Facebook Twitter

¹ბს-927-920(კ-11) 30 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

2010 წლის 31 აგვისტოს დ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. 1999 წლის ნოემბრიდან ცხოვრობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ. თბილისში, ... მე-... მ/რ-ნი, 21-ე კორპ, ბინა ¹2.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2010 წლის 18 აგვისტოს იგი გამოასახლეს დაკავებული საცხოვრებელი ფართიდან, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გადაცემის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ საცხოვრებელი ფართის გამოყოფისა და მისთვის გადაცემის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით დ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-მა. კასატორმა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით დ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ. დ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი და სრულყოფილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2011 წლის 11 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა დ. დ-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები. განმცხადებელმა ხარვეზის შევსებულად ჩათვლა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით დ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; დ. დ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების _ 5%-ის, მაგრამ არანაკლებ _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და სრულყოფილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2011 წლის 15 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას კვლავ განცხადებით მომართა დ. დ-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას. ამდენად, მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება-გადანაწილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება-გადანაწილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; დ. დ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი და სრულყოფილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2011 წლის 26 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას კვლავ განცხადებით მომართა დ. დ-მა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი მას არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს დ. დ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.