Facebook Twitter

¹ბს-1139-1128(კ-11) 28 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ბ-ამ მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა უკანონოდ მსჯავრდებისა და პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დევნის გამო ზიანის სახით სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა მის სასარგებლოდ უკანონოდ მსჯავრდებისა და პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დევნის გამო ზიანის სახით სახელფასო დავალიანების -49703 ლარისა და მორალური ზიანის-500 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით ი. ბ-ას სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ბ-ას სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ უკანონოდ მსჯავრდებისა და პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დევნის გამო ზიანის სახით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით ი. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ბ-ას საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოთხოვნას საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს სასჯელის მოხდის შემდეგ პერიოდზე ზიანის სახით სახელფასო თანხის ანაზღაურებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სწორად იქნა განხილული და მოცემული მოტივით არ არსებობს ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ბ-ას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.