ბს-952-810-კ-04 9 დეკემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონში, ... ქუჩაზე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოებასთან დაკავშირებით, გასახლებაში მოჰყვა ნ. ჩ-ის ოჯახი, რომელსაც რაისაბჭოს აღმასკომმა 1989წ. 31 მარტის ¹92 გადაწყვეტილებით ზესტაფონში, .... ¹49 სახლში გამოუყო ერთოთახიანი ბინა ¹2, დედის, კასატორ ლ. კ-ე-ჩ-ისათვის. ამასთან, რაისაბჭოს აღმასკომის 1989წ. 30 ნოემბრის ¹417 გადაწყვეტილებით გარანტია მიეცა 3-ოთახიანი ბინის მიღებაზე. აღნიშნული სახლის მშენებლობა მიზეზთა გამო გაჭიანურდა და ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1991წ. 22 თებერვლის ¹73 გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ს გარანტია მიეცა ზესტაფონში, ... ქუჩაზე მშენებარე სახლში ორი ერთოთახიანი ბინის მიღებაზე. აღნიშნული სახლის ქვაბური პრივატიზებულია და მშენებლობა კვლავ არ დაწყებულა.
1987წ. 8 იანვრის აქტით სპეციალურმა კომისიამ აღწერა ზესტაფონში, .... ¹2-ში მდებარე ნ. ჩ-ის აღებაში მოყოლილი საცხოვრებელი სახლისა და ნარგავები და ქონება შეფასდა 5439 ლარად, აქედან 1866 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი _ 3182 ლარად. 2001წ. 30 აპრილს გაზეთ “ზ...ში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ...ის ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ. საკონკურსო პირობაში მითითებული იყო, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1991წ. ¹73 გადაწყვეტილებით გაცემულია გარანტია ერთოთახიან ბინაზე, რომლის დაკმაყოფილებაც ევალება კონკურსანტს. ... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მიზნით, 2001წ. 4 ივნისს გამართულ კონკურსში გაიმარჯვა “ო. კ-ის ხსოვნის ფონდმა”, რაც დამტკიცდა ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2001წ. 8 ივნისის ¹33 გადაწყვეტილებით და 2001წ. 20 ივნისს “ფონდსა” და ზესტაფონის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც “ფონდს” საკუთრებაში გადაეცა ... ქუჩაზე მდებარე 1517 კვ.მ, რაც შესაბამისად აღირიცხა საჯარო რეესტრში. საკონკურსო პირობების შესაბამისად, “ო. კ-ის ხსოვნის ფონდმა” ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის 1991წ. ¹73 გადაწყვეტილებით გაცემული გარანტიის დასაკმაყოფილებლად წარმოადგინა ზესტაფონში, ..., მე-2 სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
... ქუჩიდან გასახლებული ნ. ჩ-ი 2002წ. 29 აპრილს გარდაიცვალა. 2003წ. 24 ივნისს გარდაცვლილი ნ. ჩ-ის დედამ, კასატორმა ლ. კ-ე-ჩ-მა, სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ზესტაფონის რაიონის გამგეობის, “ო. კ-ის ხსოვნის ფონდისა” და ნოტარიუს რ. გ-ის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ბათილად ცნობა:
მოსარჩელის მითითებით, ზესტაფონში, ... ¹3-ში ირიცხებოდა მისი ვაჟის, აწ გარდაცვლილი ნ. ჩ-ის სახლი. მოსარჩელემ შვილის გარდაცვალების შემდეგ მიმართა ნოტარიუსს მემკვიდრეობის მისაღებად, მაგრამ საჯარო რეესტრში მითითებულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი, ნაცვლად ნ. ჩ-ისა, ირიცხებოდა “ო. კ-ის ხსოვნის ფონდის” სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, “ფონდის” მიერ პრივატიზებულ 1517 კვ.მ მიწის ნაკვეთში უკანონოდ არის შეტანილი მისი ვაჟის 698 კვ.მ ნაკვეთიც, საიდანაც იგი სხვა მცხოვრებლებთან ერთად გასახლებული იყო ... ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. აღმასკომის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ... გამოეყო ერთოთახიანი ბინა, რომელიც მან გაყიდა, ხოლო მის ვაჟს მიეცა გარანტია ორ ერთოთახიან ბინაზე, რაც დღემდე არ დაკმაყოფილებულა. ვინაიდან არც კონკურსში გამარჯვებულმა ფონდმა და არც ზესტაფონის რაიონის გამგეობამ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება _ გარანტიით უზრუნველყოფილი ბინით მათი დაკმაყოფილება, მოსარჩელემ მოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის პრივატიზების ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა: ზესტაფონის რაიონის გამგეობამ და “ო. კ-ის ხსოვნის ფონდმა” სარჩელი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს, რადგან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია ჩატარებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. პრივატიზებული მიწა არ წარმოადგენდა მოსარჩელის ვაჟის, ნ. ჩ-ის საკუთრებას, არამედ მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება და ნ. ჩ-ის ქონებას შეადგენდა იქ განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის კომპენსაცია მხარეს მიღებული ჰქონდა. ამასთან, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის ¹73 გადაწყვეტილებით გაცემული გარანტიის შესასრულებლად მოსარჩელეს არაერთგზის შესთავაზეს ზესტაფონში, კვალიათის დასახლებაში მდებარე 3-ოთახიანი ბინა, მაგრამ მოსარჩელემ კატეგორიული უარი განაცხადა მის მიღებაზე. ზესტაფონის გამგეობის განმარტებით, ვინაიდან ლ. კ-ე-ჩ-მა გაყიდა გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მისთვის მიცემული ერთოთახიანი ბინა და იგი ნაქირავებში ცხოვრობდა, გამგეობამ ჩ-ების ოჯახს თავშესაფრის უფლება მისცა ძველ ნასახლარზე და რადგან სახლი საცხოვრებლად უვარგისი იყო, ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობა შეკეთდა გამგეობის მიერ გაცემული 1900 ლარით, სანაცვლოდ კი ნ. ჩ-მა უარი განაცხადა ერთ ერთოთახიანი ბინის გარანტიაზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერთლის გადაწყვეტილებით ლ. კ-ე-ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო პრივატიზებით მოპასუხე ო. კ-ის ხსოვნის ფონდის მიერ შეძენილი 1517 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1991წ.ათვის წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, თანახმად სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 93-ე მუხლისა. მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნ. ჩ-ის საკუთრება იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა 1517 კვ.მ-ის პრივატიზების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლოა, რადგან სადავო ნაკვეთი არ შედის ნ. ჩ-ის სამკვიდრო მასაში, მიწის ნაკვეთი და სახლი ნ. ჩ-ისათვის ჩამორთმეული იყო საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და მოსარჩელისათვის შეძენილი იყო ბინა, რომელზეც მან უარი განაცხადა. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სადავო პრივატიზება განხორციელებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები აპელანტმა ვერ მიუთითა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. კ-ე-ჩ-ის მიერ, რომელიც სარჩელში მითითებული მოტივით ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის საოლქო სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას, რადგან განჩინება გამოტანილია სსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით და სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ისე დაადგინა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მოწინააღმდეგე მხარის, ზესტაფონის რაიონის გამგეობის, წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. ნოტარიუსი რ. გ-ე და “კ-ის ხსოვნის ფონდი” მიუხედავად დადგენილი წესით არაერთგზის გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ, რის გამოც საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი წარმომადგენლის გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ე_ჩ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ლ. კ-ე-ჩ-ი სარჩელით ითხოვდა ზესტაფონის რაიონის გამგეობასა და “ო. კ-ის ხსოვნის ფონდს” შორის 2001წ. 20 ივნისს დადებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (უძრავი ქონების) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც ზესტაფონში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1517 კვ.მ-ის ნაკვეთის პრივატიზების გზით საკუთრებაში გადაეცა ფონდს. მოსარჩელე სადავო პრივატიზების ბათილად ცნობას არ მოითხოვდა უკანონობის მოტივით, რომ პრივატიზება განხორციელდა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 1998წ. კანონის მოთხოვნების დარღვევით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე ლ. კ-ე-ჩ-ის საკასაციო საჩივარიც არ ემყარება სსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების მოთხოვნებს და კასატორი განჩინების გაუქმების საფუძვლად არ მიუთითებს სასამართლოს მიერ კანონის არასწორ გამოყენება-განმარტებაზე, არამედ კასატორი განჩინებისა და სადავო პრივატიზების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, კერძოდ, კასატორის აზრით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებით იმ გარემოებას, რომ “ო. კ-ის ხსოვნის ფონდის” მიერ პრივატიზების გზით შეძენილ 1517 კვ.მ მიწის ნაკვეთში შედიოდა მისი ვაჟის, აწ გარდაცვლილი ნ. ჩაგელიშვი-ლის 698 კვ.მ ნაკვეთიც, რომელზეც მათი სახლი იყო განთავსებული.
საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მოტივს უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომ 2001წ. 20 ივნისის სადავო პრივატიზებით სახელმწიფომ, ზესტაფონის რაიონის გამგეობის სახით, მოახდინა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა და ლ. კ-ე-ჩ-ის, როგორც ნ. ჩ-ის მემკვიდრის, საკუთრების უფლებების ხელყოფას არ მომხდარა, ვინაიდან საქმის მასალებიდან უტყუარად დასტურდება და კასატორიც არ უარყოფს, რომ ზესტაფონში, ... ქუჩის რეკონსტრუქცია-გაფართოებასთან დაკავშირებით აღებაში მოჰყვა მისი ვაჟის, ნ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლიც. ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის 1989წ. 31 მარტის ¹92 გადაწყვეტილებით კასატორ ლ. კ-ე-ჩ-ს გამოეყო კომპენსაციის სახით ერთოთახიანი ბინა, ხოლო მის ვაჟს _ ნ. ჩ-ს მიეცა გარანტია ბინის მიღებაზე. 1989-91 წლებში მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას, თანახმად სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 93-ე მუხლის პირველი ნაწილისა, იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ფიზიკური პირის, ნ. ჩ-ის საკუთრება და ვერც მის სამკვიდრო მასაში შევიდოდა. ამიტომ სახელმწიფომ, ზესტაფონის გამგეობის სახით, როგორც მესაკუთრემ, სკ-ის 170-ე მუხლისა და “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის შესაბამისად, განკარგა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაც მესაკუთრის შეუზღუდავი კომპეტენციაა, კასატორის უფლებების შელახვას ადგილი არ ჰქონია და სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ზესტაფონში, ... ქუჩის რეკონსტრუქცია-გაფართოებასთან დაკავშირებით გასახლებაში მოჰყვა კასატორის ვაჟის, ნ. ჩ-ის სახლი, რომელიც ტექბიუროს ჩანაწერის მიხედვით აშენებული ყოფილა 1866 წელს. იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის 1989წ. 31 მარტის ¹92 გადაწყვეტილებით, ასაღები სახლის კომპენსაციის მიზნით, კასატორ ლ. კ-ე-ჩ-ს გამოეყო ერთოთახიანი ბინა, რომელიც მან შემდგომში გაასხვისა, ხოლო რაისაბჭოს აღმასკომის 1991წ. 22 თებერვლის ¹73 გადაწყვეტილებით, კასატორის ვაჟს, როგორც ასაღები სახლის მესაკუთრეს, მიეცა გარანტია ორი ერთოთახიანი ბინის მიღებაზე, მაგრამ ბინათმშენებლობა არ განხორციელდა და კასატორების თხოვნით, გამგეობამ ერთი ერთოთახიანი ბინის სანაცვლოდ მათ გამოუყო 1900 ლარი სათავსის შესაკეთებლად, რასაც არც კასატორი უარყოფს. ამდენად, ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ასაღები სახლის კომპენსაციიდან სახელმწიფოს ჩ-ების მიმართ შესასრულებელი დარჩა ერთი ვალდებულება ერთოთახიანი ბინის გარანტიის სახით. აღსანიშნავია, რომ საპრივატიზებო პირობებში მითითებული იყო კიდეც ამ ვალდებულების შესახებ და “ო. კ-ის ხსოვნის ფონდმა” აღმასკომის ¹73 გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული ერთოთახიანი ბინის ნაცვლად სამოთახიანი ბინა შესთავაზა გამგეობას, რომლის მიღებაზეც კასატორმა, როგორც ნ. ჩ-ის მემკვიდრემ, არაერთგზის განაცხადა უარი, რაც საკასაციო საჩივრის განხილვაზეც დაადასტურა. სკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან სამკვიდრო მასაში, გარდა მამკვიდრებლის ქონებისა, ასევე შედის მამკვიდრებლის უფლებებიც (სამკვიდრო აქტივი), საკასაციო პალატა განუმარტავს ლ. კ-ე-ჩ-ს, რომ მას, როგორც ნ. ჩ-ის მემკვიდრეს, ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის 1992წ. 22 თებერვლის ¹73 გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ერთოთახიანი ბინის გარანტიის შესრულება, მაგრამ აღნიშნული მოტივით, “ო. კ-ის ხსოვნის ფონდის” მიერ განხორციელებული მიწის პრივატიზების ბათილად ცნობა უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. კ-ე-ჩ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება კასატორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ე-ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განჩინება;
3. კასატორი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.