Facebook Twitter

¹ბს-856-850(კ-11) 8 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 16 აპრილს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და მესამე პირის - ზ. ა-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2000 წლის 11 ივლისს სააქციო საზოგადოება “...ისგან” შეიძინა ქ. წნორში, ... ¹3-ში მდებარე უძრავი ქონება, საერთო ფართით 408 კვ.მ. 2000 წლის 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული შენობა, სარდაფი და პირველი სართული აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლიდან ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 204 კვ.მ ფართის სარდაფთან დაკავშირებით, მოსარჩელესა და ზ. ა-ს შორის წარმოიშვა დავა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით^უძრავი ქონების სარდაფის 140 კვ.მ საკუთრების უფლებით გადაეცა ზ. ა-ს, ხოლო დანარჩენი ფართი, კერძოდ, პირველი სართული _ 204 კვ.მ და სარდაფის 64 კვ.მ დარჩა მ. მ-ის საკუთრებაში.

მოსარჩელის განმარტებით, ზ. ა-მა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია შეიყვანა შეცდომაში, წარადგინა არასრული დოკუმენტაცია და 200 კვ.მ სარდაფზე და მის წინ მდებარე თვითნებურად დაკავებულ 32 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა მოითხოვა, რის შემდეგაც, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 მარტის ¹12 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2008 წლის 2 აპრილს ზ. ა-ის სახელზე გაიცა ¹258-ე და ¹259-ე საკუთრების უფლების მოწმობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 მარტის ¹12 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქ. წნორში, ... ¹3-ში მდებარე შენობის სარდაფზე ზ. ა-ის საკუთრების უფლების შესახებ 2008 წლის 2 აპრილს გაცემული ¹258-ე და ¹259-ე საკუთრების უფლების მოწმობების და სარდაფზე ამავე პირის საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, აგრეთვე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება და სარდაფის ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2008 წლის 2 აპრილს ზ. ა-ის სახელზე გაცემული ¹258 საკუთრების უფლების მოწმობა; მოპასუხეს საკითხის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და განხილვის შემდეგ, ზ. ა-ის მოთხოვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში დაკმაყოფილდა; ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით, იმ ნაწილში, რითაც არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 2 აპრილის საკუთრების უფლების ¹259 მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 2 აპრილის საკუთრების უფლების ¹259 მოწმობა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ. გ-ს ზ. ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. თ. გ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.