Facebook Twitter

ბს-830-708-კ-04 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: უძრავი ნივთის კანონიერ მფლობელად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 4 ივლისს კასატორმა კ. ძ-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და სკ-ის 155-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა თბილისში, ...... მდებარე სახლის ეზოში მის მიერ აშენებული ოთახზე ფაქტობრივ მფლობელად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1949 წლიდან ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლის ერთოთახიან ბინაში. 1964 წელს მითითებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს მიერ 1964წ. 16 ოქტომბერს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ააშენა 16 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ოთახი, თუმცა აღნიშნული ფართის მის სახელზე რეგისტრაცია არ განუხორციელებია. 1979 წელს მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა სხვა ადგილზე, მაგრამ კვლავ განაგრძობდა სადგომით სარგებლობას. ოთახის კანონიერ მფლობელად ცნობის მოთხოვნით, კ. ძ-მა მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, მაგრამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

კ. ძ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის განჩინებით კ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოსთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის 1964წ. 16 ოქტომბრის სხდომის ოქმით კ. ძ-ს ნება დაერთო თბილისში, ....... მდებარე სახლის ეზოში სათავსის მოწყობაზე. ასევე, პალატამ დადგენილად ცნო, რომ კ. ძ-ი ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა 1951წ. 15 მარტიდან 1966წ. 1 თებერვლამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნებართვის საფუძველზე კ. ძ-ის მიერ სათავსის მოწყობის შემთხვევაში სათავსოს ფლობის ფაქტი შეწყდებოდა 1966წ. 1 თებერვლიდან, რადგან იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფართზე უფლების მოპოვებისათვის სავალდებულო იყო რეგისტრაციის არსებობა. პალატის მითითებით, კ. ძ-ს არ წარმოუდგენია შემდგომ პერიოდში სადავო უძრავი ნივთის მის მიერ ან მის სასარგებლოდ მისივე აწ გარდაცვლილი მეზობლის _ შ. ფ-ის მიერ ფლობის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სკ-ის 156-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა შეწყვეტილად ითვლება, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ კ. ძ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ძ-მა და შემდეგი მოტივით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება:

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მის მიერ სათავსის ფლობა შეწყდა 1966წ. 1 თებერვლიდან, რადგან კასატორის მითითებით, იგი სათავსის ფლობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც დადასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით, მაგრამ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ძ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი კ. ძ-ი სასამართლოში 2003 წელს აღძრული სარჩელით, სკ-ის 155-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვდა მის მიერ ...... ¹30-ში აშენებული 16 კვ.მ ოთახის კანონიერ მფლობელად ცნობას. არქივიდან წარმოდგენილი თბილისის ორჯონიკიძის სახ. რაისაბჭოსთან არსებულ საუწყებათაშორისო კომისიის 1964წ. 16 ოქტომბრის ¹29 საოქმო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ კ. ძ-ს ნამდვილად მიეცა უფლება ...... ქ. ¹30-ის ეზოში არსებული გარაჟის გვერდით სათავსის მოწყობაზე.

კ. ძ-ის განმარტებით, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, მას აუშენებია სათავსი, ერთი ოთახი. ამდენად, კ. ძ-ის მიერ ...... ¹30-ის ეზოში განხორციელებული მშენებლობა არ წარმოადგენდა უკანონო მშენებლობას, იგი ნებადართული იყო იმჟამად კომპეტენტური ორგანოს მიერ, თუმცა აშენებული ოთახის მის სახელზე რეგისტრაცია (გაფორმება) კ. ძ-ს დადგენილი წესით აღარ მოუხდენია.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ძ-ი ...... ¹30-ში მდებარე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა 1951 წლიდან 1966წ. 1 თებერვლამდე და შემდეგ იგი ოჯახით გადავიდა სხვა მისამართზე (ნუცუბიძის ფერდობზე). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კ. ძ-ის განმარტება, რომ მან მის მიერ აშენებული სათავსი სამეთვალყურეოდ დაუტოვა მეზობელს, აწ გარდაცვლილ შ. ფ-ს, რომ ამ ხნის მანძილზე იგი სისტემატიურად დადიოდა და პატრონობდა ოთახს და სკ-ის 156-ე მუხლის საფუძველზე უარი უთხრა კანონიერ მფლობელად აღიარებაზე, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ 1966 წლიდან (საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადასვლიდან) კ. ძ-მა შეწყვიტა ნივთზე მფლობელობა, რასაც საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებითა და შემდგომში მიღებული არაერთი ნორმატიული აქტით, საბინაო მშენებლობის მოწესრიგების მიზნით, უფლება მიეცათ სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოების აღმასკომებს, როგორც გამონაკლისი, მოეხდინათ უნებართვო, თვითნებური მშენებლობების სამართლებრივი რეგისტრაცია (დაკანონება). კ. ძ-ს, როგორც ირკვევა, ...... ¹30-ში უნებართვო მშენებლობა არ უწარმოებია, არამედ სათავსის მშენებლობაზე სათანადო ნებართვა გაცემულია თბილისის ორჯონიკიძის სახ. რაისაბჭოსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილებით, მაგრამ კასატორს შემდგომში არ მოუხდენია სათანადო ნებართვით წარმოებული მშენებლობის მის სახელზე რეგისტრაცია (დაკანონება), რის უფლებასაც ითვალისწინებდა მინისტრთა საბჭოს ზემოაღნიშნული დადგენილება და შემდგომში არაერთგზის მიღებული ნორმატიული აქტები.

სააპელაციო პალატამ კ. ძ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა ერთადერთი მოტივით, სკ-ის 156-ე მუხლის საფუძველზე, 1966 წლიდან ნივთზე მფლობელობის სამუდამო დათმობით, რასაც უარყოფდა კასატორი და მიუთითებდა, რომ მას ნივთის მფლობელობა არ შეუწყვეტია და მთელი ამ ხნის მანძილზე აკითხავდა და სარგებლობდა სათავსით. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2003წ. 12 ივნისის განმარტებით, სადავო ფართი წარმოადგენს კაფე-ბარი “ო-ის" შენობის ნაწილს, რომელიც ამჟამადაც ფუნქციონირებს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში მოწვეულ უნდა იქნეს კაფე-ბარი “ო-ის” წარმომადგენელი და დადგინდეს სადავო ფართით კაფე-ბარის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მითითებას, რომ საჭიროა საქმეზე მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და ახალი მტკიცებულებების მოპოვება, მათ შორის _ კასატორის მიერ მითითებული მოწმეებისა და აწ გარდაცვლილი შ. ფ-ის ოჯახის წევრთა (რომელსაც კასატორის განმარტებით, სამეთვალყურეოდ დაუტოვა სათავსი) ჩვენებების მოსმენა.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, კ. ძ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.