ბს-954-812-კ-04 19 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: გ. ქაჯაია (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 მაისს ნ. ჟ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 1996წ. 1 იანვრიდან მუშაობდა ჩხოროწყუს რაიონის გაზეთის რედაქტორად, რომელიც დაფუძნებული იყო რაიონის გამგეობის მიერ და, შესაბამისად, ითვლებოდა გამგეობის თანამშრომლად, ანუ საჯარო მოხელედ. ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის 2002წ. 15 იანვრის ¹2 განკარგულებით მოსარჩელე ნ. ჟ-ა “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 34-ე და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე და 99-ე მუხლების საფუძველზე გათავისუფლდა გაზეთ “ ......... “ რედაქტორის თანამდებობიდან.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2002წ. 31 იანვარს საჩივრით მიმართა ჩხოროწყუს კულტურის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის კომიტეტს, მაგრამ საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია.
2002წ. 12 თებერვალს ნ. ჟ-ამ წერილობით მიმართა ჩხოროწყუს რაიონის გამგეობას და მოითხოვა რაიონის გამგებლის 2002წ. 15 იანვრის ¹2 განკარგულების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა, რაზეც 2002წ. 4 აპრილის ¹9 წერილით უარი ეთქვა და განემარტა, რომ მისი გათავისუფლება იმ მოტივით იყო გამოწვეული, რომ იგი სამუშაოზე თვეების განმავლობაში არ ცხადდებოდა, რაც იწვევდა გაზეთის გამოშვების გაჭიანურებას.
აქვე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას არასოდეს დასდებია დისციპლინური სახდელიც კი, რადგან ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო გაზეთის გამოცემის შეყოვნება არა მისი ქმედებით, არამედ გამგეობის მხრიდან გაზეთის დაუფინანსებლობით იყო გამოწვეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას და იძულებით გაცდენილი თვეების: 2003წ. იანვრიდან მაისამდე მიუღებული ხელფასის _ 415 ლარისა და წინა წლების: 1999წ. – 1610 ლარის, 2000წ. – 332 ლარის, 2001 წლიდან – 2002 წლამდე 1992 ლარის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას.
მოპასუხე ჩხოროწყუს რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლდა კანონიერად.
სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა მ. პ-ამ.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი აღდგენილ იქნა გაზეთ “ ......... “ რედაქტორის თანამდებობაზე, ჩხოროწყუს რაიონის გამგეობას მას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი დღეებისა და წინა წლების ანაზღაურება, ხოლო მას 2003წ. იანვრიდან ამავე წლის მაისამდე გაცდენილი დროის, ანუ სარჩელის წარდგენამდე მისაღები ხელფასის – 415 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჟ-ას სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობა და თანამშრომლებთან კონფლიქტი საქმის მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა და გაზეთის გამოუქვეყნებლობის ერთადერთ მიზეზად დაუფინანსებლობა სახელდებოდა. ამასთან, რაიონის გამგეობას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული სადავო განკარგულება ნ. ჟ-ას გათავისუფლების შესახებ, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია და სარჩელი სასამართლოს კანონით დადგენილი წესით წარუდგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჩხოროწყუს რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ ნ. ჟ-ას სარჩელი ხანდაზმული იყო, რის გამოც ხანდაზმულობის მოტივით მისთვის სასამართლოს უნდა ეთქვა უარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ. ჟ-ამ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიიჩნია, რომ მას ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია და მოითხოვა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 10 მარტის განჩინებით ნ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება ნ. ჟ-ას სასარგებლოდ ჩხოროწყუს რაიონის გამგეობაზე იძულებით გაცდენილი თვეებისა და წინა წლებში მიუღებელი ხელფასის _ 2905 ლარის დაკისრების ნაწილში და ჩხოროწყუს რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ დაევალა 987,86 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ იზიარებდა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მიხედვით, 1999 წლიდან აღარ არსებობს სახაზინო საწარმოები, ნ. ჟ-ას კი, კანონიდან გამომდინარე, სახაზინო საწარმო არ გარდაუქმნია შპს ან სს-ად და არ გაუვლია ხელახალი რეგისტრაცია, ჩხოროწყუს გამგეობას აღარ აქვს სამართლებრივი ვალდებულება ნ. ჟ-ას მიმართ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული საკითხი არ წარმოადგენს სარჩელის დავის საგანს. სადავო არაა, რომ გაზეთი წარმოადგენს ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის ორგანოს. ამ შემთხვევაში გაზეთის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნ. ჟ-ა უკანონოდ იქნა გათავისუფლებული და იგი ექვემდებარება სამუშაოზე აღდგენას. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიქცევდა იმ გარემოებას, რომ ნ. ჟ-ას 1999წ. შემდეგ მიღებული აქვს ხელფასისა და ჰონორარის გარკვეული თანხა ჩხოროწყუს გამგეობისაგან, რაც შეეხება ნ. ჟ-ს მოთხოვნას გაწეული ხარჯების შესახებ, აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით.
ზემოთ მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჟ-ამ, რომელიც საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელფასისა და ჰონორარის გადაანგარიშებისას გაითვალისწინა მინიმალური ანაზღაურება, რითაც, კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოდ ჩამოაჭრა 400 ლარი და, ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული სასამართლო ხარჯებიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა მისი სარჩელის დაკმაყოფილებას იძულებითი განაცდურის, მიუღებელი ხარჯებისა და სასამართლო ხარჯების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე, ჩხოროწუს რაიონის გამგეობამაც.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საოლქო სასამართლოს მოსაზრება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი სამუშოდან განთავისუფლებამდე ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, ხოლო ნ. ჟ-ას მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური გადაცდომის ზომები, არასწორია და მის მიერ ნ. ჟ-ას თანამდებობიდან განთავისუფლებისას კანონი არ დარღვეულა. გამგეობამ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებიც სრულ შესაძლებლობას აძლევს, გამგეობას გაათავისუფლოს მუშაკი თანამდებობიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას.
კასატორის განმარტებით, გაზეთი “ ....... “, როგორც რაიონის გამგეობის სახაზინო დაწესებულება, იყო იურიდიული პირი და გამგეობასა და გაზეთ “ ...... “ შორის ხელშეკრულება, როგორც იურიდიულ პირებს შორის, არასდროს არ დადებულა და გამომდინარე აქედან, მხარეთა შორის არც რაიმე ვალდებულება წარმოშობილა. ამდენად, გამგეობის მიმართ ნ. ჟ-ას მოთხოვნები უმართებულია, ვინიდან სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ასეთი ვალდებულება კი რაიონის გამგეობას გაზეთის წინაშე არასდროს უკისრია.
კასატორის მითითებით, გაზეთ “ ....... “ დაფინანსების ვალდებულება დაეკისრა რაიონის საფინანსო განყოფილებას, რის გამოც ნ. ჟ-ას წინაშე ვალდებულება ეკისრება ამ უკანასკნელს, შესაბამისად, ნ. ჟ-ას მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაფარვაზე მიმართული უნდა იყოს არა რაიონის გამგეობის, არამედ რაიონის საფინანსო განყოფილების წინააღმდეგ, გამგეობა ამ შემთხვევაში არასათანადო მოპასუხეა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჟ-ასა და ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების დაცვით და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონზე, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ მოტივებზე მითითებით:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ჟ-ა 2002წ. 15 იანვრამდე მუშაობდა ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის გაზეთ “ ...... “ მთავარ რედაქტორად.
ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის 2002წ. 15 იანვრის ¹2 განკარგულებით ნ. ჟ-ა შკკ-ის 34-ე მუხლისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე და 99-ე მუხლების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
“პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” 1991წ. კანონის მე-7 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ინფორმაციის საშუალებები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ, ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს კანონი “მეწარმეთა შესახებ”.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გაზეთ “ ....... “ დამფუძნებელს წარმოადგენდა ჩხოროწყუს რაიონის გამგეობა, ხოლო, რაც შეეხება თავად გაზეთს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, გაზეთი ჩამოყალიბებული უნდა ყოფილიყო “მეწარმეთა შესახებ” კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დებულებების შესაბამისად, იკრძალებოდა გაზეთის ფუნქციონირება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გაზეთი “ ...... “ წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ხელმძღვანელიც (მთ.რედაქტორი) ვერ ჩაითვლება საჯარო მოხელედ და მასზე ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დებულებები.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (მოც. შემთხვევაში მთ. რედატორის) დანიშვნა შედის დამფუძნებლის კომპეტენციაში, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩხოროწყუს რაიონის გამგეობასა და გაზეთ “ ...... “ მთ. რედაქტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის შედეგადაც სახეზეა ურთიერთობა საწარმოს პარტნიორსა და დირექტორს შორის, რაც იმთავითვე გამორიცხავს განსახილველი დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავებისადმი მიკუთვნების შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ჟ-ას სარჩელი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამასთან, არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განხილულია განსჯადობის წესების დარღვევით, რის გამოც აღნიშნული ითვლება კანონის დარღვევით განხილულად, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განსჯადობის წესის დაცვით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის დაქვემდებარების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, 26-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჩხოროწყუს რაიონის გამგეობისა და ნ. ჟ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად დაექვემდებაროს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.