¹ბს-912-905(2კ-11) 8 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს ,,მ-ის” უფლებამონაცვლის სს ,,პ-ის» საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 24 ნოემბერს შპს «მ-მა» (უფლებამონაცვლე _ სს «პ-ი») სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა შპს «მ-ის» საქმიანობის საკონტროლო გასვლითი შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2005 წლის 1 აგვისტოდან 2009 წლის 1 მარტამდე საგადასახადო პერიოდს, ხოლო ქონებისა და მოგების გადასახადების ნაწილში 2005-2007 წლებს. 2009 წლის 22 ივნისს საგადასახადო ორგანომ შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც შპს «მ-ს» ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ _ 38374 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი _ 31923 ლარი, ჯარიმა _ 6451 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 2009 წლის 22 ივლისის ¹326 ბრძანებით შპს «მ-ს» ბიუჯეტის სასარგებლოდ, ნაცვლად 38374 ლარისა გადასახდელად დაერიცხა 87687 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა _ 70025 ლარი, ჯარიმა _ 17662 ლარი. საბოლოოდ შპს «მ-ს» ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადსახადო ინსპექციის) 2009 წლის 24 ივლისის ¹5339 ბრძანებისა და ¹7/53 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა _ 95277,57 ლარი. ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადსახადო ინსპექციის) 2009 წლის 24 ივლისის ¹5339 ბრძანებისა და 27 ივლისის ¹16258/466 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე კი, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადში დაერიცხა ჯარიმა _ 9105 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოსაზრებით, დღგ-ში ჩათვლები განხორციელდა არასწორად გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ასევე საგადასახადო ორგანომ მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ჩათვალა დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციად, რაც მოსარჩელემ საგადასახადო მოთხოვნის ბათილობის საფუძვლად მიიჩნია, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის მიზნებისათვის საქონელს არ განეკუთვნებოდა ფული და მიწა, ხოლო ამავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი და განთავისუფლებული საქონლის/მომსახურების ერთ მიწოდებად განიხილებოდა, როგორც დასაბეგრი და განთავისუფლებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ცალკე ოპერაციები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 24 ივლისის ¹5339 ბრძანებისა და ¹7/53 საგადსახადო მოთხოვნის, 27 ივლისის ¹16258/466 საგადასახადო მოთხოვნის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2009 წლის 22 ივლისის ¹326 ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 9 ოქტომბრის ¹3583 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «მ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 24 ივლისის ¹5339 ბრძანება და 2009 წლის 27 ივლისის ¹16258/466 საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელისათვის დღგ-ის ნაწილში ანგარიშ-ფაქტურების არასწორად გამოწერის გამო დამატებითი თანხების დარიცხვის ნაწილში; მოპასუხეს _ ბათუმის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) საგადასახადო შემოწმების საფუძველზე ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი გადაანგარიშების საფუძველზე, შპს «მ-ისათვის» დღგ-ის ნაწილში ანგარიშ-ფაქტურების არასწორად გამოწერასთან დაკავშირებით თანხების დარიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რეგიონულმა ცენტრმა და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «მ-მა». აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს «მ-ის», სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-ის” უფლებამონაცვლემ სს ,,პ-მა”. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2011 წლის 19 ივლისს შპს ,,მ-ის” უფლებამონაცვლემ სს ,,პ-მა” განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა შეამცირა საკასაციო მოთხოვნა და საბოლოოდ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების ნაწილში (შპს ,,მ-ის” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმება მოითხოვა (ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 24 ივლისის ¹5339 ბრძანებისა და 2009 წლის 27 ივლისის ¹16258/466 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,მ-ის” უფლებამონაცვლის სს ,,პ-ის” საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სს «პ-ის» საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ხ. შ-ეს სს «პ-ის» საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 456 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 319,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს ,,მ-ის” უფლებამონაცვლის სს ,,პ-ის» საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. ხ. შ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ სს «პ-ის» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 319,2 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.