¹ ბს-818-699-კ-04 3 დეკემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საწყობის ფუნქციონირების აკრძალვა (ძირითად სარჩელში); უნებართვო ღობის აღება, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, კომერციული საქმიანობის აკრძალვა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 17 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. რ-მა და მოითხოვა შპს “.. ..-ის” ფართში არსებული ხილბოსტნეულის საწყობის ფუნქციონირების შეწყვეტა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლის პირველ სართულზე, სადაც თვითონ ცხოვრობდა, მოთავსებული იყო შპს “.. ..”, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სააფთიაქო საქმიანობა. მიუხედავად ამისა, შპს “.. ..-ს” მოწყობილი ჰქონდა ხილბოსტნეულის საწყობი. აღნიშნულზე მან მიმართა ქუთაისის საქალაქო სახელმწიფო სანიტარულ ზედამხედველობის ინსპექციას, საიდანაც 2001წ. 31 ივლისს მიიღო წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ შპს “.. ..-ის” კუთვნილ ფართში ხილბოსტნეულის საწყობის მოწყობა სანიტარული ნორმით არ შეიძლებოდა. იგივე იყო მითითებული ქუთაისის საქალაქო სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის მთავარი სანიტარული ექიმის 2001წ. 31 ივლისის ¹153 დადგენილებაში.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ, მიუხედავად ამისა, შპს “.. ..-ი” კვლავ ჯიუტად არ ასრულებდა დადგენილებას და განაგრძობდა საქმიანობას, რითაც უხეშად ირღვეოდა მისი უფლებები და მოითხოვა შპს “.. ..-ის” ფართში არსებული ხილბოსტნეულის საწყობის ფუნქციონირების შეწყვეტა.
შპს “კ-მა” 2002წ. 21 მარტს შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. რ-ისა და ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... არსებული მიწის ნაკვეთიდან უნებართვო ღობის აღება, საქალაქო საუწყებათშორისო კომისიის 1990წ. 24 ნოემბრის ¹38 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, საერთო სარგებლობის ეზოში უნებართვო კომერციული საქმიანობის აკრძალვა.
2002 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მ. რ-მა მიმართა დამატებითი სასარჩელო განცხადებით, სადაც, გარდა ზემოაღნიშნულისა, მიუთითა, რომ ... ქუჩის მხრიდან, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, გამოჭრილი იყო ღობე და ჩასმული იყო კარი, რომელიც მას ხელს უშლიდა ჭიშკრის გაღებასა და ეზოში შესვლაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა უნებართვოდ გაჭრილი კარის ამოშენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს “კ-ის” (.. ..-ის) ფართში არსებული ხილბოსტნეულის მაღაზიის ფუნქციონირება აიკრძალა, ასევე, დადგინდა შპს “კ-ის” (.. ..-ის) 19,67 კვ.მ სათავსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და აღმოსავლეთ მხარეზე უნებართვოდ და უკანონოდ მოწყობილი კარის ღიობის ნაცვლად ფანჯრის ღიობის მოწყობა ადრე არსებული ზომებით შპს “კ-ის” ხარჯებით; შპს “კ-ის სათავსში, რომელიც ტექბიუროს მასალებით წარმოადგენდა 7,92 კვ.მ-ს, ხოლო ფაქტობრივად იყო 4,12 კვ.მ, ეზოში გამავალი კარის ღიობის ამოქოლვა და ოთახში შესასვლელი კარის მოწყობა 6,75 კვ.მ სათავსიდან.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “კ-ის” დირექტორმა ვ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განცხადებით, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული აქტი და მოპასუხე იყო ქუთაისის მერია, შესაბამისად, საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმო-ების წესით. ასევე, მისი აზრით, გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებებს სამართლის ნორმებზე და იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 სექტემბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცი-ული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქუთაისის “არქმშენინსპექცია”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” (.. ..-ის) დირექტორ ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელე მ. რ-ისა და შეგებებული სარჩელის ავტორის, შპს “კ-ის” დირექტორ ვ. გ-ის, მოთხოვნები ნაწილობრივ დაკაყოფილდა.
მოსარჩელე მ. რ-ის სარჩელის მოთხოვნა ქუთაისში, ... ქუჩის და ... შპს “კ-ის” ფართში არსებული ხილბოსტნეულის მაღაზიის (საწყობის) ფუნქციონირების აკრძალვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო შპს “კ-ის” 19.67 კვ.მ-ის სათავსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, აღმოსავლეთ მხარეზე მოწყობილი კარის ღიობის ნაცვლად, ფანჯრის ღიობის ადრე არსებული ზომებით მოწყობის, .. ..-ის 4,12 მ/კვ.მ-ის სათავსიდან ეზოში გამავალი კარის ღიობის ამოქოლვისა და ამ ოთახში შესასვლელი კარის 6,75 კვ.მ სათავსიდან მოწყობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
შპს “კ-ის” შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული საქმე არა სამოქალაქო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო და ეს გარემოება სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის და 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ. რ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ... ქუჩისა და ... მდებარე 944 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ იყო საერთო საკუთრებაში, ვინაიდან საქმეში არსებულ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსის მიერ 2003წ. 31 მარტს გაცემულ ცნობაში აღნიშნულია, რომ “საკუთრების დამადასტურებელ ¹48321 მოწმობაში, რომელიც გაიცა აფთიაქის ამხანაგობის სახელზე, დაფიქსირებული არ არის ობიექტზე დამაგრებული მიწის ფართობის რაოდენობა, ვინაიდან ობიექტის პრივატიზების მომენტისათვის “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ” კანონი არ მოქმედებდა.
სასამართლო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 944 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო როგორც იქ მცხოვრები პირების, ასევე, შპს “კ-ის” საერთო საკუთრებაში და აქედან გამომდინარე, მ. რ-ის მოთხოვნა 4,12 კვ.მ-ის სათავსიდან ეზოში გასასვლელი კარის ამოქოლვის შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
უსაფუძვლობის მოტივით, ასევე, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შენობის აღმოსავლეთ კედელში ფანჯრის ღიობის აღდგენის შესახებ, რადგან სპეციალისტების ფიზიკური დათვალიერებით დადგენილი იყო, რომ კონსტრუქცია მდგრადია, ასევე, მდგრადია ის ფანჯარა, რომელიც ჩაჭრილია კარებად, ვინაიდან არსებული ფანჯრის ხის ჩარჩოს მაგივრად, დამატებით გაკეთებულია ლითონის ჩარჩო ლოთონისვე კარით.
მოსარჩელის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში პროცესუალურად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან აღნიშნული კარის არსებობა მ. რ-ს არავითარ ზიანს არ აყენებდა.
მ. რ-ის მოთხოვნა შპს “კ-ის” ფართში ხილბოსტნეულის მაღაზიის (საწყობის) ფუნქციონირების აკრძალვის შესახებ სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 2001წ. 31 ივლისის ¹153 დადგენილებით, მ. რ-ისადმი იმავე თარიღით გაგზავნილი ¹53 წერილით და 2003წ. 31 იანვრის ¹329/15 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილი იყო, რომ აღნიშნული სახლის პირველ სართულზე ხოლბოსტნეულის მაღაზიის (საწყობის) მოწყობა სანიტარული ნორმით არ შეიძლებოდა და ქუთაისის საქალაქო სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 2001წ. 31 ივლისის ¹153 დადგენილებით მუდმივად იქნა აკრძალული ამ მაღაზიის ფუნქციონირება.
შპს “კ-ის” შეგებებული სარჩელის მოთხოვნას _ ეზოში არსებული უნებართვო ღიობის და ნაგებობების აღებას, საქალაქო საუწყებათშორისო კომისიის 1990წ. 24 ნოემბრის ¹38 ოქმის ბათილად ცნობისა და აღნიშნულ ეზოში უნებართვო კომერციული საქმიანობის აკრძალვის შესახებ უარი ეთქვა ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მა სარჩელში მითითებული საფუძვლებით და ახალი გადაწყვეტილებით მისი ნაწილობრივი გაუქმება და იმ სასარჩე-ლო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა, რომლებზეც უარი ეთქვა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა შპს “კ-მაც’’, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს “კ-ის” შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს შპს “კ-ის” შეგებებული სარჩელის მოთხოვნების _ ეზოში არსებული უნებართვო ღობის, ნაგებობების აღების და აღნიშნულ ეზოში უნებართვო კომერციული საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ მ. რ-ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო უნდა დაყრდნობოდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2003წ. 31 იანვრის დასკვნას. მითითებული დასკვნა კონკრეტულად შენობის მზიდი კედლების მდგომარეობასთან დაკავშირებით ვარაუდს წარმოადგენს, ამავე დროს გასათვალისწინებელია საქართველოს შსს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქუთაისის შსს გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმის უფროსის 2004წ. 11 თებერვლის წერილი, რომლის თანახმადაც, შპს “კ-ს” აფთიაქის საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთში გააჩნია პროექტში არსებული კარი, რომელიც გამოიყენება ხანძრის შემთხვევაში ევაკუაციის მიზნით და მისი გაუქმება სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და წესების შესაბამისად დაუშვებელია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ქ. ქუთაისში, ... ქუჩისა და ... მდებარე 944 მ2 მიწის ნაკვეთის საერთო საკუთრებად მიჩნევის თაობაზე, რადგან ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის, ზონის რეგისტრატორის 2003წ. 3 სექტემბრის წერილის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის (საჯარო რეესტრის) საარქივო მასალების მიხედვით, არის შპს “კ-ის”, მოქალაქეების _ ე. ქ-ის, ი. მ-ისა და სხვათა საერთო საკუთრებაში. სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდებოდა მათი უზუსტობა. კასატორის მიერ აღნიშნული მონაცემები სადავოდ არ არის გამხდარი და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო კანონიერად დაეყრდნო აღნიშნულ წერილს. თავად კასატორის მიერ მითითებული, ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2002წ. 5 თებერვლის ცნობის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთი, ფართით 919 კვ.მ, საერთო საკუთრებაში აქვს სხვა მოქალაქეებთან ერთად შპს “კ-საც”.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მ. რ-ის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა, ასევე უსაფუძვლობის მოტივით, არ იზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საქალაქო საუწყებათშორისო კომისიის 1990წ. 24 ნოემბრის ¹38 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. ამავე დროს საკასაციო პალატა თვლის, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნებზე _ ეზოში არსებული უნებართვო ღობის და ნაგებობების აღებისა და აღნიშნულ ეზოში უნებართვო კომერციული საქმიანობის აკრძალვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივად არ უმსჯელია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის აღნიშნულ მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს “კ-ის” შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება შპს “კ-ის” შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე _ ეზოში არსებული უნებართვო ღიობის, ნაგებობების აღების და აღნიშნულ ეზოში უნებართვო კომერციული საქმიანობის აკრძალვაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.