Facebook Twitter

ბს-933-791-კ-04 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 1993წ. 5 აპრილის დასკვნის მიხედვით, 1992წ. 27 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათზე, ტყიბულის შს განყოფილების სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება, რომ სოფ. ...ში მცხოვრებ მოქალაქე პ-ის ოჯახს თავს დაესხა ავტომატური იარაღით შეიარაღებული ორი ბოროტმოქმედი. პოლიციის თანამშრომლების შემთხვევის ადგილზე მისვლა ცნობილი გახდა ბოროტმოქმედებისათვის, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მათ, რა დროსაც ფეხის არეში დაიჭრნენ სისხლის სამართლის სამძებროს ოპერწმუნებული, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ. ა-ე და უფროსი ავტოინსპექტორი, პოლიციის მაიორი ზ. ც-ე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ზ. ც-ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ფეხის არეში, ხოლო დ. ა-ემ სხეულის მძიმე დაზიანება, ასევე ფეხის არეში. ქ. ტყიბულის შს განყოფილების თანამშრომლების _ ზ. ც-ის და დ. ა-ის ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული დაზიანებები ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ დაზიანებებად.

2003წ. 2 ივნისს დ. ა-ემ სასარჩელო განცხადება შეიტანა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა ქ. ტყიბულის შს ... განყოფილების ...ის თანამდებობაზე. 1992წ. 27 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება მარცხენა ბარძაყის არეში. დაზიანების გამო, 1997წ. 25 ივნისს შსს-ს სამედიცინო კომისიამ დაადგინა, რომ იგი არ იყო ვარგისი სამსახურისათვის, რის გამოც 1997წ. აგვისტოდან შსს ორგანოების პენსიონერია, როგორც II ჯგუფის ინვალიდი. მოსარჩელის განმარტებით, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით მას უნდა მიეღო ორი სახის ფულადი კომპენსაცია:

1. “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მის მიერ 5 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით;

2. “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების" 75-ე მუხლის შესაბამისად, ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაზიანების მიღებისა და პენსიაზე გასვლის პერიოდში მისი თანამდებობრივი ხელფასი შეადგენდა 110,48 ლარს. აქედან 5 წლის ხელფასი შეადგენს 5599,2 ლარს, 10 თვის ხელფასი _ 1100,4 ლარს. კომპენსაციის ნაწილი თანხა მიღებული აქვს და სულ დარჩა მისაღები 6403,2 ლარი.

მოსარჩელის აზრით, იმის გამო, რომ კომპენსაციის მიღება გაჭიანურდა შსს მიერ და 2000წ. 28 ივნისს “პოლიციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით შემცირდა პოლიციის თანამშრომლის ხელფასი, შსს-ს და შემდგომში სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ არასწორად იქნა მიჩნეული, რომ მათ დ. ა-ისათვის არ უნდა გადაეხადათ 6403,2 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ბრძანებულების “შს ორგანოს თანამშრომლის ფულადი ანაზღაურების" 55-ე მუხლის, “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 75-ე მუხლის შესაბამისად, 6403,2 ლარის მოპასუხე სოცუზრუნველყოფის ფონდისათვის დაკისრება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 27 აგვისტოს განჩინებით დ. ა-ის სასარჩელო განცხადება არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაუგზავნა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, სოცუზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6403,2 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დ. ა-ის სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ. ა-ემ სხეულის დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე იგი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 1997წ. აგვისტოში, რაც დასტურდება შს მინისტრის მოადგილის დასკვნით. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ტყიბულის ქვეგანყოფილებაში გამომძიებლის ხელფასი არის 110,48 ლარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.

სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ა-ეს გაშვებული აქვს სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1008-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, ვინაიდან მას კუთვნილი თანხა უნდა მოეთხოვა 1997წ. აგვისტოდან. მან კი სასამართლოს მიმართა 2003წ. 2 ივნისს. დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადაც არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი არის შს სამინისტრო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეში მოპოვებული შსს ცნობით დ. ა-ეს 1999წ. 18 თებერვალს მიეცა 1029,60 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად თვლის და მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 1997 წლიდან, არამედ 1999წ. 18 თებერვლიდან, როცა მან კომპენსაციის სახით მიიღო 1029 ლარი. მაგრამ კასატორის აზრით, დროის არც ეს ათვლა იქნება სწორი, ვინაიდან კომპენსაციის მიღებისას იგი დარწმუნებული იყო, რომ თანხას მიიღებდა სრული ოდენობით, როგორც ამას ითვალისწინებს “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული დარღვევის შესახებ, მან შეიტყო მოგვიანებით, 2002წ. მარტში, როდესაც სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდა ყოფილ კოლეგას და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პენსიონერს. აქედან გამომდინარე დ. ა-ე მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად უნდა ჩაითვალოს სწორედ 2002წ. მარტი. კასატორმა ისიც დაამატა, რომ გასაკეთებელი აქვს ოპერაცია, ფეხის ძვალზე არსებული ჩირქოვანი მიკროფისტულის არსებობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორმა, ქ. ტყიბულის შს განყოფილების ... განყოფილების ...მა დ. ა-ემ, 1992წ. 27 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. შს მინისტრის 1997წ. 29 აგვისტოს ¹525 პ/შ ბრძანებით დ. ა-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე".

“პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის, რომელიც პოლიციელის სოციალურ გარანტიებს ითვალისწინებს, მე-6 პუნქტის თანახმად: “პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით", ხოლო “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹139 ბრძანებულებით) 75-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: “შს ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი".

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორი დ. ა-ე შს ორგანოებიდან დაითხოვეს 1997წ. აგვისტოში, შსს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცნობის მიხედვით დ. ა-ეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული სხეულის დაზიანების გამო, 1999წ. 18 თებერვალს გაიცა კომპენსაცია 1029 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით. “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 და “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 75-ე მუხლის პირველი პუნქტების საფუძველზე, კომპენსაციის დარჩენილი თანხის მისაღებად შს სამინისტროსთვის დ. ა-ის მიერ მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. დ. ა-ემ კომპენსაციის დარჩენილი თანხის, 6403,2 ლარის, მისაღებად სასამართლოს სარჩელით მიმართა 2003წ. 2 ივნისს, კომპენსაციის თანხის მიღებიდან 4 წლისა და 3 თვის, ხოლო შს ორგანოებიდან დათხოვნიდან 6 წლის შემდეგ.

სკ-ის 1008-ე მუხლის თანახმად: “დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ". ვინაიდან დ. ა-ე 2003წ. 2 ივნისს აღძრული სარჩელით ითხოვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის კომპენსაციის დარჩენილ მიუღებელ თანხას, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით დ. ა-ისათვის უარის თქმის შესახებ.

საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, თითქოს დ. ა-ე დარწმუნებული იყო, რომ ფულადი კომპენსაცია სრული ოდენობით მიეცა და მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ სამართალდამცავი ორგანოები რაიმე უზუსტობას დაუშვებდნენ მის მიმართ, საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის გაშვების საპატიო მიზეზებს. ვინაიდან პოლიციის მუშაკის უმთავრეს ფუნქციას სხვისი კანონიერი უფლებების დაცვა წარმოადგენს, კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ა-ეს უნდა სცოდნოდა პოლიციის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში შეეძლო დაეცვა მიუღებელ კომპენსაციაზე თავისი უფლებები. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მართებული დადგენითა და სკ-ის 1008-ე მუხლის სწორი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება ხანდაზმულობის მოტივით დ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.