ბს-822-703-კ-04 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: პენსიაზე დანამატის დანიშვნა და მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, II ჯგუფის ინვალიდი, 79 წლის და იღებს ომის მონაწილის პენსიას _ 45 ლარს. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მოითხოვა მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატის დანიშვნა და გასული პერიოდის 12 თვის პენსიის დანამატის, 504 ლარის, ანაზღაურება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ბ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 2004წ. 1 იანვრიდან 42 ლარის გადახდა, ხოლო ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის, 504 ლარის, ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მიღებული გადაწყვეტილებით პენსიის გაზრდა ყოველთვიურად 70 ლარით და 12 თვის მიუღებელი პენსიის დანამატის _ 840 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბ. ბ-ა არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 80 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს 45 ლარს და არის ღირსების ორდენის კავალერი.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის ,,ბ და ,,დ" პუნქტების თანახმად, პენსია უნდა გაუდიდდეს 25,25 ლარით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, რადგან ზემოხსენებული კანონის 41-ე მუხლის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტების თანახმად, პენსიაზე გადიდების მოთხოვნით ბ. ბ-ამ მიმართა სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბერს, ერთი წლის მიუღებელი პენსიის ოდენობა ხსენებული კანონის ,,დ" პუნქტის მიხედვით, შეადგენს 168 ლარს, ხოლო ,,ბ" პუნქტის თანახმად, მიუღებელი პენსია უნდა გაიცეს 2003წ. 1 მაისიდან. მისთვის დანიშნული პენსიის დანამატის, 42 ლარის ოდენობით, უნდა იქნეს დანიშნული რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ე.ი. 2003წ. 1 დეკემბრიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ" კანონის შესაბამისად, ომის ინვალიდობის საფუძვლით პენსიის დანიშვნა პირს არ ართმევდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონით დადგენილი შეღავათების მიღების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის განჩინებით ცვლილება იქნა შეტანილი სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში – ამოირიცხა სიტყვები: ,,2004წ. 1 იანვრიდან (11,25 X 8) 90 ლარი”, როგორც არასწორად მოყვანილი და შეიცვალა სიტყვებით: ,,დაევალოს სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ბ. ბ-ასათვის მიუღებელი საპენსიო დანამატის გაცემა მოახდინოს 2004-2005 წლების ,,საქართველოს ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის ,,ბ" და ,,დ" პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელ ეკ. ორდინიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მეორე სახეობის _ ასაკის გამო პენსიის და დანამატის – ასაკის გამო მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით (14+14X2) პენსიის მიღებისათვის ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება ან/და უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული I და II ჯგუფის ომის ინვალიდი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ბ-ა არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, რომელიც გადაცილებულია 75 წელს. ინვალიდობა დადგენილი აქვს საერთო დაავადებით. ამდენად, იგი არ აკმაყოფილებს ზემოხსენებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირობას, რადგან ინვალიდობა არ მიუღია ომში მიღებული ჭრილობების შედეგად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ბ-ას მიეცა ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო საჩივრით, ამიტომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლების შესახებ შევიდა კანონიერ ძალაში. სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ბ. ბ-ასათვის ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის და ორი მინიმალური პენსიის დანამატის დანიშვნის კანონიერების შესახებ, რადგან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. ვინაიდან ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის ბ. ბ-ასათვის დანიშვნის ნაწილში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამიტომ 12 თვის საპენსიო დანამატის ანაზღაურების ნაწილში ბ. ბ-ას მოთხოვნა საფუძვლიანია და სააპელაციო სასამართლომ სწორად აუნაზღაურა 12 თვის მიუღებელი პენსია 504 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ბ. ბ-ას მოთხოვნას, ზემოხსენებული კანონის 41-ე მუხლის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეღავათებს, მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლი ითვალისწინებს ამ მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პენსიონერთა ზოგიერთი კატეგორიისათვის პენსიის მომატებას, მაგრამ აკეთებს დათქმას, რომ ამ მუხლში ჩამოთვლილ პენსიონერთა ზოგიერთ კატეგორიას იმ შემთხვევაში გაუდიდდებათ პენსია, თუ მათ იგი დანიშნული აქვთ ამ კანონის საფუძველზე. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს პენსიის შემდეგ სახეობებს:
1. პენსია წელთა ნამსახურობისათვის;
2. პენსია ინვალიდობის გამო;
3. პენსია მარჩენლის დაკარგვის გამო.
ვინაიდან ბ. ბ-ას პენსია დანიშნული აქვს ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის საფუძველზე და არა აღნიშნული კანონის საფუძველზე, ამიტომ 41-ე მუხლით გათვალისწინებული დანამატი არ დაერიცხება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში _ ბ. ბ-ასათვის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ბ. ბ-ას სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.