¹ბს-686-680(კ-11) 8 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება
სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 27 ივლისს გ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს შს მარტვილის რაიონული სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ამჟამად არის პენსიონერი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას მიუღებელი აქვს 1998, 1999, 2000 და 2003 წლების გაუცემელი ხელფასი (აქედან ძირითადი ხელფასი - 381.59 ლარი და კვების თანხა – 656.36 ლარი, სულ 1073.95 ლარი). სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისგან, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პოლიციელს ხელფასის გარდა მიეცემა ხელფასზე დანამატი და კომპენსაცია. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოპასუხისათვის 1998, 1999, 2000 და 2003 წლების გაუცემელი ხელფასისა და საბოლოო ანგარიშსწორების თანხის (აქედან ძირითადი ხელფასი - 381.59 ლარი და კვების კომპენსაცია – 656.36 ლარი, სულ 1073.95 ლარი) დაკისრება მოითხოვა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაუცემელი ძირითადი ხელფასის - 381.59 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; გ. ქ-ის სარჩელი – კვების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე მითითებით გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2010 წლის 18 ივნისის ¹36/6/7-1600 წერილით, რომლის ადრესატია გ. ქ-ე, ირკვევა, რომ 1998-2000, 2003 წლებში მასზე დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 1037.95 ლარს, მათ შორის, ძირითადი ხელფასი - 381.59 ლარს, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) - 656.36 ლარს. აღნიშნული წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შს სამინისტროზე მიმდინარე წლის სახელფასო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხა, შესაბამისად ამ ეტაპზე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გადაუხადონ თანხა (ს.ფ. 11).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. ქ-ის მიერ სარჩელი ხელფასისა და კვების (ულუფის ფულადი კომპენსაცია) თანხის ანაზღაურების თაობაზე შეტანილი იქნა 2010 წლის 27 ივლისს მარტვილის რაიონულ სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ქ-ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის სამმართველოში და ამჟამად არის პენსიონერი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შსს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის (ამოქმედდა 1997 წლის 1 თებერვალს) მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია “საქართველოს საკანონმდებლო აქტები”, მეორე პუნქტში – “საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები”, ხოლო მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას.
“საქართველოს შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება” “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, განსაზღვრავს სამინისტროს მუშაობის წესსა და სტრუქტურას.
2000 წლის 28 ივნისის ¹412 კანონით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით ამ კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 2000 წლის 28 ივნისამდე და ამჟამად მოქმედი რედაქცია არ შეიცავდა დათქმას, რომ სასურსათო ულუფის ღირებულება (კვების კომპენსაციის ანაზღაურება) შედიოდა ყოველთვიურ ხელფასში. 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია მოითხოვდა “სხვა დანამატებისა და კომპენსაციებისათვის” “კანონმდებლობით გათვალისწინებას”, რაც “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად ამის თაობაზე რაიმე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ მიღებულა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში იგულისხმება მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგო. კვების კომპენსაციის თანხა ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ასევე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატს, კვების თანხა არ წარმოადგენს ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კვების თანხა წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან – კვების თანხისაგან, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მარტვილის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის - 2010 წლის 27 ივლისისათვის გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და მოთხოვნა ამ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, საქმის მასალებში წარმოდგენილ ცნობაში აღნიშნულია კვების თანხა, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილების საფუძველს. სამმართველოს ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და შეიცავს მხოლოდ მონაცემს მოსამსახურის მიმართ დაწესებულების დავალიანების შესახებ, ხოლო თავად მოსამსახურეს სარჩელი კვების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სასამართლოსათვის უნდა წარედგინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე ხანდაზმულობის ვადის მოტივით. კასატორმა მიუთითა ამავე კოდექსის 130-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კასატორმა აღნიშნა, რომ მისი სახელფასო დავალიანება და კვების კომპენსაცია კანონმდებლობის თანახმად უნდა გასტუმრებულიყო მისი პენსიაზე გაშვებისთანავე.
კასატორის მითითებით, შრომისა და გასამრჯელოს მიღების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2010 წლის 18 ივნისის ¹36/6/7-1600 წერილით გ. ქ-ეს ეცნობა, რომ 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში მასზე დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 1037.95 ლარს, მათ შორის, ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი განაკვეთი) - 381.59 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) - 656.36 ლარი. ამასთან, აღნიშნული წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების დაფარვისათვის საჭირო თანხა, რის საფუძველზეც მოსარჩელეს განემარტა, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო გ. ქ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდის შესაძლებლობას იყო მოკლებული (ს.ფ. 11). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ქ-ემ მოპასუხისათვის 1998, 1999, 2000 და 2003 წლების გაუცემელი ხელფასისა და საბოლოო ანგარიშსწორების თანხის (აქედან ძირითადი ხელფასი - 381.59 ლარი და კვების კომპენსაცია – 656.36 ლარი, სულ 1073.95 ლარი) დაკისრების მოთხოვნით მარტვილის რაიონულ სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისს მიმართა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაუცემელი ძირითადი ხელფასის - 381.59 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია; ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო წესით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ კი საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ემ. ამდენად, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გაუცემელი ძირითადი ხელფასის - 381.59 ლარის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს კვების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში გ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხლის მიხედვით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და აღიარებულია შრომის სამართლებრივი ანაზღაურება.
ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პოლიციის შესახებ» კანონში 2000 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, არსებითად შეიცვალა პოლიციის თანამშრომლებისათვის მისაღები ხელფასის ცნება და კანონის რედაქციის ფორმის შეცვლით არსებითი ცვლილება განიცადა თავად ნორმის შინაარსმაც, კერძოდ, 2000 წლის 28 ივნისის კანონის მიღებამდე მოქმედი «პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ხელფასის ცნებას განსაზღვრავდა როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებსა და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატსა და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს, ანუ მითითებული ყველა კომპონენტი იგულისხმებოდა ხელფასის ერთიან ცნებაში და მის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს. 2000 წლის 28 ივნისის კანონით “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანით, კანონმდებელმა პოლიციის მუშაკის ხელფასის სხვაგვარი ცნება შემოგვთავაზა და აღნიშნული კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასე ჩამოყალიბდა _ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს:
ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;
ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს;
გ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია;
დ) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.»
აღნიშნული მუხლის განმარტების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «პოლიციის შესახებ» კანონის შესაბამისად ხელფასს წარმოადგენს მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, ხოლო წელთა ნამსახურობის დანამატი, რაიონული კოეფიციენტი, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაციები, კანონმდებელმა პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის დამატებით გარანტიებად განსაზღვრა და ხელფასის ცნებისაგან გამიჯნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, ისევე როგორც «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების» შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ. ქ-ის წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. 1998, 1999, 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ _ ნამსახურობის დანამატი, სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ, რომელთა შედეგადაც პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნება მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, აგრეთვე «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ქ-ის სარჩელიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები (იმ რედაქციის სამართლებრივი ნორმები), რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების, რომელშიც 2000 წლის 28 ივნისამდე გათვალისწინებული იყო კვების (ულუფის) კომპენსაცია, ანაზღაურებაზე უარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, ეკისრება ვალდებულება მოსარჩელეს აუნაზღაუროს 1998, 1999 და 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაცია.
ამასთან, 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის გ. ქ-ის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, პოლიციის თანამშრომელი სამსახურის პერიოდში «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ კვების (ულუფის) კომპენსაციისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების (ულუფის) დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მარტვილის რაიონულ სასამართლოს 1998, 1999, 2000 და 2003 წლების გაუცემელი ხელფასისა და საბოლოო ანგარიშსწორების თანხის (აქედან ძირითადი ხელფასი - 381.59 ლარი და კვების კომპენსაცია – 656.36 ლარი, სულ 1073.95 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით 2010 წლის 27 ივლისს მიმართა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოსარჩელეს გაცდენილი აქვს 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში სწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილთან დაკავშირებით სწორად განმარტა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი.
ამასთან, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს თავისმხრივ არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება. საქმის მასალებში წარმოდგენილი შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2010 წლის 18 ივნისის ¹36/6/7-1600 წერილი ინფორმაციული ხასიათისაა, რომელიც არ შეიცავს დავალიანების ანაზღაურების დაპირებას, მასში გადმოცემულია მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაციული მონაცემები სახელფასო დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით, რაც არ ქმნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის, მისი ახლიდან ათვლის საფუძველს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარი ხანდაზმულობის ვადის გაცდენის მოტივით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა 1998, 1999 და 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია, ხოლო არ არსებობს 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში გ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2010 წლის 18 ივნისის ¹36/6/7-1600 წერილში მითითებულია, რომ 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში გ. ქ-ეზე დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 1037.95 ლარს, მათ შორის, ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი განაკვეთი) შეადგენს 381.59 ლარს, კვების კომპენსაცია (ულუფის ფულადი კომპენსაცია) - 656.36 ლარს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არ არის დადგენილი წლების მიხედვით კვების ფულადი კომპენსაციის ოდენობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაუცემელი აქვს 1998, 1999, 2000 და 2003 წლების კვების (ულუფის ფულადი კომპენსაცია) კომპენსაცია სულ - 656.36 ლარის ოდენობით, მაგრამ არ არის განსაზღვრული 656.36 ლარიდან კონკრეტულად რა ოდენობის თანხა აქვს მიუღებელი მოსარჩელეს 1998, 1999, 2000 და 2003 წლების მიხედვით. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები და დაადგინოს წლების მიხედვით მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი კვების ფულადი კომპენსაციის ზუსტი ოდენობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე აღნიშნული საფუძვლით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრულდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ თავისმხრივ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და დაადგინოს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი კვების კომპენსაციის ოდენობა სადავო წლების მიხედვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.