¹ბს-81-66-კ-04 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: უნებართვო მშენებლობის აკრძალვა და საჯარიმო თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 6 ივნისს ქ.თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ბ. გ.-ის მიმართ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ქ.თბილისში, ... მცხოვრებმა ბ. გ.-მ აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის სათანადო ნებართვის, ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციისა და პროექტის გარეშე მანსარდის სართულის მიშენება განახორციელა, რის გამოც მის მიერ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” პუნქტის “კ.ა”, “კ.ბ” და “კ.მ” ქვეპუნქტების შესაბამისად დარღვეულ იქნა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების მოთხოვნები. ამასთან, მოპასუხე ბ. გ.-ის მიერ ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული საჯარიმო თანხა გადახდილი არ იქნა და მიუხედავად გაფრთხილებისა, დარღვევა არ გამოსწორებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ბ” პუნქტის “ბ-გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მოპასუხის 3000 ლარით დაჯარიმება, საიდანაც საჯარიმო თანხის 35% (1050 ლარი) საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, საჯარიმო თანხის 5% მთავარი არქმშენინსპექციის ანგარიშზე, ხოლო საჯარიმო თანხის 25% (750 ლარი) ქ.თბილისის მერიის საფინანსო სამმართველოს ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო. ამასთან, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დარღვევის გამოსწორება და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დაკისრებოდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ბ. გ.-ის მეზობლად მცხოვრები დ. ფ.-ი ჩაება.
მოპასუხე ბ. გ.-მ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ ქ.თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2002წ. 2 მაისის ¹52 დადგენილება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან იგი იმ ბინის მესაკუთრეს, რომელზედაც მანსარდის უკანონო მშენებლობა მოხდა, არ წარმოადგენდა. 2001წ. 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად სახლის სახურავი და ბინა მთლიანად განადგურდა, რის გამოც ბინის მესაკუთრემ სათანადო ორგანოს მიმართა. აღნიშნულის შემდეგ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის მასკრწანისი-მთაწმინდისონის გამგეობის 2002წ. 29 იანვრის ¹გ-89 წერილით მას ნება დაერთო საცხოვრებელი სახლის სახურავი იგივე გაბარიტების დაცვით აღედგინა, რაც თავდაპირველად გააჩნდა. მოპასუხის განმარტებით, ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნა იმაში მდგომარეობდა, რომ დამრღვევს დარღვევა გამოესწორებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის სახურავის დემონტაჟს გამოიწვევდა, ეს კი მესაკუთრის საკუთრების უფლებას ხელყოფდა.
მოპასუხის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2002წ. 2 მაისის ¹52 დადგენილება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დადგენლების ძალაში შესვლიდან წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგი უნდა გაუქმებულიყო.
მესამე პირმა სარჩელი ცნო.
მესამე პირის ადვოკატმა რაიონულ სასამართლოში ცნობა წარადგინა, რომლის თანახმად ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის მესაკუთრეს ბ. გ.-ის დედა წარმოადგენდა და საქმეში მისი მოპასუხედ, ხოლო ბ. გ.-ის მესამე პირად ჩართვა იშუამდგომლა. აღნიშნულ შუამდგომლობას, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, ისე პროცესის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირეს. ზემოთ მითითებული შუამდგომლობა რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 19 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა: საქმეში მოპასუხედ ლ. თ.-ე ჩააბა, ხოლო მესამე პირად მოსარჩელის მხარეზე ბ. გ.-ე მიიჩნია.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტლებით ქ.თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლიანა თ.-ს თავისი ხარჯებით მანსარდის მოშლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა დაევალა. ამასთან, დაჯარიმების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილება დაჯარიმების შესახებ მოსარჩელის მიერ არაუფლებამოსილი პირის მიმართ იყო შედგენილი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. თ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
2002წ. 22 აპრილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ” 2002წ. 2 მაისის ¹52 დადგენილება, რომელიც სწორედ ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე გამოიცა, არ იყო მტკიცებულების ძალის მქონე, რადგან ოქმი არასათანადო პირის მიმართ იყო შედგენილი, რითაც უხეშადა დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე, 252-ე, 260-ე და 266-ე მუხლების მოთხოვნები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებით ლ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. თ.-ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე დაშენება მისმა შვილმა, საქმეში მესამე პირად ჩართულმა ბ. გ.-მ აწარმოა. ვინაიდან საქმის მასალებში არ არსებობდა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სათანადო ორგანოების მიერ გაცემული მშენებლობის დაწყების შესახებ ნებართვა, რომლის მიხედვითაც იგი უფლებამოსილი იქნებოდა მშენებლობა ეწარმოებინა, ხოლო, რამდენადაც მშენებლობის დაწყება სათანადო ორგანოების შესაბამის გადაწყვეტილებას საჭიროებდა, მისი არარსებობის შემთხვევაში მოქმედებდა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა არქმშენინსპექციის მიერ, რომლის 2002წ. 2 მაისის ¹52 დადგენილებით მოქალაქე გ.-ს 3000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 2002წ. 22 აპრილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით დარღვევის გამოსწორების თაობაზე გაფრთხილება მიეცა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ.-ს ზემოთ მითითებული ადმინისტრაციული აქტები სასამართლოში სასარჩელო წესით არ გაუსაჩივრებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. თ.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2002წ. 22 აპრილის ოქმი არასათანადო პირის მიმართ იყო შედგენილი, რითაც უხეშად დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე, 252-ე, 260-ე და 266-ე მუხლები, რის შედეგადაც აღნიშნული ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე გამოტანილი 2002წ. 2 მაისის ¹52 დადგენილება მტკიცებულების ძალას კარგავდა. ეს გარემოება ჯერ კიდევ რაიონული სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა მისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. ამდენად, გაუგებარი იყო თუ რატომ დარჩა ძალაში დარღვევის გამოსწორების მოთხოვნა, ხოლო ჯარიმის დაკისრებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, ასევე გაუგებარი იყო ადმინისტრაციული აქტების შესახებ მსჯელობა, რადგან, ჯერ ერთი, მისი გასაჩივრების ინტერესი ბ. გ.-ს მას შემდეგ, რაც იგი საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული, აღარ გააჩნდა, ხოლო მოპასუხისათვის ეს აქტები გადაცემული არ ყოფილა და მეორეც, ეს ადმინისტრაციული აქტები რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მტკიცებულების ძალის არმქონედ იყო აღიარებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. თ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ ოქმი, ისე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ ¹52 დადგენილება ბ. გ.-ის მიმართ არის შედგენილი. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს სასამართლომ მესამე პირის _ დ. ფ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე ლ. თ.-ე საქმეზე მოპასუხედ, ბ. გ.-ე კი მესამე პირად ჩართო იმ მოტივით, რომ ბინის მესაკუთრეს, რომელზეც მანსარდის უკანონოდ დაშენება მოხდა, ლ. თ.-ე წარმოადგენდა. რაიონულმა სასამართლომ თავისი 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის არქმშენინსპექციის სარჩელი ჯარიმის გადახდის ნაწილში იმ საფუძვლით არ დააკმაყოფილა, რომ დადგენილება დაჯარიმების შესახებ არასათანადო პირის _ ბ. გ.-ის მიმართ იყო შედგენილი. თუმცა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ ოქმი, რომელიც ასევე ბ. გ.-ის მიმართ იყო შედგენილი, იურიდიული ძალის მქონედ მიიჩნია და მოპასუხე ლ. თ.-ს თავისი ხარჯებით ქ.თბილისში, ... მდებარე ბინაზე არსებული მანსარდის მოშლა და ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა დაავალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სასამართლომ დამრღვევად არა ბ. გ.-ე, არამედ ლ. თ.-ე ჩათვალა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ქ.თბილისის არქმშენინსპექციას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამდენად, იგი ამ კუთხით კანონიერ ძალაშია შესული და დამრღვევად სწორედ ლ. თ.-ე უნდა მივიჩნიოთ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში 2001წ. 22 ივნისის ცვლილების შესაბამისად, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის “თ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, არქმშენინსპექცია უფლებამოსილია, გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, მიიღოს დადგენილება და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტის დარღვევით, როდესაც შენობა-ნაგებობა ვერ უპასუხებს ტერიტორიის განაშენიანების ქალაქთმშენებლობის ნორმებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის აღმოჩენისას შესაბამისი არქმშენინსპექცია სთავაზობს დამრღვევს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით გამოსწორებას 10 დღის ვადაში. თუ დამრღვევი უარს აცხადებს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე, არქმშენინსპექცია იღებს დადგენილებას დამრღვევისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ და აჯარიმებს მას. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას, არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს საჯარიმო თანხის ამოღების მოთხოვნით. დამრღვევისათვის დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულებების დაკისრების მოთხოვნით არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს, რომელიც არქმშენინსპექციის ოქმის საფუძველზე წყვეტს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულებების დაკისრების და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) საკითხებს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვისას უნდა გაარკვიოს, არქმშენინსპექციის მიერ თუ რამდენად არის დაცული კანონის ეს მოთხოვნები ლ. თ.-ის მიმართ. ასევე უნდა იმსჯელოს, მაშინ, როცა არქმშენინსპექციას ლ. თ.-ის მიმართ კანონით დადგენილი პროცედურა არ გაუტარებია, არც გაუფრთხილებია და არც ოქმი შეუდგენია, არსებობს კი საფუძველი მას იმ ოქმის საფუძველზე, რომელიც მის მიმართ შედგენილი არ ყოფილა, თავისი ხარჯებით მანსარდის სართულის მოშლა დაევალოს?
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.