების (სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ¹... საშუალო სკოლის შენობების) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების, ანუ განუყოფელ გაუმჯობესებათა ღირებულების ზიანის სახით ანაზღაურება, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მოიჯარე ინსტიტუტის მიერ დაცული კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნა და სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, ასევე, მისი ხარჯთაღრიცხვა შეთანხმებული მეიჯარესთან. რადგან საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, საკასაციო პალატას საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროდ მიაჩნია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, ლაგოდეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლაგოდეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.