¹ბს-643-638(კ-11) 14 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 17 აგვისტოს დ. ჯ-მ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოფელ ... თემის საკრებულოს გამგეობის, მესამე პირის _ დ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა დ. ნ-ის სახელზე სოფელ ... საკრებულოს საკომლო წიგნების ჩანაწერების ბათილად ცნობა, კუთვნილი სახლის 1/2 ნაწილის _ 32 კვმ ფართით მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა და რეგისტრაცია; სახლის პირვანდელ მდგომარებაში აღდგენა და დ. ნ-ის გამოსახლება თავისი კუთვნილი ფართიდან.
2004 წლის 10 სექტემბერს მესამე პირმა დ. ნ-მა თავის მხრივ დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა დ. ჯ-ის მიწის მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა, შესაბამისი შესწორების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში დ. ჯ-ის სახელზე რეფორმამდე არსებული მიწის ნაკვეთისა და მიჯნების მიმართ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ... საკრებულოს საკომლო წიგნის ჩანაწერი დ. ნ-ის სახელზე სოფელ ... მდებარე სახლის 1/2 _ 32 კვმ-ის რეგისტრაციის შესახებ. დ. ნ-ი გამოსახლებულ იქნა დ. ჯ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან; დ. ნ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა- დ. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივრიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ადმინისტრაციული დავა დ. ნ-ის სარჩელისა გამო სოფ. ... საკრებულოს, მცხეთის მიწის მართვის სამმართველოს, ფიზიკური პირების: დ. ჯ-ისა და რ. გულბათაშვილის მიმართ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ასევე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში შეჩერდა საქმის წარმოება, საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ სააპელაციო საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი სოფ. ... საკრებულოს საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეცა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით სოფელ ... საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტი-საკრებულო და გამგეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი შეგებებული სარცელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, დ. ნ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. ნ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ნ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.