Facebook Twitter

¹ბს-820-701-კ-04 7 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 ნოემბერს კასატორმა _ ა. ც-მა სარჩელი აღძრა ახმეტის რაიონულ სასამართლოში სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის მასზე გავრცელება:

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, ომის II ჯგუფის ინვალიდი, 1943წ. იანვრიდან 1948წ. მარტამდე მსახურობდა საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში, ხოლო 1943წ. 30 დეკემბერს საბრძოლო ოპერაციების დროს მიღებული ჭრილობების გამო დაუდგინდა II ჯგუფის ინვალიდობა, რის გამოც იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, მასზე უნდა გავრცელდეს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი და უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად უნდა დაენიშნოს მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსია, ამავე მუხლით გათვალისწინებულ მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით, რაზეც უარი ეთქვა სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალის მიერ იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული საპენსიო შეღავათი ვრცელდება ომის ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ განაგრძეს სამხედრო სამსახური, აქვთ წელთა ნამსახურობა, განეკუთვნებიან ოფიცერთა შემადგენლობას და არიან ომის I ან II ჯგუფის ინვალიდები.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალს დაევალა მოსარჩელისათვის მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა შესაბამისი დანამატით _ 42 ლარის ოდენობით, ასევე 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 504 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალმა ა. ც-ისათვის 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 504 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. ც-ისათვის 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ც-ს მეორე სახეობის პენსია, 42 ლარის დანამატით დაენიშნა 2003წ. 20 ოქტომბრიდან, ხოლო 12 თვის მიუღებელი დანამატის ანაზღაურებაზე შემდეგი საფუძვლით უარი ეთქვა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით ა. ც-მა, სოცდაზღვევის ფონდს მიმართა 2003წ. 20 ოქტომბერს. პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ ა. ც-ი აკმაყოფილებს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი, მაგრამ მითითებული კანონის 49-ე მუხლის თანახმად, მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა უნდა მოხდეს ა. ც-ის მიერ საპენსიო ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის დღიდან _ 2003წ. 20 ოქტომბრიდან. რაც შეეხება მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებას, პალატის აზრით, ა. ც-ს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან იგი არ განეკუთვნება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის არც 48-ე და არც 50-ე მუხლებით გათვალისწინებულ სუბიექტთა წრეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ც-მა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის, 504 ლარის, ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არასწორად განმარტა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონი, რადგან იგი აკმაყოფილებს კანონის პირველი მუხლის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის თანახმად, კი პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის დასანიშნად მიმართვის დღეს. ა. ც-მა საპენსიო ორგანოს მიმართა 2003წ. ოქტომბერში, რის გამოც, კასატორის აზრით, მასზე ვრცელდება აღნიშნული ნორმის მოქმედება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ა. ც-ის მოთხოვნა 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის, 504 ლარის, ანაზღაურების შესახებ შემდეგი მოტივით უნდა დაკმაყოფილდეს:

სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ა. ც-ი არის 75 წელს გადაცილებული, დიდი სამამულო ომის მონაწილე, ომში მიღებული ჭრილობების გამო, ომის II ჯგუფის ინვალიდი, რისთვისაც დანიშნული აქვს ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა იზიარებს როგორც რაიონული, ასევე სააპელაციო სასამართლოთა მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ა. ც-ი აკმაყოფილებს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”'კანონის მე-60 მუხლის მოთხონას, რომლის თანახმად, ფაშიზიმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, რაიონული სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა ა. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა მასზე ზემოაღნიშნული საპენსიო შეღავათის გავრცელების შესახებ, რაც სადავოდ არ გაუხდია სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალს, რის გამოც ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტისა.

ა. ც-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 504 ლარის ანაზღაურებაზე, რაც, საკასაციო პალატის აზრით, უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის მიხედვით: “თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს". ამასთან, ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ც-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ კასატორს არასწორად ეთქვა უარი 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის, 504 ლარის, ანაზღაურებაზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა მიუღებელი საპენსიო დანამატის, 504 ლარის, ანაზღაურების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ც-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 504 ლარის ანაზღაურება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.