ბს-812-694-კ-04 4 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ქ. ჯვარის საკრებულოს 2003წ. 3 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ჯვარის საკრებულომ 2003წ. 3 აპრილის დადგენილებით ჯვარის გამგებელ ბ. შ-ს გამოუცხადა უნდობლობა და გამგებლის მოვალეობის შესრულება დაეკისრა გამგებლის ... ჯ. ი-ს.
2003წ. 10 აპრილს ბ. შ-მ სასარჩელო განცხადება შეიტანა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში ჯვარის საკრებულოს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ჯვარის საკრებულოს ზემოაღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობა:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ჯვარის საკრებულომ 2003წ. 3 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება სამსახურებრივ საქმიანობაში არსებული ხარვეზების საფუძველზე ჯვარის გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საკრებულო გასცდა თავის კომპეტენციის ფარგლებს და აღნიშნული დადგენილება მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კანონსაწინააღმდეგოა. მოსარჩელის აზრით, თუკი გამგებლის ქმედებაში მოიპოვება სისხლის სამართლის კანონით დასჯადი დანაშაულის ნიშნები, საკრებულო უფლებამოსილი იყო საკითხი დაესვა იმ უწყებათა წინაშე, რომლებსაც სამსახურებრივად ევალებოდათ მოცემული კატეგორიის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, ხოლო თუ გამგებლის ქმედებაში მოიპოვება დანაშაულის ნიშნები, აღნიშნული უწყება უფლებამოსილია, დააყენოს საკითხი გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის” შესახებ ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქალაქის გამგებელი ან იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით _ პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. შ-მ მიიჩნია, რომ საკრებულოს არ გააჩნია გამგებლის თანამდებობიდან მისი გადაყენების იურიდიული საფუძველი, ვინაიდან ის არჩეულია არჩევნების გზით და საკრებულოს მიერ არ არის დანიშნული.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხეები, ჯვარის საკრებულოს წევრები: ვ. მ-ა, გ. ქ-ა, ა. მ-ა, გ. ფ-ა და სხვანი შეიცვალნენ სათანადო მოპასუხით _ ქ. ჯვარის საკრებულოთი, ხოლო ზემოაღნიშნული საკრებულოს წევრები ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ჯვარის საკრებულოს 2003წ. 3 აპრილის დადგენილება, რაც გასაჩივრდა მესამე პირების მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მაისის განჩინებით მესამე პირების: ვ. მ-ს, გ. ფ-სა და გ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2003წ. 7 მარტს საკრებულოს 5 წევრმა _ ვ. მ-მ, გ. ქ-მ, ა. მ-მ, გ. ფ-მ და დ-მა მოითხოვეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება ბ. შ-ს სამსახურებრივი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 2003წ. 3 აპრილს. ქ. ჯვარის საკრებულო შედგებოდა 7 წევრისაგან, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა 5 წევრმა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევისას დაცულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 მოთხოვნით.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ ქ. ჯვარის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 5000-ს და დაახლოებით არის 6000-მდე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ჯვარის საკრებულოს უნდა ეხელმძღვანელა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის” შესახებ ორგანულო კანონის მე-13 მუხლის არა მე-3 პუნქტით, არამედ მე-4 პუნქტით, რომლის მიხედვით, ქალაქის, რომლის ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, საკრებულო უფლებამოსილია, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას საკითხი გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ამ ნორმიდან გამომდინარე, გამგებელს უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ შეუწყდება, თუ პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯვარის საკრებულოს ზემოხსენებული მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გამგებლის უნდობლობის საფუძვლად შეეძლო მიეთითებინა “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინურ გადაცდომაზე, მაგრამ ამ საფუძვლით ჯვარის საკრებულოს უნდა დაესვა საკითხი საქართველოს პრეზიდენტის წინაშე გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. თავად საკრებულოს კი არ ჰქონდა უფლება, გადაეყენებინა გამგებელი და უფლებამოსილება დაეკისრებინა მისი პირველი ...ისთვის.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ჯვარის გამგებელი არ წარმოადგენს ჯვარის საკრებულოს წევრს. იგი არჩეულია ჯვარის მოსახლეობის მიერ საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, ამიტომ მისი გადაყენების უფლება ჯვარის საკრებულოს არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ქ. ჯვარის საკრებულო გასცდა თავის კომპეტენციას, რადგან საკრებულოს შეეძლო მხოლოდ საკითხი დაესვა პრეზიდენტის წინაშე და მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, ხალხის მიერ არჩეული გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა: ვ. მ-მ, გ. ქ-მ, გ. ფ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ბ. შ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს ერთადერთ არგუმენტად მოყვანილი აქვს ის გარემოება, რომ ჯვარის ამომრჩეველთა რაოდენობა, რადგან აღემატებოდა 5000 ამომრჩეველს, ამიტომ საკრებულოს გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა შეეთანხმებინა პრეზიდენტთან. კასატორების აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პრეზიდენტთან ისეთი ქალაქის გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც რაიონულ დაქვემდებარებაში არ არის და, ამასთანავე, ამომრჩეველთა რაოდენობაც 5000-ზე მეტია. კასატორების განმარტებით კი ქალაქი ჯვარი არის წალენჯიხის რ-ის დაქვემდებარებაში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრება, რომ საკრებულო გასცდა თავის კომპეტენციას, არასწორია.
მიუხედავად დადგენილი წესით კასატორების უზენაეს სასამართლოში არაერთი მოწვევისა, ისინი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომებზე, ამიტომ საკასაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის, ბ. შ-ს, თანხმობით განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე, თანახმად სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ქ. ჯვარის საკრებულოს 2003წ. 3 აპრილის დადგენილება “ქ. ჯვარის გამგებლის სამსახურებრივ საქმიანობაში არსებული დარღვევების შესახებ”, რომლითაც “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქ. ჯვარის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუწყვიტა ქ. ჯვარის გამგებელ ბ. შ-ს და გამგებლის მოვალეობის შესრულება დააკისრა გამგებლის პირველ ...ე ჯ. ი-ს. წალენჯიხის რ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით დასტურდება, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ. ჯვარის გამგებელი ბ. შ-ა პირდაპირი არჩევნების გზით მოსახლეობისაგან არჩეულია ქ. ჯვარის გამგებლად 2002წ. 16 ივნისს. საარჩევნო კოდექსის მითითებული 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: “ქალაქში, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია და ქალაქში, რომელშიც არ შედის რაიონი შემადგენლობაში, გარდა თბილისისა და ფოთისა, გამგებელი, მ. აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ჯვარის გამგებელი ბ. შ-ა არჩეულია მოსახლეობის მიერ, იგი არ არის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, საკრებულოს შემადგენლობიდან დანიშნული გამგებელი და რომ ქ. ჯვარში ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია.
“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ან გამგეობისათვის უნდობლობის გამოცხადება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის იმპერატიული მითითების მიხედვით: “იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რ-ის შემადგენლობაში და ქალაქის, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას ქალაქის მერის (გამგებლის) უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი”. ამდენად, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონი მკვეთრად მიჯნავს გამგებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხში საკრებულოს კომპეტენციას. ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ ქ. ჯვარში არის 5000-ზე მეტი ამომრჩეველი და ქალაქის გამგებელი “საარჩევნო კოდექსის” 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე იყო არჩეული პირდაპირი საარჩევნო უფლებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომ ქ. ჯვარის საკრებულოს გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე უნდა დაესვა გამგებელ ბ. შ-ს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მას არ ჰქონდა გამგებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში ქ. ჯვარის საკრებულო გასცდა ორგანული კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ კომპეტენციის ფარგლებს და ნაცვლად პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასმისა, უფლებამოსილების გადამეტებით თავად მიიღო გადაწყვეტილება ქ. ჯვარის გამგებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ამიტომ ქ. ჯვარის საკრებულოს 2003წ. 3 აპრილის დადგენილება ქ. ჯვარის გამგებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილში ბათილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 მაისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ჯვარის საკრებულოს 2003წ. 3 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ და არ არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. მ-ს, გ. ქ-ს, გ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მაისის განჩინება;
3. კასატორებს საკასაციო საჩივარზე სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის, 30 ლარის, გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.