Facebook Twitter

¹ბს-1161-1150(კ-11) 29 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «ბ...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 18 ნოემბერს შპს «ბ...» სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წელს ყაზახურმა კომპანიამ სს «პ...» ყაზახეთიდან საქართველოში ტრანზიტით გამოგზავნა ნავთობპროდუქტი, მაზუთი მ-100, რომელიც განთავსდა შპს «ბ...». აღნიშნული ტვირთის მიმღებს წარმოადგენდა შპს «ს....», რომელსაც უნდა მოეხდინა საქონლის ტერიტორიიდან გატანა, თუმცა საქონელი ნავთობტერმინალის ტერიტორიიდან არ გასულა. 2010 წლის 25 ივნისს ერთი მხრივ სს «პ...» და შპს ,,ბ...” შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება აღნიშნულ ნავთობპროდუქტზე, რომლის საფუძველზე საქონლის მესაკუთრე გახდა შპს «ბ...». 2010 წლის 8 ივლისს ბათუმის რეგიონული ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოში შპს «ბ...» წარმომადგენლის, შპს «გ...» მიერ დასახელებულ იმპორტზე შედგენილ იქნა სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, სადაც დაფიქსირდა, რომ იმპორტირებული იქნა მაზუთი მ-100. ტვირთის წარმოშობისა და გამომგზავნი ქვეყანა იყო ყაზახეთი. დეკლარაციის მე-2 გრაფის მიხედვით, საქონლის ექსპორტიორი ფირმა იყო სს «პ...», ხოლო დეკლარაციის მე-8 გრაფის მიხედვით, იმპორტიორი ფირმა იყო შპს «ბ...». შპს «ბ...» მიმართ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობისათვის. საბაჟო შეტყობინების და საბაჟო შეტყობინების დასაბუთების მიხედვით შპს «ბ...» შეეფარდა სანქცია, ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით, დღგ _ 69464,21 ლარის ოდენობით და მოსაკრებელი _ 169,1 ლარის ოდენობით. საბაჟო შეტყობინება და საბაჟო შეტყობინების დასაბუთება შპს «ბ...» გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ...” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 16 ივლისის ¹600/1432/10 საბაჟო შეტყობინების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 8 ოქტომბრის შესახებ ¹1947 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის ¹1563/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ბ...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ბ...», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით შპს «ბ...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ბ...», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს «ბ...» საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ბ...» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, შპს «ბ...» საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3507 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 2454,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ბ...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინება;

3. შპს «ბ...» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 2454,9 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.