¹ ბს-836-713-კ-04 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ფულადი კომპენსაცია.
აღწერილობითი ბარათი:
2003წ. 3 ივლისს კასატორმა ა. ჩ-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა მიუღებელი სამხედრო ტანსაცმლის ფულადი კომპენსაციის, 909 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება:
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2001წ. 14 აპრილამდე მსახურობდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო სამსახურში, არის საბჭოთა არმიისა და საქართველოს შეიარაღებული ჯარების ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. მოსარჩელის მითითებით, პენსიაზე გასვლის შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს არ მოუხდენია სრული ანგარიშსწორება, კერძოდ, მას არ მიუღია მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 12 მაისის ¹296-15, 1994წ. 14 ნოემბრის ¹795-44 დადგენილებებით, ასევე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" 1998წ. 25 ივნისის კანონით გათვალისწინებული გაუცემელი სამხედრო ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია, რაც სულ შეადგენს 909 ლარს.
ა. ჩ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა ხანდაზმულობის მოტივით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000-2001 წლებში მიუღებელი ქონების (ტანსაცმლის) ფულადი კომპენსაცია 83 ლარის ოდენობით, ხოლო 1995-1999 წლების მიუღებელი ქონების ფულადი კომპენსაციის გაცემაზე ა. ჩ-ს ეთქვა უარი სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინებით ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ა. ჩ-ს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს ფორმის ტანსაცმლის კომპენსაცია, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა, რომ საქმეში წარმოდგენილი გასავლის ზედდებულის თანახმად, ა.ჩ-ს 1995 წლიდან 2001წ. აპრილის ჩათვლით არ მიუღია 909 ლარის ღირებულების საქონელი, მაგრამ ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2003 წელს, რის გამოც სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა 1995-1999 წლების პერიოდისათვის ხანდაზმულად, რადგან პალატის მითითებით, კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან, სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ასევე 3 წლით განისაზღვრება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა ხანდაზმულობის ვადაც.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ რაიონულ სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტის დროს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 128-ე მუხლით, რომელიც ადგენს ხანდაზმულობის 10-წლიან ვადას, რადგან, პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმა არეგულირებს იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელთა თაობაზეც სამოქალაქო კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით სპეციალურად არ არის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2000-2001 წლების მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და არ არის ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა, რომელმაც შემდეგ საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 137-ე, 365-ე მუხლები, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი და შკკ-ის 96-ე მუხლი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სკ-ის 144-ე, 129-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორის განმარტებით, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში მსახურობის პერიოდში, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ იქნა დაკმაყოფილებული ფორმის ტანსაცმლით, რის გამოც, კასატორის აზრით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ დაირღვა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 134-ე მუხლი და შკკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორმა არ გაიზიარა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოტივაცია მისი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნის, ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაციის, სამართლებრივი საფუძველია “სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ" კანონი, რომელიც ხანდაზმულობის ვადას არ აწესებს, რის გამოც კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოთხოვოს მისი შესრულება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი აღიარებს მოთხოვნის არსებობას, კასატორისთვის კი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი საზღვრის დაცვის დეპარტამენტს არ განუცხადებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი, სასაზღვრო ჯარების გადამდგარი პოლკოვნიკი ა. ჩ-ი “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹795-44 დადგენილების საფუძველზე, როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ითხოვდა 1995-2001 წლებში მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის ფულად კომპენსაციას 909 ლარის ოდენობით. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუნაზღაურდა 2000-2001 წლებში მიუღებელი ტანსაცმლის ღირებულება 83 ლარი, ხოლო 1995-1999 წლებში მიუღებელ ფორმის კომპენსაციაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ხანდაზმულობის მოტივით, რაც სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ჩ-ის მიერ. ამდენად, 2000-2001 წლების მიუღებელი ტანსაცმლის კომპენსაციის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია, თანახმად სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტისა და საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ 1995-1999 წლების მიუღებელი ტანსაცმლის კომპენსაციაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონიდან გამომდინარე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, კერძოდ, კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹795-44 დადგენილების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მოსარჩელემაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო სასწავლო რაზმიდან წარმოადგინა 1995-2001წ. პერიოდის ნორმით გათვალისწინებული, თუმცა მიუღებელი სამოსის ზედდებული, რომლის კომპენსაციასაც იგი ითხოვდა. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონში არ არის განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ, ვინაიდან სამართლებრივად მოსარჩელის მოთხოვნა ეხება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულებას, 1995-1999 წლებში მისთვის მიუცემელი ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციას, სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილ დავებზე ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას ითვალისწინებს. ა. ჩ-მა 1995-1999 წლების მიუღებელი ტანსაცმლის კომპენსაციაზე სარჩელი აღძრა 2003წ. 3 ივლისს, სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გადაცილებით, ამიტომ სარჩელი ხანდაზმულია და საკასაციო პალატა სრულიად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ხანდაზმულობის მოტივით 1995-1999 წლების მოთხოვნაზე ა. ჩ-ისთვის უარის თქმის შესახებ.
უსაფუძვლობის გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ხანდაზმულობის საერთო 10-წლიან ვადას აწესებს. პალატა სრულიად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო 10-წლიან ვადას ადგენს ისეთი სამართლებრივი ურთიერთობებისთვის, რომელთა თაობაზეც არც სამოქალაქო კოდექსით და არც სხვა სპეციალური კანონებით არ არის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს და როგორც აღინიშნა, ვინაიდან დავის საგანია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, რომლის ხანდაზმულობის ვადა დადგენილია სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, კასატორის მიერ მითითებული 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება დაუშვებელია.
საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ასევე ვერ გაიზიარებს სარჩელის ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას კასატორის მითითებას სკ-ის 137-ე მუხლზე, რომლის მიხედვით: “ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის გაცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას". მოპასუხე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ა. ჩ-ის სარჩელს არ აღიარებდა და ხანდაზმულობის მოტივით ითხოვდა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. წერილობითი ფორმის მტკიცებულება, რომელიც მითითებული ნორმის შესაბამისად დაადასტურებდა ვალდებული პირის _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ ა. ჩ-ის მოთხოვნის ცნობას (აღიარებას), კასატორის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. ამიტომ სკ-ის 137-ე მუხლზე კასატორის მითითებას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გამოიყენა დავის გადაწყვეტისას აღნიშნული ნორმა.
უსაფუძვლობის გამო საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სკ-ის 365-ე მუხლზე: “თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება". საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ა. ჩ-ს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სამსახურის პერიოდში შეეძლო მოეთხოვა მიუღებელი ტანსაცმელი ან ფულადი კომპენსაცია და როგორც გადამდგარ პოლკოვნიკს, 365-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. ამიტომ სკ-ის 365-ე მუხლიც მართებულად არ იქნა გამოყენებული ხანდაზმულობის გადაწყვეტისას საოლქო სასამართლოს მიერ. ვინაიდან კასატორი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე და დავის საგანს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება წარმოადგენს, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას და თვლის, რომ სასამართლომ სწორად არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ" ან შკკ-ის ნორმები.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ხანდაზმულობის მოტივით ა. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.