Facebook Twitter

¹ბს-602-597(კ-11) 21 სექტემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ზ-მა 04.03.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის- უ. ნ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.10წ. გადაწყვეტილების, ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 14.12.09წ, 13.01.10წ. და 16.02.10წ. გადაწყვეტილებების, უ. ნ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის 09.12.09წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე მის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 05.05.10წ. საოქმო განჩინებით ა. ზ-ის მოთხოვნები უ. ნ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის 09.12.09წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება ამ ნაწილში.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 10.06.10წ. გადაწყვეტილებით ა. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნები ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 14.12.09წ გადაწყვეტილების ბათილობაზე თანმდევი შედეგებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.10წ. განჩინებით ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ზ-მა და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.10წ. განჩინებით ა. ზ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.10წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.11წ. განჩინებით ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასაამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორ ა. ზ-ს არც კერძო საჩივრით და არც სსკ-ის 377.3 მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია ხაშურის რაინული სასამართლოს 05.05.10წ. საოქმო განჩინება უ. ნ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის 09.12.09წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ზ-ის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნების დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სსკ-ის 377.1 მუხლის შესაბამისად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელა უ. ნ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომლის კანონიერად ცნობა გამორიცხავს ამავე უძრავ ნივთზე აპელანტის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთანავე აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.