Facebook Twitter

ბს-802-686-კ-04 5 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 14 ივნისს გ. და მ. პ.-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახმეტის რაიონული სასამრათლოს მოპასუხეების: ახმეტის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიისა და ახმეტის რაიონის გამგეობის მიმართ ახმეტის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2003წ. 4 ივნისის ¹153 საოქმო გადაწყვეტილების და ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 17 ივნისის ¹28 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეები სარჩელში აღნიშნავენ, რომ 1997წ. 3 თებერვალს ახმეტის რაიონის გამგეობის ¹136 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე გ. პ.-თან და მის მამასთან, აწ გარდაცვლილ ლ. პ.-თან დადებული იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწის ჯარის ხელშეკრულებები 9 წლის ვადით, შესაბამისად, გ. პ.-ზე გაიჯარებული იქნა 2,0 ჰა სახნავი და 6,0 ჰა ვენახი, ხოლო რ. პ.-ზე 4,0 ჰექტარი ვენახი.

ახმეტის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2003წ. 4 ივნისის ¹153 საოქმო გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა ზემოაღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებები იმ მოტივით, რომ მოიჯარის _ ე. პ.-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა იჯარის უფლების გაყიდვისა და მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე საიჯარო ფართობის ქვეიჯარით გადაცემას სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე საიჯარო ფართობიდან 0,55 ჰა ვენახის ამოძირკვას, საიჯარო ქირის გადაუხდელობას. საიჯარო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცებული იქნა ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 17 ივნისის ¹28 დადგენილებით.

მოსარჩელეები არ ეთანხმებოდნენ აღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტებს და განმარტავდნენ, რომ ა. ჩ.-თან გ. პ.-ის იჯარის უფლება არ გაუყიდია. გ. პ.-მა ა. ჩ.-ს გადაახდევინა მხოლოდ საიჯარო მიწის ფართობის დამუშავებასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული ხარჯების ღირებულება _ 3500 აშშ დოლარი და საიჯარო ქირა _ 360 ლარი.

მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ ადგილი არ ჰქონია მოიჯარეებს საიჯარო ფართობზე 0,55 ჰა ვენახი არ ამოუძირკვავთ, პირიქით, მიმდინარე წელში ჩატარებული აზომვების შედეგად გამოირკვა, რომ მეიჯარემ მოიჯარე მოატყუა და 1997წ. დასაწყისშივე ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 ჰა საიჯარო მიწის ფართობისა, ფაქტობრივად გადასცა 11.17 ჰა მიწა და მოიჯარე 6 წლის განმავლობაში იხდიდა ზედმეტ საიჯარო ქირას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ ახმეტის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2003წ. 4 ივნისის ¹153 საოქმო გადაწყვეტილებისა და ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 17 ივნისის ¹28 დადგენილების ბათილად ცნობას საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში.

მოპასუხეებმა _ ახმეტის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემა კომისიამ და ახმეტის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გ. პ.-ის მიერ დარღვეულია საიჯარო ხელშეკრულების პირობები, რაც მეიჯარეს აძლევს უფლებას, ცალმხრივად ვადამდე ადრე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. და მ. პ.-ების სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა;

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ გ. პ.-მა მეიჯარის თანხმობის გარეშე მართლაც გასცა საიჯარო ფართი ქვეიჯარით, საიჯარო ფართი არადანიშნულებისამებრ გამოიყენა და საიჯარო ქირის გადახდის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა, რაც სკ-ის 587-ე, 558-ე, 563-ე მუხლების შესაბამისად, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და მ. პ.-ებმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდნენ, რომ მათ გამგებლობაში არსებული ფართი არასოდეს არ გაუციათ ქვეიჯარით გადაწყვეტილებაში მითითებულ ფიზიკურ პირებზე, რაც დასტურდება როგორც მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, ასევე იმით, რომ არ არსებობს ქვეიჯარის ხელშეკრულებები.

აპელანტები, ასევე, უარყოფდნენ ა. ჩ.-ისათვის ქვეიჯარით ვენახის გადაცემას.

საიჯარო ქირის გადაუხდელობასთან დაკავშირებით აპელანტები განმარტავდნენ, რომ საქმეში წარმოდგენილი ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის განჩინებით, უდავოდ დასტურდება, რომ ამ თარიღისათვის მოსარჩელეს საიჯარო ქირის გადახდის თვალსაზრისით ანგარიში გასწორებული აქვს სახელმწიფოსთან. ამასთან, 2002წ. მოსავალი აიღო ა. ჩ.-მ და 2002წ. საიჯარო ქირაც _ 30 ლარი მან გადაიხადა, ხოლო რაც შეეხება 2003წ. 15 აგვისტოს შემდეგ, ვინაიდან ამ ვადაზე ადრე გააუქმა მეიჯარემ საიჯარო ხელშეკრულება, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მღებამდე მოსარჩელეები ვერ გადაიხდიდნენ 2003წ. საიჯარო ქირას. საიჯარო ფართის არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებით, აპელანტები განმარტავდნენ, რომ ვენახის ამოძირკვა მოხდა პ.-ების მიერ მიწის იჯარით აღებამდე.

აღნიშნულიდან გამოდინარე, აპელანტები ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. და მ. პ.-ების სააპელაციო საჩივარი დკმაყოფილდა ნაწილობრივ; ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. და მ. პ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოიჯარე რ. პ.-ი გარდაიცვალა 1998 წელს, ხოლი მის მემკვიდრეებს _ გ. და მ. პ.-ებს მოიჯარის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში არ განუცხადებიათ მეიჯარისათვის საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე, რაც, სკ-ის 590-ე მუხლის შესაბამისად, უფლებას ალევს მეიჯარეს მოშალოს საიჯარო ურთიერთობა.

რ. პ.-ის გარდაცვალების შემდეგ მასზე გაიჯარებული 4,0 ჰა ვენახში, თავის სარგებლობაში არსებული 6,0 ჰა ვენახსა და 2,0 ჰა სახნავში საიჯარო საქმიანობას ეწეოდნენ მოსარჩელეები, რომელთა საიჯარო ობიექტის მდგომარეობა გააუარესეს, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 ჰა ვენახიდან ამოძირკვულია 1,38 ჰა, რომლიდანაც 0,55 ჰა არის სახნავად ქცეული, 0,21 ჰა არის გზა, ხოლო დარჩენილი 0,62 ჰა გაბუჩქნარებულია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე ზემოხსენებული მოქმედება მოიჯარემ დაარღვია საიჯარო ხელშეკრულების პირობით და სკ-ის 595-ე მუხლის მოთხოვნები, რაც უფლებას აძლევს მეიჯარეს, ცალმხრივად, ვადამდე მოშალოს საიჯარო ხელშეკრულება. სააპელაციო პალატის მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ საიჯარო ფართობიდან ვენახის ამოძირკვულია საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე, აღნიშნული არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოიჯარე გ. პ.-ის მიერ მესამე პირისათვის ა. ჩ.-ისათვის, საიჯარო ობიექტის გადაცემის სანაცვლოდ, საზღაურის აღება სამართლებრივი კვალიფიკაციით წარმოადგენს ქვეიჯარას, რისი განხორციელებაც მოიჯარის მიერ მეიჯარის თანხმობის გარეშე მეიჯარეს აძლევს უფლებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სკ-ის 587-ე მუხლის შესაბამისად.

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დადასტურებულია მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების დარღვევა, სკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის “ა” პუნქტის, ასევე, მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1.3 პუნქტისა, რაც მეიჯარიეს აძლევდა საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადამდე შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს.

მითითებული გადაწყვეტილება გ. და მ. პ.-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორები საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითებდნენ შემდეგ გარემოებებზე:

სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება ხელშეკრულების შესაბამისად დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოიჯარე დანიშნულებისამებრ არ იყენებს იჯარის ობიექტს და არღვევს ხელშეკრულების პირობებს;

ბ) განზრახ ან დაუდევრობით აუარესებს იჯარის ობიექტის მდგომარეობას;

გ) არ იხდის იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში;

დ) არ შეაკეთებს იჯარის ობიექტს ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესითა და პირობების შესაბამისად:

კასატორები განმარტავდნენ, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას მიწის ქვეიჯარით გაცემის შემთხვევაში არ ითვალისწინებს, თუმცა, მათი მოსაზრებით, თავისთავად არც ქვეიჯარით გაცემის ფაქტი დასტურდება, ხოლო რაც შეეხება მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიჩნეულ უნდა იქნეს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, გაუქმდეს და ახალი გალაწყვეტილებით უნდა დაკმაყოფილდეს მათი სარჩელი.

მოწინააღმდეგე მხარის ახმეტის რაიონის გამგეობის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც მხარემ განმარტა, რომ რიგი გარემოებების გამოკვლევის მიზნით საჭიროდ მიაჩნდა საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდ ადაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1997წ. 3 თებერვალს მეიჯარე ახმეტის რაიონის გამგეობის მიერ რ. პ.-ზე 9 წლის ვადით იჯარით გაიცა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი სოფ. ... საკრებულოდან 4,0 ჰა ვენახის სახით.

იმავე წლის 3 თებერვალს 9 წლის ვადით რ. პ.-ის ვაჟზე – გ. პ.-ზე გაცემულ იქნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 6,0 ჰა ვენახისა და 2,0 ჰა სახნავის სახით.

დადგენილია, რომ 1998 წლიდან მოიჯარე რ. პ.-ზე იჯარით გაცემულ 4,0 ჰა-ზე საიჯარო საქმიანობას ეწეოდნენ კასატორები – გ. პ.-ი და მ. პ.-ი, როგორც რ. პ.-ის მემკვიდრეები.

ახმეტის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის მსურველთა განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომის 04.06.03 წლის ¹153 საოქმო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გ. პ.-ს 6 ჰა ვენახი და 2 ჰა სახნავი, ასევე, აწ გარდაცვლილ რ. პ.-ის სახელზე რიცხული 4,0 მეიჯარის თანხმობის გარეშე გაცემული ჰქონდა ქვეიჯარით, გაყიდული ჰქონდა იჯარის უფლება, ამოძირკვული იყო 0,55 ჰა ვენახი, რომელსაც იყენებდა სახნავად და გააჩნდა საიჯარო დავალიანება 247 ლარის ოდენობით, მითითებულის საფუძველზე ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 17 ივნისის ¹28 დადგენილებით გაუქმდა ორივე ზემოაღნიშნული ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მითითებული საფუძვლების არარსებობისა და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევისა და იჯარით გაცემული ნაკვეთის გასხვისების დაუდასტურებლობის თაობაზე. კასატორები, მართალია, აღნიშნულთან დაკავშირებით სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ ვერ უთითებენ შესაბამის მტკიცებულებებზე, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, კასაცია მიიჩნიოს დაუსაბუთებლად. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია გ. პ.-ის ხელწერილი გაცემული ვინმე ჩ.-ის სახელზე, რაც ადასტურებს იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტს. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სკ-ის 587-ე მუხლზე მითითებას და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის 1 ნაწილის შესაბამისადბ მოიჯარეს არა აქვს მეიჯარის თანხმობის გარეშე ქვეიჯარის უფლება. იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გასხვისებით, მოიჯარის მხრიდან დარღვეულია არა მხოლოდ სკ-ის მითითებული ნორმა, არამედ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 3.1.12 მუხლის დებულებაც, რომელიც მიწის ნაკვეთის გადაცემას იჯარის ვადით ითვალისწინებს მხოლოდ მეუღლესა და სრულწლოვან შვილებზე.

შესაბამისად, კასატორთა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთის სხვა პირებზე გადაცემის ფაქტი არ დასტურდება, უსაფუძვლოა და არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლოს მხრიდან, ასევე, გაზიარებული ვერ იქნება ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მომართვა საქართველოს უზენაესი სასამართლოსადმი, რომელშიც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ ვენახის ამოძირკვის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი გამგეობაში არ მოიძიება, რა მოტივითაც ითხოვს საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას და რაზეც კასატორები ფაქტობრივად ამყარებენ თავიანთ საკასაციო პრეტენზიას.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ აქტს, რომელსაც ხელს აწერენ ახმეტის რ-ნის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმარვთელოს უფროსის მოადგილე ა. ყ.-ი, მთ. აგრონომი მ. ბ.-ი და ტექზედამხედველობის ინსპექტორი უ.ნათელაური, მითითებული აქტის საფუძველზე დასტურდება, რომ გ.პ.-ს შემოწმების დღისათვის ამოძირკული ჰქონდა 1,18 ჰა ვენახი, რომელსაც იყენებდა სახნავად. მითითებული აქტი ხელმოწერილია ყველა ზემოაღნიშნული პირის მიერ. შესაბამისად, მითითება იმის თაობაზე, რომ მსგავსი აქტი არ არსებობს და იჯარით აღებული მიწის გაუარესების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ ემყარება საქმის მასალებს და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული აქტის სიყალბეზე ხაზგასმას, საკასაციო სასამართლო განუმარტავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აქტის სიყალბე დადასტურებული უნდა იყოს კანონით განსაზღვრული წესით.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, როგორც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის, სრულიად გაურკვეველ და სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელ პოზიციაზე. გაუგებარია, მითითებული განცხადების საფუძველზე რა სამართლებრივ მიზანს ისახავს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი. აღნიშნული განცხადებით იგი არ ცნობს სარჩელს ან საკასაციო საჩივარს, რაც შესაძლოა ქცეულიყო სასამართლო მსჯელობის საგნად, ხოლო, რაც შეეხება მის მოთხოვნას – საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, მითითებული წარმოადგენს კასაციის საფუძველს, რომელზეც მხარეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის და რისი წარმოდგენაც, იმის გათვალისწინებით, რომ გამგეობის წინააღმდეგ მიმართული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ემსახურება საქმის გაჭიანურებას, არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ მოტივებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე, თვლის, რომ გამგებლის მოვალეობის შესრულებლის მოთხოვნა საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე კანონშეუსაბამოა.

ზემოაღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხარეთა შორის გაფორმებულ სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებაზე მითითებას და აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების 4.1.3. პუნქტის შესაბამისად, იჯარის ობიექტის მდგომარეობის განზრახ ან დაუდევრობით გაუარესება და\ან იჯარის ობიექტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება მეიჯარეს ანიჭებს უფლებას იჯარის ვადის გასვლამდე შეწყვეტის იჯარის ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ვენახის ამოძირკვა და გამოთავისუფლებული მიწის სახნავად გამოყენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებული ვერ იქნებოდა მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულების რომელიმე სხვა პუნქტის დარღვევის ფაქტი, გამგეობას ანიჭებდა სრულ სამართლებრივ შესაძლებლობასა და უფლებას, ხელშეკრულება შეეწყვიტა ცალმხრივად.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორებს და თვლის, რომ დადგენილებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული არ არის კასატორთა მხრიდან სკ-ის მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე, რის გამოც აღნიშნული არ უნდა დაედოს საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია და მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. და მ. პ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაპციო პალატის 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება;

3. გ. და მ. პ.-ებს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით სოლიდარულად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.