Facebook Twitter

ბს-884-753-კ-04 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ყ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ყ-ის, სოფ. ბერულის თემის საკრებულოს და გორის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა სოფ. ბერულის თემის საკრებულოს 1998წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 აპრილის ¹43 დადგენილების ბათილად ცნობა და დავალებოდათ მოპასუხეებს, სარჩელში მოყვანილ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცათ ახალი ადმინისტრაციული აქტი.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ცხოვრობდა სოფ. .........-ში. მამამისს _ გ. ყ-ს ჰყავდა სამი ვაჟი: ნ., ყ. და თვითონ – ს. მამამ და სამივე ძმამ ერთად 1959 წელს ააშენეს სახლი. შეთანხმების საფუძველზე ყ. დარჩა ძველ მამაპაპისეულ სახლში, ხოლო ნ. და თვითონ მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ ახალაშენებულ სახლში. 1967 წელს დაქორწინდა გ. გ-ზე, მისი ძმა _ ნ. 1968 წელს _ ქ. გ-ზე. დედა გარდაიცვალა 1982 წელს, ხოლო მამა _ გ. ყ-ი _ 1988 წელს. მამის გარდაცვალების დროისათვის იგი ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში. მას და ნ-ს შორის წარმოიშვა კონფლიქტური ურთიერთობა, რასაც დაემთხვა ეთნოკონფლიქტი, რის გამოც ოჯახთან ერთად გადავიდა თავის მიერ აშენებულ, დაუმთავრებელ და გაუმართავ ბინაში. 1997 წელს გარდაიცვალა მისი ძმა _ ნ., რომლის მეუღლემ აღარ შეუშვა მშობლებისეულ სახლში. 2000წ. აპრილში მისთვის ცნობილი გახდა, რომ გორის რაიონის გამგეობას 1999წ. 27 აპრილის ¹43 დადგენილებით, მთელი სახლი დაუკანონებია ქ. ყ-ისათვის. გამგეობის დადგენილება ეფუძნებოდა სოფ. ბერულას თემის საკრებულოს სესიის 1998წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გამგეობისა და საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილებები უკანონო იყო და უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან ისინი მიღებული იყო სათანადო გარემოების გაურკვევლად, კერძოდ, მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ სახლის ნახევარი ირიცხებოდა აწ გარდაცვლილ მამამისზე _ გ. ყ-ზე, ხოლო მეორე ნახევარი _ ქ. ყ-ზე. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა მამის კუთვნილ წილს და გახდა მისი საკუთრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ქ. ყ-მა თავის შესაგებელში მიუთითა, რომ სადავო სახლი აშენდა 1959-60 წლებში. ამ დროისათვის ს. 18 წლის იყო. იგი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ამოეწერა სოფ. ........-დან და საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა ქ. რუსთავში, სადაც ჩაეწერა და შემდგომში (1972წ.) ბინაც მიიღო. აღნიშნულ ბინაში ამჟამადაც ცხოვრობს ოჯახით. გ. ყ-თან ერთ ოჯახად ცხოვრობდა მეუღლესთან, აწ გარდაცვლილ ნ. ყ-თან ერთად. გ. ყ-ის ნაკვეთიდან მოსარჩელეს გამოეყო საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ოჯახის ერთობლივი ძალისხმევით ააშენეს ბინა, რომელშიც სოფ.ში ჩამოსვლისას ცხოვრობდა ს. ყ-ი. კომლის უფროსის _ გ. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ სახლში ცხოვრობდა თვითონ და მისი მეუღლე ნ. ყ-ი. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ის ცხოვრობდა. ვინაიდან სახლი აღურიცხავი იყო, ამიტომ თხოვნით შევიდა საკრებულოში სახლის დაკანონების შესახებ. მიაჩნდა, რომ მას, როგორც კომლის უკანასკნელ წევრს და მემკვიდრეს, გამგეობამ კანონიერად დაუკანონა სახლი. ასევე, აღნიშნავდა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან გასული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების 6-თვიანი ვადა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ყ-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და დაევალათ მოპასუხეებს სათანადო გარემოებების გამოკვლევის შედეგად გამოეცათ ახალი ადმინისტრაციული აქტები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სააპელაციო საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო და დამტკიცდა მორიგება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 8 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ყ-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ს. ყ-მა შეამცირა სარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე და მოითხოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ სოფ. ........-ის აგროფირმა “ა-ის" ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, 1988 წლამდე ოჯახის უფროსად ირიცხებოდა გ. კ-ი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი _ ნ. კ-ი (ყ-ი) და მისი მეუღლე _ ქ. კ-ა (ყ-ი). აღნიშნული დასტურდებოდა 2000წ. 2 ოქტომბრის აქტითაც.

სოფ. ....... მკვიდრთა განმარტებით, დადგენილი იყო, რომ 1959 წელს სახლის აშენებაში უშუალოდ მონაწილეობდა აწ გარდაცვლილი გ. კ-ის სამივე ვაჟი _ ნ., ყ. და ს.. სახლში ცხოვრობდა ორი ძმა _ ნ. და ს., რომელთა შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია და ს. ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა თავისი სახსრებით აშენებულ ბინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იყო სათანადო გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ყ-მა, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. გაურკვეველია, რომელი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას და რომელი უნდა გარკვეულიყო, ასევე გაურკვეველი იყო, რომელი გარემოება მიიჩნია სასამართლომ გასაჩივრებული აქტების ბათილობის საფუძვლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ყ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს. ყ-ი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა ორ გარემოებაზე: 1) 1959 წელს აშენებული სახლის მშენებლობაში მონაწილეობას ღებულობდა მამასთან და ძმებთან ერთად და 2) მშობლების გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა სადავო სახლში და მას, როგორც მემკვიდრეს, მიღებულად ეთვლებოდა მემკვიდრეობა მშობლების დანაშთ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, კერძოდ: ბერულის თემის საკრებულოს 1998წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 აპრილის ¹43 დადგენილებას საფუძვლად ედო სოფ. ბერულის საკრებულოს გადაწყვეტილება, ამიტომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებისა და გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნის საფუძველს აძლევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები: კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სოფ. ......... აგროფირმა .......-ის ცნობის თანხმად, 1988 წლამდე საკომლო წიგნის ჩანაწერის თანახმად, ოჯახის უფროსად ირიცხებოდა გ. კ-ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ კომლში ირიცხებოდა ნ. გ.ს ძე კ-ი (ყ-ი) და მისი მეუღლე _ ქ. ყ-ი. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა სოფ. .......-ში მცხოვრები პირების მიერ 2000წ. 2 ოქტომბერს შედგენილი აქტით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ-ი გარდაიცვალა 1988 წელს, ხოლო მისი მეუღლე _ 1982 წელს. სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სკ-ის ძალაში შესვლამდე, გამოიყენება 1964წ. სკ-ის დებულებანი. აღნიშნული კოდექსის (1964წ.) 569-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, კომლის ქონებაზე მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. საკოლმეურნეო კომლში მემკვიდრეობა იხსნება კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემდეგ. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრად აღრიცხული დარჩნენ ნ. ყ-ი და ქ. ყ-ი, ამიტომ ზემოაღნიშნული ნორმის დებულებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლში მემკვიდრეობა არ გახსნილა. აღნიშნულ გარემოებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მემკვიდრეობის მოწმობა. ს. ყ-მა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მას სადავო სახლზე მემკვიდრეობის მოწმობა არ გააჩნია.

სააპელაციო სასამართლომ სოფ. ....... მცხოვრებთა მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ყ-ი მონაწილეობას ღებულობდა 1959 წელს აშენებული სახლის მშენებლობაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარტოოდენ ის გარემოება, რომ ს. ყ-ი მონაწილეობას ღებულობდა სახლის მშენებლობაში, არ წარმოადგენს განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან 1964წ. სკ-ის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს 1959წ. შემდეგ გ. კ-ის კომლში ს. ყ-ის კომლის წევრობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოებებზე მითითება, რომ ეს უკანასკნელი მონაწილეობას ღებულობდა 1959 წელს აშენებული სახლის მშენებლობაში და იგი წარმოადგენს გ. კ-ის მემკვიდრეს, არ წარმოადგენს მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, თუ რომელი გარემოებები არ იქნა გამორკვეული და შეფასებული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას და რომელი გარემოება მიიჩნია სასამართლომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემით კანონით დაცული რომელი უფლება შეელახა მოსარჩელეს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.