¹ბს-749-743(კ-11) 14 სექტრემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 13 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ჭ-ემ მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2000 წლის 29 ნოემბრის კ-165 ბრძანების ბათილად ცნობას; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სამუშაოზე აღდგენას, ხოლო მისი შეუძლებლობის შემთხვევაში ტოლფასი სამუშაოს (თანამდებობის) მიღებას და მოპასუხეთა დავალდებულებას მიყენებული ზიანის (მიუღებელი ხელფასი, პრემია, დანამატი) 150212 ლარის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2000 წლის 29 ნოემბრის კ-165 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის 29 ნოემბრიდან 2001 წლის 28 აპრილამდე ზიანის – ხელფასის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით; მოასრჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის, შეუძლებლობის შემთხვევაში ტოლფასი სამუშაოს მიცემისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე (მიუღებელი ხელფასის, პრემიის, დანამატის გათვალისწინებით) 150212 ლარის ოდენობით უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტი - გ. ჭ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
აპელანტები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჭ-ეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.