Facebook Twitter

ბს-835-712-კ-04 27 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ბინის ორდერის და პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 1 ნოემბერს ე. ბ-ემ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ვ. ა-ისა და ე. შ-ას მიმართ სარჩელი აღძრა და საცხოვრებელი ბინის უპირატესი შესყიდვის უფლების დადასტურება მოითხოვა.

2002წ. 10 დეკემბერს მოსარჩელემ რაიონულ სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება შეიტანა მოპასუხეების: ვ. ა-ის, ე. შ-ას, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, ნოტარიუს ვ. ჭ-ის მონაწილეობით და თბილისის საბურთალოს რაიაღმასკომის მიერ გაცემული ორდერისა და ე. შ-ას სახელზე თბილისში, ..... ¹89 სადავო საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1988 წელს თბილისის გლდანის რაიაღმასკომმა მისი ხუთსულიანი ოჯახი ¹....... კოოპერატიული ბინათმშენებლობის მეპაიე წევრებად აიყვანა. მან ოთხოთახიანი ბინის მშენებლობისათვის ბინსოცბანკში 29040 მანეთი შეიტანა. ვინაიდან, მრავალსართულიანი სახლი ........-ში უნდა აშენებულიყო, 1989 წელს კოოპერატივის თავმჯდომარეს ე. ბ-ემ იქვე ახლოს, თბილიში, ..., ბინა ¹89 შესვლა სთხოვა, რაშიც 3500 მანეთი გადაიხადა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ¹....... კოოპერატიული ბინა არ შენდებოდა, რის გამოც ქ. თბილისის მერიამ 1991წ. 19 თებერვლის განკარგულებით თბილისის საბურთალოს რაიონის პრეფექტურას თბილისში, ........ ტერიტორიაზე, ¹...... კოოპერატივის 50,07 კვ.მ ფართის ¹89 ბინა გამოუყო ე. ბ-ის ოჯახზე გასაფორმებლად იმ პირობით, რომ ¹...... კოოპერატიული მშენებარე ოთხოთახიანი ბინა შემოსავალში იქნებოდა აღებული და თბილისის მერიას ბინათმშენებლობაში წილობრივი მონაწილეობისათვის ჩარიცხული თანხის ანგარიშში ჩაეთვლებოდა. მაგრამ, ზემოთ მითითებული განკარგულება ვერ შესრულდა. ე.წ. სამოქალაქო ომის დროს პრეფექტურები დარბეულ იქნა და ე. ბ-ემ ორდერის აღება ვერ შეძლო.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი სადავო ბინაში ცხოვრობდა და მის შეძენას ¹....... კოოპერატივის თავმჯდომარისაგან აპირებდა. მაგრამ, 1999წ. დეკემბრის თვეში ე. ბ-ემ ე. შ-ას სასარჩელო განცხადება და მასზე დართული დოკუმენტების ასლები მიიღო, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ¹...... კოოპერატიული ბინის მეპაიე რუსეთის სამხედრო მოსამსახურე ვ. ა-ის სამსულიანი ოჯახი (მეუღლე _ ე. შ-ა და ერთი შვილი) იყო. თბილისის საბურთალოს რაიონის აღმასკომის მიერ ¹....... ბინის ორდერი გაიცა თბილისში, ........-ის, ....... ქ. ¹15-ის, ბინა ¹89-ზე, ხოლო ორდერის საფუძველზე 31-ე სანოტარო კანტორამ და თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობამ 1993წ. 17 სექტემბერს აღნიშნული ბინის პრივატიზება ე. შ-ას სახელზე მოახდინეს, რის გამოც იგი სადავო ბინიდან გამოასახლეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის მთავარ სხდომაზე ე. ბ-ემ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა და მოპასუხე ე. შ-ასაგან მისი მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის, რომელიც სადავო ბინიდან გამოსახლების დროს განიცადა, 5000 ლარის გადახდა მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე. ბ-ეს თბილისში, ...... მდებარე ბინა ¹89-ზე თბილისის საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის მიერ ვ. ა-ის სახელზე გაცემული ¹....... ორდერისა და ე. შ-ას სახელზე 1993წ. 17 სექტემბერს სადავო ბინაზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, ე. შ-ასათვის მის სასარგებლოდ 5000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებასა და ამ ბინაში შესახლებაზე უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ბ-ემ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 მაისის განჩინებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ-ე ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიე წევრი არასოდეს ყოფილა და მას სადავო ბინა კანონით დადგენილი წესით არ გადასცემია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985წ. 30 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული “საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების" მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ მეპაიეთა შორის საცხოვრებელი სადგომების განაწილება საერთო კრების განსაკუთრებული პრეროგატივა იყო, ხოლო ამავე წესდების 25-ე და 27-ე მუხლების თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრისათვის მიცემული ორდერი მეპაიეს უფლებას ანიჭებდა საერთო კრების გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებული ბინა დაეკავებინა. შესაბამისად, ე. ბ-ის მიერ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრზე გაცემული ორდერის ბათილობის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიის 1991წ. 19 თებერვლის განკარგულება არ აღსრულებულა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ მის “ხელწერილ _ ვალდებულებაში" ნათქვამი იყო, რომ იგი სადავო ბინაში დროებით ცხოვრობდა, ბინა 1994წ. მაისის ჩათვლით იქირავა და 51000 მანეთი გადაიხადა. თუ ბინას იყიდდა, ბინაში დარჩებოდა, ან დაცლიდა მას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით ე. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები: რ. წ-ა და ე. ბ-ე მათი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებული იქნენ ე. შ-ას კუთვნილი ბინიდან, მდებარე თბილისში, .... ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 22 ივნისის განჩინებით ზემოთმითითებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის განჩინებით ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 22 ივნისის განჩინება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, ე. შ-ას, როგორც ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიე წევრს თავისი ბინის (მდებარე ...) ღირებულება გადახდილი ჰქონდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისში, ..., ბინა ¹89-ზე 1993წ. 17 სექტემბერს ე. შ-ას სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ასევე, ე. ბ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ბინაში შესახლების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

აღნიშნული განჩინება ე. ბ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

ე. ბ-ე ¹....... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიე წევრი არასოდეს ყოფილა და მას ქ. თბილისში, ... ბ. 89 კანონით დადგენილი წესით არასოდეს გადასცემია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985წ. 30 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული “საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების" მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად, მეპაიეთა შორის საცხოვრებელი სადგომების განაწილება საერთო კრების განსაკუთრებული პრეროგატივაა, ხოლო ამავე წესდების 25-ე და 27-ე მუხლების თანახმად, “კოოპერატივის სახლებში საცხოვრებელი ფართობი ეძლევათ მხოლოდ კოოპერატივის წევრებს, რომლებმაც შეასრულეს საპაიო შენატანების ვალდებულებანი. ბინაში ჩასახლება ხდება ორდერებით, რომელსაც გასცემს იმ ადგილის სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, სადაც კოოპერატიული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, კოოპერატივის წევრთა და მათი ოჯახის წევრთა დამტკიცებული სიის შესაბამისად.” ამდენად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრისათვის მიცემული ორდერი ადასტურებს მეპაიის უფლებას საერთო კრების გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებული ბინის დაკავების თაობაზე. შესაბამისად, ე. ბ-ის მიერ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრზე გაცემული ორდერის ბათილობის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ თბილისის მერიის 1991წ. 19 თებერვლის განკარგულება არ აღსრულებულა და ე. ბ-ეს კანონით დადგენილი წესით სადავო ბინა არ გადასცემია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ მის “ხელწერილ _ ვალდებულებაში" აღნიშნულია, რომ იგი სადავო ბინაში დროებით ცხოვრობდა, ბინა 1994წ. მაისის ჩათვლით იქირავა და 51000 მანეთი გადაიხადა. თუ ბინას იყიდდა, ბინაში დარჩებოდა, ან დაცლიდა მას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ე. შ-ას სახელზე გაცემული პრივატიზაციის ხელშეკრულება უკანონოა, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, ე. შ-ას, როგორც ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიე _ წევრს თავისი ბინის (მდებარე ...) ღირებულება გადახდილი აქვს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისში, ..... 1993წ. 17 სექტემბერს ე. შ-ას სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ე. ბ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ბინაში შესახლების თაობაზე ასევე უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.