¹ბს-89-73-კ-04 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის დაკანონება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 დეკემბერს ბ. მ.-მ თელავის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე ქ. თელავის გამგეობის მიმართ და ქ.თელავის გამგეობის ტექნიკური კომისიის 2002წ. 12 სექტემბრის დასკვნის ბათილად ცნობა და მისთვის 564 კვ.მ მიწის ფართობის დაკანონება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
იგი ქ.თელავში, ... ცხოვრობდა. წარსულში აღნიშნული ბინა მამამისის ძმას _ ი. მ.-ს ეკუთვნოდა, რომელმაც იგი 1929წ. 1 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მიმდებარე 1650 კვ.მ მიწის ფართით. 1953 წელს რაისაბჭოს აღმასკომმა ი. მ.-ს 1000 კვ.მ მიწის ფართობი ჩამოართვა და ქალაქის ფონდში ჩარიცხა. 1965 წელს ი. მ.-მა ზემოთ მითითებული ბინა მიმდებარე მიწის ფართით თავის დისშვილს _ მ. თ.-ს აჩუქა, რომელმაც 1978წ. 23 მაისს აღნიშნული ქონება მოსარჩელეს უანდერძა. 1968წ. 17 სექტემბერს მოსარჩელის მამკვიდრებელმა მ. თ.-მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინის ნაწილი 350 კვ.მ მიწის ფართით მეზობელს _ ი. ა.-ს მიჰყიდა, რომელმაც, თავის მხრივ, 1976 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. თ.-ს უკან დაუბრუნა სახლის ნაწილი 441 კვ.მ მიწის ფართით. 2001წ. 3 აგვისტოს ქ. თელავის ტექინვენტარიზაციის ბიუროდან გაცემული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, მოსარჩელე 564 კვ.მ მიწის ნაკვეთს კანონიერად ფლობს. ამასთან, ქ.თელავის გამგეობის ტექნიკური კომისიის 2002წ. 12 სექტემბრის დასკვნით ირკვევა, რომ მოსარჩელე მხოლოდ 441 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც ტექინვენტარიზაციის ბიუროს ზემოაღნიშნულ მონაცემებს ეწინააღმდეგება და ემყარება იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ჯეროვნად შესწავლილი და გამოკვლეული არ არის.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად მოსარჩელის მეზობელი მ. ბ.-ე ჩაება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. მ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ ვერ გაარკვია, თუ საიდან აღმოჩნდა მიწის ფართობის ოდენობა 441 კვ.მ, მაშინ, როდესაც საქმის მასალებში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის შესახებ სხვადასხვა დროს შესული ცვლილებებით აღნიშნული ციფრი არ მიიღებოდა. ასევე, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებაც, რომ 1975 წელს მ. თ.-ს მიწის გადასახადი 891 კვ.მ მიწის ფართობზე აქვს გადახდილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 29 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველო ჩაება.
მესამე პირმა – ე. ბ.-მ შეპასუხებაში სააპელაციო საჩივარი არ ცნო და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი არ ცნო, აგრეთვე, თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თელავის გამგეობის ტექნიკური კომისიის 2002წ. 12 სექტემბრის დასკვნა და ქ. თელავის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თელავის გამგეობის ტექნიკურმა კომისიამ მიერ საკითხი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გამოიკვლია. დასკვნაში აღნიშნულია ის თანმიმდევრული ცვლილებები, რაც სადავო მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობამ განიცადა და რის შედეგადაც ბ. მ.-ს ამჟამად 441 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერიცხება, კერძოდ, მითითებულია, რომ 1953 წელს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის შედეგად ი. მ.-ის 650 კვ.მ მიწის ფართობი დარჩა, საიდანაც 1968 წელს მ. თ.-მ ი. ა.-ზე 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაასხვისა, ხოლო მას შემდეგ, რაც 1976 წელს ი. ა.-მა 441 კვ.მ მიწის ფართობი დაუბრუნა, აღნიშნული ფართობის მიმართ ცვლილებები აღარ მომხდარა და ბ. მ.-ს 441 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერიცხება. მოცემულ შემთხვევაში კომისიამ 441 კვ.მ ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ისე მიიჩნია სწორ მონაცემად, რომ არ გამოურკვევია, თუკი 1968 წელს მ. თ.-ის 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემდეგ 300 კვ.მ მიწა დარჩა, როგორ აღმოჩნდა მის მიერ 441 კვ.მ ფართობი მიწის დაბრუნების შემდეგ მიწის საბოლოო ოდენობა მხოლოდ 441 კვ.მ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. მ.-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თელავის გამგეობის ტექნიკური კომისიის დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშე არის მიღებული, რადგან, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე იქნა დადგენილი, რომ ბ. მ.-ს 441 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა. კერძოდ, ზემოთ მითითებული დასკვნის მიხედვით, 1953წ. 25 ნოემბრის ¹31 ოქმის მიხედვით ბ. მ.-ის ბიძას – ი. მ.-ს 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა. 1953 წელს რაისაბჭოს აღმასკომმა მას 1000 კვ.მ მიწის ფართობი ჩამოართვა და ქალაქის ფონდში ჩარიცხა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს 650 კვ.მ ნაკვეთი დარჩა. 1968წ. 17 სექტემბერს მ. თ.-მა სახლის ½ ნაწილი 350 კვ.მ მიწის ნაკვეთით ი. ა.-ზე გაასხვისა, ხოლო მას შემდეგ, რაც 1976წ. 4 ნოემბრის ხელშეკრულებით ი. ა.-მ 441 კვ.მ მიწის ნაკვეთი დააბრუნა, აღნიშნული ფართობის მიმართ ცვლილებები აღარ მომხდარა.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 441 კვ.მ მიწის ფართობი დასკვნაში მითითებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრულად სწორ მონაცემად ვერ ჩაითვლება, რადგან თუკი 1968 წელს მ. თ.-ს 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემდეგ 300 კვ.მ მიწა დარჩა, გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა მის მიერ 441 კვ.მ. ფართობი მიწის დაბრუნების შემდეგ მიწის საბოლოო ფართობის ოდენობა მხოლოდ 441 კვ.მ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ ზემოთ მითითებული გარემოება ქ.თელავის გამგეობის მიერ ხელახლა უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, ხოლო სადავო დასკვნა კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად ლარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოა და არ საჩივრდება.