Facebook Twitter

¹ ¹ ბს-819-700-კ-04 27 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მატერიალური ზარალის _ 37 775 ლარის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 9 ივნისს ი. ჭ-ემ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ სარჩელი აღძრა და მათთვის მატერიალური ზარალის სახით 41657 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი 1991-92 წლების თბილისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირი იყო. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების, იმავე წლის 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების თანახმად, ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იკისრა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ¹197 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამთავრობო კომისიას თბილისში 1991-92 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის 1998წ. 1 ივლისამდე შემუშავება დაევალა. კომისიას მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურება უნდა უზრუნველეყო.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად, 1996 წელს დამატებითი სახსრების გამოყოფა დაევალა.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა დანარჩენი თანხის ანაზღაურების გამო 37775 აშშ დოლარამდე შეამცირა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 37775 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სარჩელი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით (1964წ.), ხანდაზმული იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 4 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქე გ. ჭ-ისათვის 1991-92 წლებში თბილისის მოვლენების დროს მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 41657 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგინა და აღნიშნული თანხით იგი 1991-92 წწ. დაზარალებულ თბილისელთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საერთო სიაში იყო შეყვანილი. ასევე სადავო არ იყო, რომ მოსარჩელე ი. ჭ-ე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, გ. ჭ-ის მემკვიდრეს წარმოადგენდა. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად გ. ჭ-ის განადგურებული ქონების მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი საკომპენსაციო თანხის დარჩენილი, ასაღები ნაწილი, 37775 აშშ დოლარი იყო.

სასამართლომ მიუთითა, რომ მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197, 26.07.96წ. ¹180, 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებებით საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპანსაციის ვალდებულება აღიარა, ზარალის ანაზღაურების პროგრამა შეიმუშავა და შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობაში ქ. თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების დასკვნები და 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი 8 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით და 26.07.98წ. განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად, მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 1996 წელს დამატებითი სახსრების გამოყოფა და 1997წ. ბიუჯეტის პროექტში დარჩენილი თანხის ანაზღაურების გათვალისწინება დაევალა. მიუხედავად ამისა, დაზარალებული მოსახლეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში კომპენსაციის თანხა არ იქნა გათვალისწინებული.

სასამართლომ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება სარჩელის ხანდაზულობის შესახებ და მიუთითა, რომ, მართალია, მოსარჩელეს ზარალი 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიადგა, ხოლო სარჩელი ზარალის ანაზღაურების შესახებ 2003 წელს აღიძრა, მაგრამ, ვინაიდან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის 8 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება მთელი რიგი აქტებით აღიარა და მისი გადახდა იკისრა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე), უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება დაზარალებულთა მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ უსაფუძვლო იყო.

აღნიშნული განჩინება ფინანსთა სამინისტრომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 4 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ვინაიდან, კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოქალაქე გ. ჭ-ისათვის 1991-92 წლებში თბილისის მოვლენების დროს მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 41657 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგინა და აღნიშნული თანხით იგი 1991-92 წწ. დაზარალებულ თბილისელთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საერთო სიაში იყო შეყვანილი. ასევე სადავო არ არის, რომ ი. ჭ-ე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, გ. ჭ-ის მემკვიდრეს წარმოადგენს. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად გ. ჭ-ის განადგურებული ქონების მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი საკომპენსაციო თანხის დარჩენილ, ასაღებ ნაწილს, 37775 აშშ დოლარს შეადგენს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197, 26.07.96წ. ¹180, 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებებით საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპანსაციის ვალდებულება აღიარა, ზარალის ანაზღაურების პროგრამა შეიმუშავა და შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობაში ქ. თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების დასკვნები და 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი 8 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით და 26.07.98წ. განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად, მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, 1996 წელს დამატებითი სახსრების გამოყოფა და 1997წ. ბიუჯეტის პროექტში დარჩენილი თანხის გათვალისწინება დაევალა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება სარჩელის ხანდაზულობის შესახებ და ამასთან დაკავშირებით, სავსებით ეთანხმება მის მსჯელობას, რომ, მართალია, ი. ჭ-ეს ზარალი 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიადგა, ხოლო სარჩელი ზარალის ანაზღაურების შესახებ 2003 წელს აღიძრა, მაგრამ, ვინაიდან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის 8 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება მთელი რიგი აქტებით აღიარა და მათი გადახდა იკისრა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქციით) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე), უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.