ბს-91-282-კ-03 16 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ.ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 9 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს სს “მ-ის”-თვის 297.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 26 დეკემბრის ¹884 დადგენილების საფუძველზე სს “მ-ს” სკბ “ს-იდან” გამოეყო 220000 აშშ დოლარი კრედიტი, ხუთი თვის ვადით წლიური 72%-ის დარიცხვით, რაზეც 1994წ. 28 დეკემბერს სკბ “ს-სა” და მ-.კამვოლის კომბინატ “საქართველოს” (ამჟამად სს “მ-ი”) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. 1994წ. 28 დეკემბრის საგარანტიო წერილის თანახმად, კომბინატის მიერ სესხის დაუფარაობის შემთხვევაში, სკბ “ს-ს” გადაეცემოდა ამავე ბანკის აქციების სახელმწიფო წილიდან 297000 აშშ დოლარის ღირებულების აქციები. ვინაიდან დადგენილ ვადაში კომბინატმა კრედიტი ვერ დაფარა, საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან 1995წ. 11 ივლისს ჩატარებული თათბირის ¹24/91 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დაფარვა 1995წ. 1 სექტემბრამდე გადავადდა. ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 1995წ. 9 სექტემბრის ¹645 განკარგულების საფუძველზე _ 1995წ. 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან კრედიტი მაინც არ იქნა დაფარული, აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 5 ოქტომბრის ¹46-01-948 დადგენილებით, სკბ “ს-ს” საგარანტიო წერილით გარანტირებული 297000 ცალი სახელმწიფოს კუთვნილი აქცია გადაეცა. ამავე დადგენილებით, მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხები უნდა ჩაერიცხა პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხების სპეციალურ სამთავრობო ანგარიშზე.
საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹121 განკარგულებით სს “მ-ს” განევადა აღნიშნული სესხის გადაუხდელობის შედეგად წარმოშობილი სასესხო დავალიანების გადახდა. Aაღნიშნული განკარგულება ითვალისწინებდა საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებას ფინანსთა სამინისტროს და სს “მ-ს’’ შორის, მაგრამ ხელშეკრულება მოპასუხემ არ გააფორმა, ვინაიდან არ აღიარა სასესხო დავალიანება. მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს პოზიციის მართებულობა დასტურდებოდა “მ-ში’’ კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული რევიზიითაც.
საქმეში მესამე პირად ჩართულმა კონტროლის პალატამ მხარი დაუჭირა სარჩელს და განმარტა, რომ აღნიშნული დავალიანების არსებობა დადასტურდა კონტროლის პალატის შემოწმების შედეგადაც და აისახა კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2002წ. 5 ივლისის ¹15/1 დადგენილებაში.
მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვეს სს “მ-ის” უძრავ ქონებაზე, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე ყადაღის დადება.
სს “მ-მა” სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების _ ფინანსთა სამინისტროსა და ქონების მართვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა: სს “მ-ის” უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ყადაღა დაედო იმ მოტივით, რომ შემდგომში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გამხდარიყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
აღნიშნულ განჩინებაზე სს “საწარმოო გაერთიანება მ-მა” კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განჩინების მოტივაცია დაუსაბუთებელი იყო და მისი აღსრულება, ანუ საწარმოო პროცესის შეწყვეტა ყოველთვიურად 57940 ლარის ზარალს გამოიწვევდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით სს “საწარმოო გაერთიანება მ-ის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მის უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ყადაღა დაედო სასარჩელო მოთხოვნის (297000 აშშ დოლარის) ფარგლებში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა: სს “მ-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 297000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება გადახდის დროისათვის არსებული კურსით შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროსა და ქონების მართვის სამინისტროს 1994წ. 29 დეკემბრის საგარანტიო წერილი სამართლებრივად წარმოადგენდა იმ დროისათვის მოქმედი სკ-ით დადგენილი თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარე თავდების პასუხისმგებლობას (მუხ. 198). კოდექსის მე-200 მუხლის მიხედვით იმ თავდებზე, რომელმაც ვალდებულება შეასრულა, გადადის კრედიტორის ყველა უფლება ამ ვალდებულების მიხედვით.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შეასრულა რა თავდების ვალდებულება, მოვალეს სს “მ-ს” მიუთითა, რომ 1994წ. 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხა უნდა ჩარიცხულიყო პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხების სპეციალურ სამთავრობო ანგარიშზე. ამდენად, სამინისტრომ განუსაზღვრა მოპასუხეს ვალდებულება, მაგრამ არ მიუთითა ვალდებულების შესრულების ვადა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 169-ე მუხლის თანახმად, როცა ვალდებულების შესრულების ვადა არ არის წინასწარ აღნიშნული ან მოთხოვნის მომენტითაა განსაზღვრული, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება, როცა კი მოისურვებს, ხოლო მოვალეს მართებს შეასრულოს ასეთი ვალდებულება შვიდ დღეში კრედიტორის მიერ მოთხოვნის წაყენების შედეგად, თუ დაუყონებლივ შესრულების ვალდებულება არ გამომდინარეობს კანონის ხელშეკრულების ან ვალდებულების არსიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 20 აპრილის განკარგულებით სს “მ-ს” 1997წ. 1 აპრილის მდგომარეობით მასზე რიცხული სახელმწიფო ბიუჯეტის და სპეციალური ფონდების მიმართ არსებული ძირითადი დავალიანებებით განევადა 2000წ. 1 იანვრამდე, ხოლო 2000წ. 20 ოქტომბრის ¹1133 განკარგულებით _ 2003 წლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეები უფლებამოსილნი იყვნენ მოეთხოვათ მოპასუხისაგან მასზე რიცხული დავალიანების 297.000 აშშ დოლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საწარმოს პრივატიზებამდე საწარმოო საფინანსო მონაცემებით საკრედიტო დავალიანება არ ერიცხებოდა, რამდენადაც აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. Aსევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის განცხადება იმის თაობაზე, რომ სს “ლ-მა’’ შეიძინა უფლებრივად და ნავთობრივად უნაკლო ნივთი და მას არ აკისრია რაიმე ვალდებულება, რადგან მოცემულ შემთხვევაში “ლ-ი’’ არ წარმოადგენს მოპასუხეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “მ-მა” საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის გამო სარჩელზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 169-ე მუხლზე მითითებით არასწორად ჩათვალა, რომ სს “მ-ის’’ მიერ სამინისტროთა მიმართ ვალდებულების შესრულების ვადა წინასწარ აღნიშნული არ ყოფილა. სს “მ-ს” კრედიტი უნდა დაეფარა 1995წ. 1 ივნისისითვის. გახდნენ რა მოსარჩელეები კრედიტორები, სს “მ-ს” მათ მიმართ წარმოეშვა ვალდებულება სადავო კრედიტის დაფარვისა და ამ ვალდებულების შესრულების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული არ იყო (რასაც ისინი არ ეთანხმებოდნენ), სასამართლოს ასევე უნდა დაედგინა, რომ სს “მ-ისათვის” დაუყონებლივი შესრულების ვალდებულება ხელშეკრულებისა და ვალდებულების არსიდან გამომდინარეობდა. მითითებული 169-ე მუხლის სწორი განმარტების შემთხვევაში სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა 1995წ. 5 ოქტომბრიდან უნდა აეთვალა.
კასატორის აზრით, იმ გარემოებას, რომ მოთხოვნა ახალი კრედიტორის მხრიდან იმთავითვე არსებობდა, ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995წ. 5 ოქტომბრის დადგენილებაც, რომლის მე-3 პუნქტში ნათქვამია, რომ სს მ-.კამვოლის კომბინატმა “საქართველომ” 1994წ. 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხები უნდა ჩარიცხოს პრივატიზაციის შედეგად ამონაგები თანხები სპეციალურ სამთავრობო ანგარიშზე.
კასატორის განმარტებით, სს “მ-ი” არ აღიარებდა 1994 წელს მიღებული სესხით წარმოშობილი სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რაც მოსარჩელეთათვის კარგად იყო ცნობილი და ამ ფაქტს ისინი თავად აღნიშნავდნენ სარჩელში და ეს გარემოებაც სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებს.
კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ს.ს. “მ-ის” მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი 1998წ. 22 დეკემბერს გაგზავნილ ¹01-10/172 წერილი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღიარებად ჩაითვლებოდა, როგორც ეს სარჩელშია აღნიშნული, სასარჩელო მოთხოვნა მაინც ხანდაზმულია, რადგან სს “ მ-ის” წერილი შედგენილია 1998წ. 22 დეკემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2002წ. 9 ოქტომბერს. აღნიშნულია გარემოებების გათვალისწინებით კასატორმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 20 აპრილის განკარგულებაში მითითებული განვადებული სს “მ-ზე’’ რიცხული სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების მიმართ დავალიანებებს არ მიეკუთვნებოდა მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი 297000 აშშ დოლარი. Mმაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის აღნიშნულ დავალიანებებად იქნება განხილული, მაშინ მოსარჩელეთა უფლება არც არის დარღვეული, რადგან ამ დავალიანებების დაფარვა 2003წ. განმავლობაში უნდა მოხდეს და გაუგებარია, თუ რატომ დააკმაყოფილა სასამართლომ მოთხოვნა, რომლის შესრულების დროც ჯერ არ იყო დამდგარი. სადავო კრედიტის სახელმწიფო სესხად მიჩნევის შემთხვევაში მისი განვადება უნდა მომხდარიყო ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, როგორც ეს 1997წ. 20 აპრილის განკარგულებაშია მითითებული, ხოლო 2000წ. 20 ოქტომბრის ¹1133 განკარგულებაში კი საუბარია მხოლოდ 1995 წელს წარმოშობილ სასესხო ურთიერთობაზე და იგი სადავო კრედიტს არ ეხება.
2003წ. 24 ოქტომბერს სს “მ-ის” წარმომადგენელმა ა. კ-მა დამატებითი საკასაციო საჩივარი წარმოადგინა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ქონების მართვის სამინისტრომ გარანტია მისცა ბანკს, რომ იგი სს “მ-ის” დავალიანებას დაფარავდა. 205-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 197-ე, 199-ე, 202-ე და 203-ე მუხლები. არც 198-ე მუხლი, რომელიც თავდების სოლიდარულ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს და არც მე-200 მუხლი, რომელიც ვალდებულებაშესრულებული თავდების უფლებებს განსაზღვრავს მოცემულ შემთხვევაში არ უნდა გამოყენებულიყო. ე.ი. კანონი არ აძლევს უფლებას გარანტს ჩამდგარიყო იმ თავდების როლში, რომელმაც ვალდებულება შეასრულა ანუ კანონი არ ითვალისწინებს გარანტის გამცემზე კრედიტორის ყველა უფლებათა გადასვლას, როგორც ეს თავდებობის დროს ხდებოდა. აქედან გამომდინარე სასამართლომ არასწორად გამოიყენა იმჟამად მოქმედი კოდექსის მე-200 მუხლი და არასწორად მიანიჭა გარანტიის გამცემს თავდების უფლებები. სამინისტროს მხოლოდ მაშინ უნდა შეესრულებინა გარანტიით ნაკისრი ვალდებულება თუკი ბანკი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებითი აღსრულების მიუხედავად სს “მ-ისაგან” მაინც ვერ დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში კი სამინისტრომ შეასრულა ის ვალდებულება, რომლის შესრულება მას არ ევალებოდა. აქედან ჩანს, რომ სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადასცა ქონება ბანკს. კასატორის მითითებით, ყველაზე უფრო მთავარი არის ის, რომ იმ პერიოდისათვის მოქმედი გარანტიის სამართლებრივი ბუნება საერთოდ გამორიცხავდა გარანტიის შემსრულებლის მიერ მოვალისათვის უკუმოთხოვნის წამოყენების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ არ ვრცელდებოდა ბანკისათვის მიცემულ გარანტიაზე მე-200 მუხლი, რომელიც თავდებობისას უკუმოთხოვნის უფლებას იძლევა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს “მ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1999წ. 26 დეკემბრის ¹884 დადგენილების საფუძველზე სააქციო კომერციულ ბანკ “ს-სა” და მ-.კომვოლის კომბინატ “საქართველოს” შორის 1994წ. 28 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა სავალუტო კრედიტი 220000 აშშ დოლარის ოდენობით წლიური 72%-ის დარიცხვით. კრედიტი გაიცა 5 თვის ვადით, 1995წ. 1 ივნისამდე. კრედიტის დაფარვის უზრუნველყოფას წარმოადგენდა ფინანსთა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროების საგარანტიო წერილი. კრედიტის ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში სკბ “ს-ს” გადაეცემოდა უსასყიდლოდ “ს-ის” აქციების სახელმწიფო წილი თანხით 297 000 აშშ დოლარი. კრედიტის დაფარვის ვადა საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან 1995წ. 11 ივლისს ჩატარებული თათბირის ¹24/91 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გადავადდა ჯერ 1995წ. 1 სექტემბრამდე, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 1995წ. 9 სექტემბერს ¹645 განკარგულებით _ იმავე წლის პირველ ოქტომბრამდე. კრედიტი არც ამ ვადაში იქნა დაფარული და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 5 ოქტომბრის ¹46.01.948 დადგენილებით სკბ “ს-ს” 1995წ. 1 ოქტომბრის მდგომარეობით გადაეცა საგარანტიო წერილის საფუძველზე 297000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 297000 ცალი სკბ “ს-ის” საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს კუთვნილი აქცია სარეალიზაციოდ. Aმავე დადგენილებით ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა 1994წ. 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხების ჩარიცხვა პრივატიზაციის შედეგად ამონაგები თანხების სპეციალურ სამთავრობო ანგარიშზე. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეებმა, ფინანსთა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებმა სასამართლოს მიმართეს 2002წ. 9 ოქტომბერს.
საკასაციო პალატა ფინანსთა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც აღინიშნა, საკრედიტო ხელშეკრულება სკბ “ს-ისა” და სს “მ-ს” შორის დაიდო 1994წ. 28 დეკემბერს. კრედიტის დაბრუნების ვადა განსაზღვრული იყო 1995წ. 1 ივნისით. ხოლო შემდგომ გადავადებული იქნა პირველ ოქტომბრამდე. ანუ ურთიერთობა წარმოშობილი იყო ახალი სკ-ის ამოქმედებემდე და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები. მითითებული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მასსა და სკბ “ს-ს” შორის 1994წ. 28 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული კრედიტი არ მოიაზრება საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 20 აპრილის ¹121 განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების მიმართ არსებული ძირითად დავალებებში, რომელთა გადახდა სს “მ-ს” 2000წ. 1 იამვრამდე გადაევადა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს კრედიტი გაიგივებული იქნება ზემოთ მითითებულ დავალიენებებთან, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 20 ოქტომბრის ¹1133 განკარგულებით ამ დავალიანების დაფარვა 2003წ. განმავლობაში უნდა მომხდარიყო, ანუ სარჩელის შეტანისას და სასამართლო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იყო დამდგარი შესრულების მოთხოვნის დრო. საკასაციო სასამართლო ამავე დროს მიიჩნევს, რომ სადავო თანხა არ წარმოადგენდა არც სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეცფონდების მიმართ დავალიანებებს და არც სახელმწიფო სესხს.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას ვალდებულების შესრულების ვადასთან დაკავშირებითაც და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად იმ თავდებზე, რომელმაც ვალდებულება შეასრულა, გადადის კრედიტორის ყველა უფლება ამ ვალდებულების მიხედვით, სს “მ-ს” საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად კრედიტი უნდა დაეფარა 1995წ. 1 ივნისისათვის, უკიდურეს შემთხვევაში 1995წ. 1 ოქტომბრისათვის, რომლითაც გადავადებული იყო კრედიტის დაფარვა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა სწორად მიიჩნევს სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 5 ოქტომბრის ¹46.01.948 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად განსაზღვრული იყო მხოლოდ ვალდებულება და არა ამ ვალდებულების შესრულების ვადა. ამავე დროს თავად ხეკლშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების არსიდან სწორადაც რომ ამ ვალდებულების დაუყონებლივ შესრულების მოთხოვნაა ანუ კრედიტით განსაზღვრულ დრომდე სარგებლობისა და ამის შემდგომ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება გამომდინარეობდა და ამიტომაც იქნა ორჯერ სპეციალური დადგენილებით გადავადებული კრედიტის დაბრუნება 1995წ. 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო კრედიტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 20 აპრილის ¹121 და შემდგომ 2000წ. 20 ოქტომბრის განკარგულებით გადავადებულ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეცფონდების მიმართ დავალიანებად იმ მიზეზით, რომ როგორც ამას თავად ფინანსთა სამინისტრო უთითებს თავის წერილში, სს “მ-ი” არ აღიარებდა სადავო კრედიტს 1994 წელს მიღებული სესხით წარმოშობილ სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე და შესაბამისად ულოგიკოა მომხდარიყო იმ კრედიტის გადახდის გადავადება, რომლის გადახდის ვალდებულებასაც მხარე არ აღიარებდა. საგულიოსხმოა ის ფაქტიც, რომ მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. განკარგულებაში მოხსენებულია მხოლოდ 1995 წელს მიუღებელ სახელმწიფო სესხზე, რომლის დაფარვის ვადაც 2005წ. პირველ აპრილამდე გაგრძელდა, მასში კი არაფრით არ შეიძლება მოიაზრებოდეს 1994 წელს აღებული კრედიტი.
საკასაციო პალატა ასევე ვერ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ სს “მ-ის” გენერალურ დირექტორს 1998წ. 22 დეკემბრის წერილს 1994წ. 28 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების აღიარებად, რადგან ამავე წერილში კონკრეტულად სადავო კრედიტზე არაფერია მითითებული, ამავე დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე არ აღიარებდა ამ კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას. თუნდაც ეს წერილი მიჩნეული იქნეს ამ კრედიტის არსებობის დადასტურებად და აღიარებად, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, სარჩელი შეტანილია თითქმის ოთხიწ. შემდგომ, ანუ როგორც 1964წ., ასევე მოქმედი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გადაცილებით. ამ ვადების დარღვევით სარჩელის შეტანა კი მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწიბნებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილება, როგორც იურიდიულად არასაკმაოდ დასაბუთებული, უნდა გაუქმდეს სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს საქმეზე გადაწყვეტილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კასატორის, ს.ს “ საწარმოო გაერთიანება მ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.