¹ბს-1816-1771(კ-10) 15 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები _ თ. ე-ი; მ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ აუქციონის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 19 დეკემბერს ვ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მ. კ-ის, თ. ე-ის, ნ. მ-ისა და თ. ჟ-ის მიმართ, 2007 წლის 4 დეკემბრის პირველი აუქციონის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2008 წლის 14 მაისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის _ თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირების - მ. კ-ის და თ. ე-ის მიმართ. მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვ. მ-ის სახელზე ქ. თბილისში, ..., კორპ. ¹26-ში მდებარე იპოთეკით დატვირთულ ბინა ¹32-ზე ჩატარებული აუქციონის და 2007 წლის 4 დეკემბრის ¹01/09-102 განკარგულების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 26 სექტემბერს თ. ე-ს, ნ. მ-ეს, თ. ჟ-სა და ნ. ს-ს, როგორც ვ. მ-ის რწმუნებულს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით, რომლის თანახმად, ნ. ს-ს, როგორც ვ. მ-ის რწმუნებულს თითოეულისაგან სესხის სახით გადაეცა 4480 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური სამი პროცენტის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., კორპუსი ¹26, ბინა ¹32. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე ძირითადი სესხის 0,3%-ის ოდენობით.
სესხის დროულად გადაუხდელობის გამო, იპოთეკარების წარმომადგენელმა თ. გ-მა საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა იურიდიულ კომპანია საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ _ ,,...” და სესხისა და მისგან გამომდინარე შედეგების მოპასუხეზე დაკისრება მოითხოვა.
არბიტრაჟის 2007 წლის 20 აპრილის ¹01/07-132 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტების პრეტენზია. ნ. ს-ს, როგორც ვ. მ-ის რწმუნებულს თ. ე-ის, ნ. მ-ის და თ. ჟ-ის სასარგებლოდ, თითოეულზე 4480 აშშ დოლარის, 2007 წლის 28 მარტიდან ყოველთვიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს 13,44 აშშ. დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 245.7 ლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქ. თბილისი ... კორპ. ¹26, ბინა ¹32) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულების მიზნით, წარდგენილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში. საქმე შესასრულებლად გადაეცა Aაღმასრულებელ ზ. ა-ს, რომელმაც 2007 წლის 4 დეკემბერს ბინაზე ჩაატარა აუქციონი, რომლის მყიდველი გახდა მ. კ-ი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად. მოვალეებს ვ. მ-ს და ნ. ს-ს, სასამართლოს აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე 5 დღიანი გაფრთხილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. ნ. ს-ის შემთხვევაში, ბინაში ვერავინ ნახეს და გზავნილი უკან გაეგზავნა სააღსრულებო ბიუროს, ხოლო რაც შეეხებოდა ვ. მ-ზე გადასაცემ გაფრთხილებას, მითითებული იყო, თითქოს გზავნილი ჩაბარდა ვ. მ-ის რძალს, გზავნილზე ხელმოწერა გაკეთებული იყო ,,მ-ი”, თუმცა მოსარჩელეს ასეთი გვარის რძალი არ ჰყავდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლო აღმასრულებელს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-17 და 25-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით რომ ჩაეტარებინა აუქციონი, მოვალისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ ორი კრედიტორის გასტუმრების მიუხედავად ბინა მაინც გაიყიდებოდა აუქციონზე. აღმასრულებლის მიერ ასევე არ იქნა დაცული დასახელებული კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 4 დეკემბრის ¹01/09-102 განკარგულების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 4 დეკემბრის ¹01/09-102 განკარგულება ვ. მ-ის სახელზე იპოთეკით დატვირთული, ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსი ¹26, ბინა ¹32-ზე ჩატარებული აუქციონის თაობაზე, თანმდევი შედეგებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით განმარტა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2007 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი, რომლითაც ვ. მ-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ..., კორპუსი 26, ბინა ¹32 მესაკუთრე გახდა მ. კ-ი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ¹826 შეკვეთილი წერილი 2007 წლის 28 ნოემბერს ჩაბარდა ვ. მ-ის რძალს. ამასთან, ... ფოსტის ფილიალის ,,..’’-ს 2008 წლის 23 ივლისის ¹04.07 წერილის თანახმად, შეკვეთილი წერილი ¹12 შესული ვ. მ-ის სახელზე ადრესატის ბინაზე არყოფნის გამო, ჩაბარდა მის რძალს, ხოლო შეკვეთილი წერილი ¹826 ადრესატ ვ. მ-ის არყოფნის გამო, 2007 წლის 18 აგვისტოს ჩაბარდა მის მეუღლეს ს. მ-ს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ... ფოსტის ფილიალის ,, ...’’ 2009 წლის 13 იანვრის ¹04/07-12 წერილის თანახმად, წერილი ¹12 ჩაიბარა ვ. მ-ის რძალმა ს. გ-ა-მ-მა, ხოლო მეორე წერილი ¹826 პირადად ჩაბარდა ვ. მ-ს. ამასთან, საფოსტო განყოფილების ფოსტალიონის მ. ბ-ის ახსნა-განმარტებითა და ...-ე საფოსტო განყოფილების უფროსის ნ. თ-ის მოხსენებითი ბარათით კი დგინდებოდა, რომ შეკვეთილი წერილი ¹12 ჩაიბარა პირადად ვ. მ-მა, ხოლო შეკვეთილი წერილი ¹826 ჩაბარდა ვ. მ-ის რძალს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტსა და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მოვალესა და კრედიტორს ეცნობებოდა უწყების გადაცემის გზით. ამავე კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი უწყების ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებდა მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლებოდა უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდებოდა უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ უწყება ვ. მ-ს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია ეკისრებოდა უშუალოდ აპელანტს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მისი მხრიდან არ წარმოდგენილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის წერილი და განკარგულება არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ჩაბარებიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით, ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 14 აპრილს 12:30 საათზე, შემდეგ მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით არაერთხელ გადაინიშნა და საბოლოოდ ჩაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2006 წლის 26 სექტემბერს თ. ე-ს, ნ. მ-ეს, თ. ჟ-სა და ნ. ს-ს, როგორც ვ. მ-ის რწმუნებულს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით, რომლის თანახმად, ნ. ს-ს, როგორც ვ. მ-ის რწმუნებულს თითოეულისაგან სესხის სახით გადაეცა 4480 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური სამი პროცენტის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., კორპუსი ¹26, ბინა ¹32. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე ძირითადი სესხის 0,3%-ის ოდენობით. სესხის დროულად გადაუხდელობის გამო, იპოთეკარების წარმომადგენელმა თ. გ-მა საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა იურიდიულ კომპანია საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ _ ,, ...” და სესხისა და მისგან გამომდინარე შედეგების მოპასუხეზე დაკისრება მოითხოვა. არბიტრაჟის 2007 წლის 20 აპრილის ¹01/07-132 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტების პრეტენზია. ნ. ს-ს, როგორც ვ. მ-ის რწმუნებულს თ. ე-ის, ნ. მ-ის და თ. ჟ-ის სასარგებლოდ, თითოეულზე 4480 აშშ დოლარის, 2007 წლის 28 მარტიდან ყოველთვიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს 13,44 აშშ. დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 245.7 ლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ ქ. თბილისი ..., კორპ. ¹26, ბინა ¹32-ის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულების მიზნით, წარდგენილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ, 2007 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი, რომლითაც ვ. მ-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპ. ¹26, ბინა ¹32) მესაკუთრე გახდა მ. კ-ი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელთა თანახმადაც აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მოვალესა და კრედიტორს ეცნობებათ უწყების გადაცემით. ამავე კანონის 25-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი, უწყების ჩაბარება უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2007 წლის 6 აგვისტოს ¹01/09 წინადადება (შეკვეთილი წერილი ¹12) და აუქციონის დანიშვნის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2007 წლის 8 ნოემბრის გაკარგულება (შეკვეთილი წერილი ¹826) ვ. მ-ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით _ ქ. თბილისი, ..., კორპ. ¹26, ბინა ¹32-ში (ტ. II, ს.ფ. 16-18; ს.ფ. 27-31).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ...-ე საფოსტო განყოფილების უფროსის ნ. თ-ის მიერ გაცემულ ცნობაზე (ტ. I, ს.ფ. 111), ... ფოსტის ფილიალის ,, ...” 2008 წლის 23 ივლისის ¹04-07 და 2009 წლის 13 იანვრის ¹04-07/12 წერილებზე და 2007 წლის 16 აგვისტოს და 2007 წლის 28 ნოემბრის საფოსტო ჟურნალზე (ტ. I, ს.ფ. 195; ტ. II, ს.ფ. 78-81). საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ...-ე საფოსტო განყოფილების ფოსტალიონის მ. ბ-ის ახსნა-განმარტებაზე (ტ. II, ს.ფ. 82) და ...-ე საფოსტო განყოფილების უფროსის ნ. თ-ის მოხსენებით ბარათზე (ტ. II, ს.ფ. 83), სადაც აღნიშნულია, რომ შეკვეთილი წერილი ¹12 ჩაიბარა პირადად ვ. მ-მა, ხოლო შეკვეთილი წერილი ¹826 ჩაიბარა ვ. მ-ის რძალმა. სააპელაციო სასამართლოში მოწმედ გამოძახებულმა ...-ე საფოსტო განყოფილების ფოსტალიონმა, მ. ბ-ემ განმარტა, რომ ერთი წერილი ჩააბარა რძალს, ხოლო მეორე პირადად ვ. მ-ს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას დაუყოვნებლივ გადასცეს ადრესატს უწყება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება (მიუხედავად მათ შორის არსებული წინააღმდეგობისა) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ¹12 და ¹826 შეკვეთილი წერილები ნამდვილად გაიგზავნა _ ქ. თბილისი, ..., კორპ. ¹26, ბინა ¹32-ში და ნამდვილად ჩაბარდა სახლში მყოფ სრულწლოვან პირებს (ვ. მ-ს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრებს: მეუღლეს და რძალს). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. მ-ის რძალი _ ს. გ-ა (შვილის მეუღლე, რომელიც წლების მანძილზე ერთ ოჯახად ცხოვრობს ვ. მ-თან და ჰყავს ორი შვილი) და ვ. მ-ის მეუღლე _ ს. მ-ი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანისათვის უწყების ჩაბარება _ ვ. მ-ისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში რეგლამენტირებულია მტკიცების ტვირთი და იგი დაკავშირებულია მხარის მიერ იმ გარემოებებზე მითითებასთან, რომელსაც ეფუძვნება სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. მ-მა ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ¹12 და ¹826 შეკვეთილი წერილი მას ან მისი ოჯახის რომელიმე სრულწოვან წევრს არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო აუქციონის დღის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ფაქტი (მოვალისათვის უწყების გაგზავნა და ჩაბარება), ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორის მხრიდან არ წარმოდგენილა, რიც გამო არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.