Facebook Twitter

ბს-89-280-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური უზრუნველოყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის) ოზურგეთის განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1924 წელს, 1942 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, საიდანაც დაინვალიდებული დაბრუნდა 1945 წელს. ომიდან დაბრუნებისას იყო მესამე ჯგუფის ინვალიდი, 1998 წელს უვადოდ მიაკუთვნეს სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინალიდობა, 1998წ. 1 იანვრიდან ღებულობს ომის ინვალიდობის პენსიას 45 ლარის ოდენობით. მოსარჩელე თვლიდა, რომ სოცუზრუნველყოფის ორგანოებს მისთვის ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად უნდა დაენიშნა მოხუცებულობის პენსია მასზე ორმაგი დანამატით 1996წ. ოქტომბრიდან ანუ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მიღებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ 1998 წლამდე მოხუცებულობის პენსია უმნიშვნელო რაოდენობის იყო, მოსარჩელემ მიუღებელი დანამატის ანაზღაურება მოითხოვა არა 1996წ. 16 ოქტომბრიდან, არამედ 1998წ. 1 იანვრიდან. ვინაიდან 1998წ. 1 იანვიდან ამავე წლის 1 ნოემბრამდე მოხუცებულობის პენსიის ოდენობა 13 ლარით განისაზღვრებოდა, ხოლო 1 ნოემბრიდან – 14 ლარით, მოსარჩელემ მოითხოვა გაცდენილი დროის განმავლობაში მიუღებელი პენსიის 1800 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სარჩელის შეტანიდან თვეში 87 ლარის დანიშვნა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 03.07.02წ. გადაწყვეტილებით გ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაევალა გ. ს.-ს დაუნიშნოს მეორე სახის ანუ მოხუცებულობის გამო პენსია 2002წ. 10 ივნისიდან ამავე პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატით, სულ ყოველთვიურად 42 ლარი და სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდობის პენსიასთან ერთად (45 ლ) გ. ს.-ს საერთო ჯამში ყოველთვიურად დაენიშნა 87 ლარის ოდენობის პენსია. მოსარჩელეს უარი ეთქვა წინა პერიოდის ორი სახეობის პენსიის ანაზღაურებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, გ. ს.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა აღნიშნა, რომ მეორადი პენსიის დანიშვნის უფლებას იპოვენ მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც პენსია დანიშნული აქვთ ძალოვან უწყებებში, მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებული ინვალიდობის მიხედვით. აპელანტმა მიუთითა, რომ სარჩელის უსაფუძვლობა დასტურდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.07წ. გადაწყვეტილებით და საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 31.10.01წ. მეთოდური წერილით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.11.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 03.07.02წ. გადაწყვეტილება, გ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 04.11.97წ. გადაწყვეტილებით უარყო სარჩელი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურობის თაობაზე და განმარტა, რომ საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს.-ი არის 75 წელს გადაცილებული და დიდ სამამულო ომში მონაწილე პირი, ამასთანავე, პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ გ. ს.-ს ომის შემდეგ სამხედრო სამსახური არ გაუგრძელებია, შესაბამისად მას არც სათანადო წელთა ნამსახურობა აქვს, რის გამო მასზე ვერ გავრცელდება კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ს.-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ არის მარტოხელა, ავადმყოფი პენსიონერი, 2002წ. დეკემბრიდან დაწყებული ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა სოფ.ში, შვილის ოჯახში. ოზურგეთში სახლ-კარი მიბარებული ჰქონდა მეზობლებისათვის, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, რის შემდეგ შეადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორი თვლის, რომ მას არ გაუცდენია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

კასატორი აღნიშნავს, რომ დაზიანებული აქვს მარცხენა ფეხი, არის 80 წელს გადაცილებული მეორე ჯგუფის ინვალიდი, რის გამო ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

საკასაციო პალატამ 29.07.03წ. განჩინებით წარმოებაში მიიღო საკასაციო საჩივარი, ვინაიდან საქმის მასალები არ შეიცავენ კასატორისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. საქმე სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება გ. ს.-ზე, იმის გამო, რომ მას ომის შემდეგ სამხედრო სამსახური არ გაუგრძელებია და არ აქვს სათანადო წელთა ნამსახურობა. ხსენებული კანონის მე-60 მუხლის მიხედვით ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან, მათ მოხუცებულობისათვის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. ს.-ი არის 75 წელს გადაცილებული, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მონაწილე. სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის რაიონული განყოფილების 08.09.01წ. ¹2091 და 20.09.01წ. ¹2106 ცნობების თანახმად გ. ს.-ს მოხუცებულობის გამო პენსია მინიჭებული აქვს 1979წ. 07 ივნისიდან, ამავე პერიოდისათვის იგი იყო აგრეთვე ომის მე-3 ჯგუფის ინვალიდი, 1983წ. 15 აგვისტოდან მას უვადოდ განესაზღვრა სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდობა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიური კანონების საფუძველზე მას დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. ამდენად გ. ს.-ი პასუხობს კანონის მე-60 მუხლით დადგენილ ყველა პირობას, შესაბამისად გ. ს.-ი განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომელთათვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების და მოხუცებულობის პენსიაზე კანონით განსაზღვრული დანამატის მიღების უფლება. პალატა თვლის, რომ გ. სარივილი არის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის I-ლი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან მითითებული მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილების თანახმად “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან და შესაბამისად ამ კაგონის მე-60 მუხლში მითითებული შეღავათი ვრცელდება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია აღნიშნული კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ იმ პირებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლისას დაინვალიდნენ, ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი იყო არა ინვალიდი, მეორე მსოფლიო ომში სერჟანტის წოდებით მონაწილე პირი. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლი საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა შორის ითვალისწინებს ისეთ სუბიექტებს, როგორიცაა სამხედრო ვადიანი სამსახურის დროს დაინვალიდებული პირები, საკონცენტრაციო ბანაკში იძულებით მყოფი მეომრები, მეორე მსოფლიო ომის დროს გეტოებში ყოფილი არასრულწლოვანი პატიმრები, რაც აშკარად ადასტურებს სააპელაციო პალატის მოსაზრების უმართებულობას იმის შესახებ, რომ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ ომის მონაწილე ოფიცრის წოდების და სათანადო წელთა ნამსახურობის მქონე პირებს, რომლებმაც გააგრძელეს სამსახური ომის შემდეგ. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, სასწავლო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეულ პირებს (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარვის გამო პენსიით უზრუნველყოფს სახელმწიფო. ვინაიდან გ. ს.-ი იყო კანონის I-ლი მუხლით გათვალისწინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე და მას კანონით გათვალისწინებული შემთხვევით – მეორე მსოფლიო ომში სამხედრო სამსახურის დროს აქვს მიღებული ინვალიდობა, რის გამო მას კანონის მე-3, მე-9, მე-19 მუხლის “ა” ქვეპუნქტით და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიური კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით, მასზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათები, კერძოდ, უკვე დანიშნული ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად მას უნდა მიეცეს მოხუცებულობის პენსია (14 ლარი), ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლარი), ჯამში თვეში 87 ლარის მიღების უფლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ს.-ს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე არ გაუსაჩივრბია. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებები მისთვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა მთლიანად, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა წინა პერიოდის საპენსიო თანხის ანაზღაურების შესახებ და რომლის მიმართაც აპელანტს არ გააჩნდა უფლებადამცავი ინტერესი. ვინაიდან გ. ს.-ს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი პერიოდის განმავლობაში მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის პენსის თანხის გადახდის დაკისრების შესახებ, გ. ს.-ის სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის სარჩელის აღძვრამდე გასული პერიოდისათვის დანიშვნის თაობაზე, ამდენად, გ. ს.-ს ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად (45 ლარი) მეორე სახეობის პენსია, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების თანახმად, უნდა დაენიშნოს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან, 2002წ. 10 ივლისიდან.

საკასაციო პალატა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის I-ლი პუნქტის “გ”, “რ” ქვეპუნქტების, სასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს მხარეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.11.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. გ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გ. ს.-ს უკვე დანიშნული ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად დამატებით დაენიშნოს მოხუცებულობის პენსია (14 ლარი), ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლარი), სულ თვეში 87 ლარი, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალს დაევალოს გ. ს.-ის სასარგებლოდ დამატებით დანიშნული პენსიის თანხა გასცეს 2002წ. 10 ივლისიდან.

3. გ. ს.-ს უარი ეთქვას სარჩელის აღძვრამდე წინა პერიოდის პენსიის თანხის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.