Facebook Twitter

¹ბს-640-635(2კ-11) 8 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1) კ. მ-ა (მოსარჩელე)

2) ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 30 ივლისს კ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2003-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ... განყოფილებაში ..., განყოფილების ..., გამგეობის ... მოადგილედ, ... განყოფილების ... თავმჯდომარედ და ა.შ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2005 წლის 13 აპრილს ქ. თბილისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით გაანთავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელის განმარტებით,მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹¹240/1-03 და 2006 წლის 21 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულებები სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების თანახმად, იგი სამსახურიდან განთავისუფლებულად 2005 წლის 13 აპრილიდან ჩაითვალა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები, აგრეთვე ამავე კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლები და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე მუხლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების მე-4 პუნქტი განთავისუფლების ვადის მითითების ნაწილში (2005 წლის 13 აპრილიდან); კ. მ-ას სარჩელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას მოსარჩელისათვის 2005 წლის 13 აპრილიდან 2008 წლის 9 ივლისამდე პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა; კ. მ-ას სარჩელი ქ. თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და 2008 წლის 9 ივლისის შემდგომი პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამაც. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი კ. მ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე კ. მ-ას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2005 წლის 13 აპრილიდან სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 09 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების გამოცემამდე პერიოდის განმავლობაში, გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-ას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹240/1-03 და 2006 წლის 21 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულებები სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის 2005 წლის 13 აპრილისათვის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა, მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხელეს შესთავაზებდნენ სხვა თანამდებობას და იგი უარს განაცხადებდა ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე. Aამავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობდა აღდგენაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 იანვრის და 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებებით დასტურდებოდა, რომ კ. მ-ას დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებისას არ იყო დაცული, მისი განთავისუფლების პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ამოღებულია 23.12.2005წ. .¹2470 კანონით) იმპერატიული დანაწესი, კერძოდ, მოსარჩელეს არ შეეთავაზა სხვა თანამდებობა და ამდენად, არ იყო ცნობილი იყო თუ არა იგი თანახმა დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე აღდგენილი უნდა ყოფილიყო იმავე თანამდებობაზე, რომელიც მას ეკავა გათავისუფლებამდე, ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის სხვა თანამდებობაზე აღდგენას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით _ ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კ. მ-ას შესთავაზეს თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობის ... განყოფილებაში ... თანამდებობაზე დანიშვნა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 12 აპრილის ¹10 ბრძანების (რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონის გამგეობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხა) საფუძველზე, 2005 წლის 13 აპრილიდან ... განყოფილებაში აღარ არსებობდა და შემცირებული იქნა ... 3 საშტატო ერთეული (რომელთაგან ერთი განთავისუფლებამდე ეკავა კ. მ-ას). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 (ამოღებულია 23.12.2005წ. .¹2470 კანონით) და მე-3 ნაწილის თანახმად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულებით კ. მ-ას განთავისუფლება 2005 წლის 13 აპრილიდან იყო კანონშესაბამისი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) და 2005 წლის 28 ნოემბრის ¹ბს-1043-625(კ-05) განჩინებებზე და აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო, პირის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემიდან ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამასთან, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ითვლებოდა, რომ მოხელე, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან განთავისუფლებული არ იყო, რის გამოც მას მიეცემოდა იძულებითი განაცდური ხელფასი, იმ ხელფასის შესაბამისად, რომელსაც იგი იღებდა სადავო ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. მ-ას უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან სადავო აქტის გამოცემის დღემდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი, მაშინ გაურკვეველი იყო თუ რატომ დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. მ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი კ. მ-ას და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹240/1-03 განკარგულების თანახმად, ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობის სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულების მე-5 პუნქტისა და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის @¹10 ბრძანებით დამტკიცებული ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, კ. მ-ა განთავისუფლდა სამსახურიდან (ტ. I, ს.ფ. 13-14). 2005 წლის 13 მაისს კ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობის მიმართ და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹240/1-03 განკარგულების მისი განთავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის და მისი კუთვნილი მანქანის ამორტიზაციისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით კ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის განთავისუფლების ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 13 აპრილის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის ¹240/1-03 განკარგულება და მოპასუხეს _ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტომანქანის ამორტიზაციისა და რემონტის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე (ტ. I, ს.ფ. 74-79). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მაისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებებით (ტ. I, ს.ფ. 104-111; ს.ფ. 126-130).

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულება და მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა (ტ. II, ს.ფ. 122-130). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინებებით (ტ. II, 175-183; ს.ფ. 211-220).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა გასაჩივრებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულებით ცნობად იქნა მიღებული, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით გამგეობას კ. მ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება არ დაკისრებია, რის გამოც, იგი სამსახურიდან განთავისუფლებულად 2005 წლის 13 აპრილიდან ჩაითვალა (ტ. III, ს.ფ. 2-5).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების კანონიერად ცნობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ვინაიდან, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად ცნობის პირობებში, მოხელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება საფუძველს მოკლებულია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის (05.05.2011 ¹4650 ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია), ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) და 2005 წლის 28 ნოემბრის ¹ბს-1043-625(კ-05) განჩინებების საფუძველზე, იძულებითი განაცდური ხელფასი ანაზღაურდებოდა, მხოლოდ მოხელის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულება კ. მ-ას 2005 წლის 13 აპრილიდან (წინა რიცხვიდან) განთავისუფლების ნაწილში, მაშინ როდესაც განთავისუფლების შესახებ აქტი 2008 წლის 9 ივლისს გამოიცა არის უკანონო და შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელისათვის 2005 წლის 13 აპრილიდან 2008 წლის 9 ივლისამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი. თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ 2011 წლის 5 მაისს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე აღნიშნული კანონის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“. ამავე კანონის 127-ე მუხლს კი დაემატა შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე 2011 წლის 5 მაისის ¹4650 კანონს, რომელმაც განსხვავებულად მოაწესრიგა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი, ამავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მიენიჭა უკუქცევითი ძალა და იგი გავრცელდა ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა სამართალურთიერთობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხელე აღდგენილ იქნა სამსახურში და მას მიეცა განაცდური ხელფასი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე 2011 წლის 5 მაისის ¹4650 კანონის მე-2 მუხლში პირდაპირ მიეთითა, რომ აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე და მას მიენიჭა უკუქცევითი ძალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. კ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.