¹ბს-1091-1080(კ-11) 15 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 25 იანვარს ჯ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე ჯ. ჯ-ა შსს ორგანოებიდან 2004 წლის 29 ოქტომბრიდან დაითხოვეს. 2005 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს პენსიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა გაჭინაურდა სასამართლოში წარმოებული დავების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის შუამდგომლობა ჯ. ჯ-ასთვის 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ 2005 წლის 12 დეკემბერის განცხადების შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში არ იყო წარდგენილი პენსიის დასანიშნად საჭირო დოკუმენტაცია.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოპასუხე მხარემ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ დავა პენსიის დანიშვნის თაობაზე საკითხის შესახებ სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის დ. ლ-ის 2010 წლის 22 დეკემებრის ¹01-19/05/13054 ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ჯ. ჯ-ას მიერ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაოზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ამ. აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინებით ჯ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის ¹249 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და მესამე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტო სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ხოლო, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ¹190/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას”. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავას სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემთხვევაშიც არ ექნებოდა წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.