Facebook Twitter

¹ბს-809-803(კ-11) 9 სექტემბერი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სს ,,...ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 14 დეკემბერს სს ,,...მა” სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის საგადასახდო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი, განკარგულება და საგადასახადო მოთხოვნა სს ,,...ზე” გადასახადის სახით მიწის ძირითადი გადასახადის - 5670 ლარისა და საურავის - 10428 ლარის დაკისრების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექია) სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შედარების აქტი, რომლითაც სს ,,...ს” დაერიცხა მიწის ძირითადი გადასახდი - 5670 ლარი და საურავი - 10428,66 ლარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექია) სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახდო მოთხოვნა და განკარგულება სს ,,...ზე” 10248,66 ლარის საურავის გადასახდელად დაკისრების ნაწილში; მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ძირითადი გადასახადის - 5760 ლარის ნაწილში საგადასახდო მოთხოვნისა და განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკამყოფილებაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონულმა ცენტრმა (საგადასახდო ინსპექცია) და სს ,,...მა”.

აპელანტი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრი (საგადასახდო ინსპექცია) სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნის დაკამყოფილების ნაწილში გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

აპელანტი _ სს ,,...ი” სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნის დაუკამყოფილებელ ნაწილში გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ახლაციხის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ახალციხის რაონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე სს ,,...ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...მა”.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო სს ,,...ის” საკსაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით სს ,,...ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი სს ,,...ს” ჩაჰბარდა 2011 წლის 19 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელს – ო. კ-ს – 2011 წლის 16 მაისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს და მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,,...ს” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 19 მაისის, ხოლო მის წარმომადგენლს – 16 მაისს, შესაბამისად, კასატორს და მის წარმომადგენელს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდათ 2011 წლის 27 მაისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ სასამართლოს მიერ მითითებულ 10 დღის ვადაში კასატორსა და მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სს ,,...ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,...ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.