ბს-934-792-კ-04 14 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ნ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს და ზ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა კომერციული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2003წ. 23 სექტემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ ჩაატარა კომერციული კონკურსი ..... მდებარე შპს “პ-ის” მიერ დაკავებულ ფართზე. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ზ. ნ-ე. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული კომერციული კონკურსი ბათილად უნდა გამოცხადებულიყო, რადგან აღნიშნულ ფართს იგი კანონიერად ფლობდა 1996წ. 18 დეკემბრის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაცემული იყო 10 წლის ვადით და მოქმედებდა 2005წ. 10 ნოემბრამდე. საიჯარო ხელშეკრულების ვადის მოქმედების პერიოდში, მოიჯარესთან შეთანხმების გარეშე, უფლება არ ჰქონდა მეიჯარეს, მოეხდინა ფართის პრივატიზაცია. სკ-ის 489-ე მუხლის შესაბამისად, ნივთი უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. ამ შემთხვევაში საპრივატიზებოდ გამოტანილ იქნა უფლებრივად ნაკლიანი ფართი, რადგან საიჯარო ხელშეკრულება ჯერაც მოქმედებდა.
სასამართლოს დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა ზ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა კონკურსის შედეგების კანონიერად აღიარება, რათა საშუალება მისცემოდა გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოეხდინა ქონების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში ზ. ნ-ე მიუთითებდა, რომ სკ-ის 581-ე მუხლის შესაბამისად, მან დაიკავა მეიჯარის ქონების მართვის სამმართველოს ადგილი და იჯარის ხელშეკრულების გასვლამდე ძალაში რჩებოდა ის უფლებები და მოვალეობები, რაც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნდათ მხარეებს. მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მეიჯარეს უფლება არ ჰქონდა, მოიჯარესთან შეთანხმების გარეშე მოეხდინა ფართის პრივატიზება, უსაფუძვლო იყო და არ შეესაბამებოდა სკ-ის მოთხოვნებს, რადგან მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა ნივთი და ასეთ შემთხვევაში უფლებრივად უნაკლო ნივთის თაობაზე პრეტენზია მას უნდა ჰქონოდა და არა მოსარჩელეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “პ-ის” დირექტორ დ. ნ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ 2003წ. 23 სექტემბერს ჩატარებული კონკურსის შედეგები ქ. ქუთაისში, ..... მდებარე ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებით. არ დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა შპს “პ-ის” დირექტორის სარჩელი და დაკმაყოფილდებოდა მისი დამოუკიდებელი სარჩელი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “პ-ის” დირექტორ დ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის განჩინება საკონკურსო კომისიის 2003წ. 23 სექტემბრის ოქმის მოქმედების შეჩერებისა და სადავო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების აკრძალვის შესახებ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მთავრობის 2003წ. 12 მაისის დადგენილებით დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც შეტანილ იქნა არასაცხოვრებელი 32.27 კვ.მ, მდებარე ქ. ქუთაისში, ..... აღნიშნული დადგენილება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. დადგენილების მეორე პუნქტით, ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ობიექტების პრივატიზების განხორციელება დაევალა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2003წ. 22 აგვისტოს გაზეთ “ .........-ში” გამოქვეყნდა ინფორმაცია კომერციული კონკურსის თაობაზე, რომელშიც მითითებული იყო ობიექტის დასახელება, ფართის ოდენობა, შენობისა და მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი. 2003წ. 22 აგვისტოს გამართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარადგინა ორმა პიროვნებამ. საკონკურსო კომისიის 2003წ. 29 აგვისტოს ოქმით, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ზ. ნ-ე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია სკ-ის 489-ე მუხლზე მითითებით ქონების მართვის სამმართველოს მიმართ იმის თაობაზე, თითქოს ამ უკანასკნელმა გაყიდა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი და მიუთითა, რომ ამავე კოდექსის 487-ე მუხლის საფუძველზე გამყიდველს გააჩნდა მყიდველის მიმართ უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა და მესამე პირის მხრიდან ასეთი პრეტენზია უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზ. ნ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი შეგებებული სარჩელი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენდა შესაგებელს ძირითად სარჩელზე და სასამართლოს იგი არ უნდა მიეღო წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “პ-ის” დირექტორმა დ. ნ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მას სადავოდ არ გაუხდია ქ. ქუთაისის მთავრობის 2003წ. 12 მაისის დადგენილებით დამტკიცებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს 2003წ. 23 სექტემბერს ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ უთუოდ მოიცავდა ქ. ქუთაისის მთავრობის 2003წ. 12 მაისის დადგენილებით დამტკიცებული სადავო არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის ბათილად ცნობის მოთხოვნასაც.
კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის მთავრობამ დაარღვია სკ-ის 581-ე და 534-ე მუხლები, რადგან მხარეებს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული არ იყო და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა უფლებარივად ნაკლის მქონე ნივთი. კასატორის აზრით, სადავო პრივატიზებისას დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლი და “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-8-ა პუნქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “პ-ის” დირექტორ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ქუთაისის მთავრობის 2003წ. 12 მაისის ¹47 დადგენილებით დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც 162-ე ნომრად შეტანილ იქნა 32,37 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი, არსებული .... აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტით, ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა ნუსხაში შეტანილი ობიექტების პრივატიზება განეხორციელებინა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2003წ. 22 აგვისტოს გაზეთ “ ........-ის” მე-17 ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების თაობაზე. ინფორმაციაში მითითებულ იქნა ფართის ოდენობა _ 32,27 კვ.მ, საპრივატიზებო ობიექტების გასაყიდი ფასი- 312,31 აშშ დოლარი და მიწის ფართობის ნორმატიული ფასი _ 74,14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. საპრივატიზებო ობიექტის გასაყიდი ფასი მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებით _ 3196,47 აშშ დოლარი. მითითებულია ბეს ოდენობა და ობიექტის ღირებულების გადახდის ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში). ასევე მითითებული იყო იმის შესახებ, რომ ობიექტზე მოქმედებდა იჯარის ხელშეკრულება 2005წ. 10 ნოემბრამდე.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რადგან საქმეში ჩართულ არ იქნა ქ. ქუთაისის მთავრობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და საპროცესო კანონმდებლობას. საქმეზე წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით შპს “პ-ის” დირექტორი ითხოვდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოში მ/წლის 23 სექტემბერს ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას. ..... მდებარე ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს ქ. ქუთაისის მთავრობის 2003წ. 12 მაისის ¹47 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა არ დაუყენებია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს ასეთი მოთხოვნა ექნებოდა, მაშინ მას მოპასუხედ უნდა დაესახელებინა ქ. ქუთაისის მთავრობა, ვინაიდან სარჩელზე პასუხს აგებს მოპასუხე და არა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის საფუძველზე ჩართული მესამე პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს “პ-ა” სასარჩელო განცხადებაში კომერციული კონკურსის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მეიჯარეს უფლება არ ჰქონდა, მოიჯარის თანხმობის გარეშე, გაესხვისებინა საიჯარო ფართი და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებდა სკ-ის 489-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული არ იყო, არ წარმოადგენს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და შპს “პ-ს” შორის 1996წ. 18 დეკემბერს გაცემული ¹628 იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “პ-ას” უფლებები დაცულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2005წ. 10 ნოემბრამდე), იმ განსხვავებით, რომ მეიჯარის ადგილს დაიკავებს შემძენი.
უსაფუძვლობის გამო, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოტივი იმის შესახებ, რომ სკ-ის 361.2 მუხლისა და 581.2, 534-ე, 489.1 მუხლების საფუძველზე, ხელშეკრულების ძალით არ უნდა განხორციელებულიყო პრივატიზება, ხოლო ამავე კოდექსის 487-ე მუხლის შესაბამისად, გამყიდველი მოვალე იყო, მყიდველისათვის გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული სკ-ის ნორმები არ ადასტურებენ კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას, რადგან უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის მოთხოვნის უფლება გააჩნია მყიდველს და არა მოიჯარეს, რომლის უფლებები დაცულია სკ-ის 572-ე მუხლის შესაბამისად. ის გარემოება, რომ საპრივატიზებო ობიექტზე იჯარის უფლება არსებობდა გამყიდველის მიერ, მითითებული იყო გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ამის შესახებ ცნობილი იყო მყიდველისათვის და იგი დაეთანხმა შეთავაზებულ პირობებს.
ასევე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო პრივატიზებისას დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა საპრივატიზებო ქონების ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003წ. 20 აგვისტოს ¹17 “ ......-ში” გამოქვეყნებულ იქნა ინფორმაცია ქ. ქუთაისში, ...... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებულია გასაყიდი ობიექტის ფართი, ადგილმდებარეობა, ფასი, მიწის ნაკვეთის ოდენობა და ნორმატიული ფასი. ბეს ოდენობა და გასაყიდი ობიექტის ღირებულების გადახდის ვადა. ამდენად, გამოქვეყნებული ინფორმაცია შეესაბამება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილისა და “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს. ინფორმაცია გამოქვეყნდა კონკურსამდე ერთი თვით ადრე, ანუ დაცულ იქნა ინფორმაციის გამოქვეყნების საჯაროობის პრინციპი. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვინმესთვის პერსონალურად შეტყობინების ვალდებულებას და, შესაბამისად, ასეთი ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრებოდა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “პ-ისათვის” ცნობილი იყო ობიექტის კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ.
ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისა და კონკურსის ჩატარების დროისათვის შპს “პ-ის” დირექტორი იყო ე. გ-ე. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლის თანახმად, შპს-ს ხელმძღვანელობა ეკისრება დირექტორს, რომელიც საზოგადოებას წარმოადგენს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში (9.4 მუხლი). საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2003წ. 23 სექტემბერს გამართულ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა შპს “პ-ის” დირექტორი ე. გ-ე. მაგრამ მას განაცხადი არ შეუტანია როგორც შპს “პ-ის” დირექტორს, მან მონაწილეობა მიიღო როგორც ფიზიკურმა პირმა, რომელმაც კონკურსში ვერ გაიმარჯვა, რადგან მეორე კონკურსანტმა ზ. ნ-ემ გამყიდველს უფრო მაღალი ფასი შესთავაზა. ამდენად, აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ შპს-სათვის, რომელსაც წარმოადგენს დირექტორი, ცნობილი იყო საიჯარო ქონების პრივატიზების შესახებ, მაგრამ საზოგადოებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადით არ მიუმართავს გამყიდველისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “პ-ის” დირექტორ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.