ბს-1188-1177(კ-11) 13 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. და ნ. ლ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.11წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.11წ. განჩინებით ა. და ნ. ლ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 25.02.11 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ. ლ-ებმა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.11 წ. განჩინებით კასატორებს ა. და ნ. ლ-ებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის – 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი (დედანი). აღნიშნული განჩინების კასატორებისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი მათ 05.08.11 წ. ჩაჰბარდათ. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 12.08.11 წ. (პარასკევი) ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, ა. და ნ. ლ-ების მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ა. და ნ. ლ-ების წარმომადგენლმა მ. ქ-ემ განცხადება ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი საქართველოს უზენაესი სასამართლოში 16.08.11 წ. წარმოადგინა. აღნიშნულით დასტურდება, რომ კასატორების მიერ დაირღვა ხარვეზის გამოსწორების საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.07.11 წ. განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადა, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. და ნ. ლ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს ა. ლ-ს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 300 (სამასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. და ნ. ლ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. ა. ლ-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) დაუბრუნდეს მის მიერ 12.08.11 წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.