¹ბს-694-688(კ-11) 28 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე –საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 26 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოპასუხის–მ. პ-ის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა: ჯარიმის სახით-13320 ლარის, ზიანის სახით- 15549,59 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით-399,6 ლარის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე მ. პ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა- 13320 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლო- 399,6 ლარის ოდენობით და კვებაზე გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ- 1768, 04 ლარი. სარჩელი ზიანის ანაზღაურების სახით-5412,41 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. პ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2005 წლის 30 მარტს გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹3909 ბრძანებით, მ. პ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 28 ივნისის წერილის მიხედვით მ. პ-ის სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა დათხოვნის დროისათვის შეადგენდა 59 ლარს; 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ფინანსისტის ცნობის თანახმად, მ. პ-ის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 498,96 ლარს, ხოლო 2005 წლის 30 მარტიდან დათხოვნამდე შრომის ანაზღაურების სახით მიღებული ჰქონდა სულ 13781,55 ლარი.
სასამართლომ მიუთითა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. პ-ს შორის 2005 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეებს შორის 2005 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა კონტრაქტის 7.3 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები. კონტრაქტის 7.4 მუხლის თანახმად, სამხედო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებულ «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების» XVI თავის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე.
ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა, მ. პ-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მისთვის ჯარიმის, პირგასამტეხლოს და ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
მითითებულ განჩინებაზე მ. პ-მ წარადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს უარი ეთქვა განსახილველად დაშვებაზე; მ. პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ მ. პ-ე 2008 წლის 25 იანვარს აღდგენილ იქნა სამხედრო სამსახურში და დღეისათვის იგი მსახურობს ქალაქ სენაკის ... ბატალიონში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების» მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურის დაბრუნების შემთხვევაში ითვალისწინებს მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის შეწყვეტის საფუძვლებს, დავის საგნის არარსებობის გამო, თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და Aშეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, დავის საგნის არ არსებობის გამო, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. პ-მ 2006 წლის 30 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.10.07წ. ¹3909 ბრძანებით მ. პ-ე 2007 წლის 27 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში» საქართველოს პრეზიდენტის 06.04.09წ. ბრძანებულებით შეტანილი დამატების, _ XVI თავის მე-2 პუნქტის «ა.ბ» ქვეპუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ¹14 პ/შ ბრძანებით დასტურდება, რომ უმცროსი სერჟანტი მ. პ-ე კვლავ მსახურობს შეიარაღებული ძალების რიგებში, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მატერიალური უზრუნველყოფის ოცეულის მატერიალური უზრუნველყოფის ათეულის სერჟანტად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹20233 სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მ. პ-ე შეგებებული საკასაციო საჩივრის შემოტანის მომენტისათვის ნამდვილად მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹20233 სამხედრო ნაწილში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.
საქართველოს პრეზიდენტის ხსენებული დებულების XVI თავის მე-4 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ თავის მე-2 პუნქტის «ა.ბ» ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე ან/და სწავლებაზე დახარჯული საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ამავე დებულების XVII თავის (გარდამავალი დებულებანი) პირველი პუნქტის შესაბამისად, XVI თავის მოქმედება (გარდა პირველი პუნქტისა) ვრცელდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე. საქმეზე დადგენილია, რომ მ. პ-მ კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა 2006 წლის 30 მარტს, რაც იძლევა მასზე მითითებული ნორმების გავრცელების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი, კერძოდ, დავის საგანი, რის გამოც, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს ართმევს შესაძლებლობას ხელმეორედ მიმართონ სასამართლოს იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.