ბს-813-695-კ-04 27 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ქონების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 23 დეკემბერს ო. ნ. ზ-ებმა და თ. ლ-ამ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, ინდივიდუალური მეწარმე “ო. ლ.” და შპს “თ. ხ.” მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1921წ. 24 ივნისს მოსარჩელეთა ბაბუა ე. ზვიადაძემ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ქუთაისში, ... მდებარე შენობა.
მოსარჩელეთა განმარტებით, ე. ზ-ე აღნიშნულ შენობას წლების განმავლობაში ფლობდა საკუთრების უფლებით, რასაც ადასტურებდა ქ. ქუთაისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატთა საბჭოს კომუნალური მეურნეობის განყოფილების 1935წ. 21 მაისის ¹უ-3-1290 ცნობა და თბილისის ქალაქის ბანკის 1926-1927 წლებში ე. ზ-ისთვის გაგზავნილი წერილები მემკვიდრეთა დავალებების ანგარიშში გადასახდელების გადახდის შესახებ.
მოსარჩელეთა განმარტებით, საბჭოთა ხელისუფლების დროს ე. ზ-ეს აღნიშნული შენობა ჩამოერთვა. სარჩელის აღძვრის დროს სადავო შენობის სარდაფი და პირველი სართული საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ მოსარჩელეებს, ხოლო მეორე სართული კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში იყო და ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ იჯარით გადასცა ინდივიდუალურ მეწარმე “ო. ლ.” და შპს “თ. ხ.”.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ, არაერთი ნორმატიული აქტი გამოიცა, რის საფუძველზეც კანონიერმა მემკვიდრეებმა დაიბრუნეს სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული საკუთრება, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსმა აღიარა საკუთრების უფლება. აღნიშნული კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერ ან სხვაგვარ, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ხოლო, ვინაიდან მოსარჩელეები წარმოადგენდნენ სადავო ქონების კანონიერ მესაკუთრეებს და სახელმწიფოს მიერ ქონება გასხვისებული ჯერ არ იყო, სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე, მათ, როგორც მესაკუთრეებს, შეეძლოთ მფლობელისთვის ნივთის უკან დაბრუნება მოეთხოვათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს ქუთაისში, ... მდებარე შენობის მეორე სართულის საკუთრების უფლებით მათთვის მიკუთვნება, შპს “თ. ხ.” და ინდივიდუალურ მეწარმე “ო. ლ.” გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმება და სადავო ფართიდან მათი გამოსახლება.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, სადავო ფართი 1940 წლიდან ირიცხებოდა საბინაო სამმართველოს სახელზე და წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან სადავო ქონება არ შედიოდა გარდაცვლილი ე. ზ-ის სამკვიდრო ქონებაში, ამ ქონებაზე მოსარჩელეების მემკვიდრეობის უფლება ვერ გავრცელდებოდა.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ სიცოცხლეში ე. ზ-ეს არ უდავია აღნიშნული ფართის საკუთრების თაობაზე და ამიტომ მას სადავოდ ვერ გახდიდნენ მისი მემკვიდრეები. ამასთან, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ არავითარი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ისინი წარმოადგენდნენ ე. ზ-ის მემკვიდრეებს და როგორც მემკვიდრეებს, ჰქონდათ დავის უფლება.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენდა ათ წელს. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ნ. ზ-ებისა და თ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. ნ. ზ-ებმა და თ. ლ-მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინებით ო. ნ. ზ-ებისა და თ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. ნ. ზ-ებმა და თ. ლ-ამ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული განჩინება იყო უკანონო, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი სადავო ქონების დაბრუნებას მოითხოვდნენ, როგორც ე. ზ-ის მემკვიდრეები. ამასთან, ისინი უკვე ფლობდნენ საკუთრების უფლებით ე. ზ-ის ქონების ნაწილს, კერძოდ, აღნიშნული შენობის პირველ სართულსა და სარდაფს, ხოლო, ვინაიდან სადავო ფართი ჯერ პრივატიზებული არ იყო, იგი ირიცხებოდა სახელმწიფო ორგანიზაციის ბალანსზე.
კასატორთა განმარტებით, სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა 1992წ. სკ-ის 44-ე და 45-ე მუხლები, ხოლო რაიონულმა სასამართლომ 1964წ. რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც კასატორთა განმარტებით, დაირღვა სსკ-ის 394-ე მუხლი.
კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 128-ე მუხლი, რომელიც ხანდაზმულობის ათწლიან ვადას ითვალისწინებდა და 130-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
კასატორებმა უკანონოდ მიიჩნიეს სასამართლოს მიერ უფლების დარღვევის დროდ 1930 წელზე მითითება, ვინაიდან მათი მოთხოვნა ეფუძნებოდა მემკვიდრეობით მისაღები ქონების დაბრუნებას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის შესაბამის მუხლებს. მათი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება კი მოხდა 2000წ. 27 დეკემბერს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 1940 წელს სადავო ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის ფაქტი. ამასთან, დადგინდა ე. ზ-ის დანაშთი ქონებიდან, სახლის 4/25 ნაწილზე მემკვიდრეებად თანაბარ წილში მეუღლე მ. ზ-ის და შვილების _ დავით, კ. და გ. ზ-ების არსებობა. ამდენად, კასატორთა განმარტებით, თუკი მემკვიდრეობა დადგინდა, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა, იყვნენ თუ არა მოსარჩელეები კანონიერი მემკვიდრეები და იყვნენ თუ არა უფლებამოსილი, ედავათ თავიანთი უფლებების აღდგენაზე. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ კ. ზ-ე, ისევე როგორც ე. ზ-ე, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი იყო და ქონების ჩამორთმევა მოხდა სწორედ ამ საფუძველზე.
კასატორებმა უკანონოდ მიიჩნიეს, სასამართლოს მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად ხანდაზმულობაზე მითითება მაშინ, როდესაც მათი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა არა საკუთრების უფლების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნიდან, არამედ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მემკვიდრეობის წესების საფუძველზე ქონების მოთხოვნისა და “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორებს არ წარმოუდგენიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ფართი 1940 წლიდან აღრიცხულია საბინაო სამმართველოს სახელზე, ანუ იმ დროიდან აღნიშნული ფართი საკუთრების უფლებით აღარ ეკუთვნოდა ე. ზ-ეს, რომელიც გარდაიცვალა 1957წ. 28 ივნისს. მისი გარდაცვალების დროს სადავო ფართი არ შედიოდა სამკვიდრო ქონებაში. 1940 წლიდან 1957წ. 28 ივნისამდე ე. ზ-ეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს, სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული ფართის საკუთრების საკითხი, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ.) უკვე ითვალისწინებდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს 1922წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 44-ე და 45-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებდა სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას და სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას სარჩელის აღძვრის უფლების წარმოშობის დროიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 128-ე და 130-ე მუხლები და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გამოიყენა ზემოაღნიშნული მუხლები და სწორად გამოიყენა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების განმარტებას, რომ, რადგანაც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ქონების იძულებით ჩამორთმევა მიიჩნევა პოლიტიკურ რეპრესიად, ამიტომ ე. ზ-ის, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის მემკვიდრეებს ამ კანონის საფუძველზე ეკუთვნოდათ სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებიდან არ დგინდება ე. ზ-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეპრესირებული პირის რეაბილიტაციის შემდეგ რეაბილიტირებულის ქონებრივი უფლებების აღდგენა განისაზღვრება ცალკე კანონით, რომელიც ჯერ მიღებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ნ. ზ-ებისა და თ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინება;
3. მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.