Facebook Twitter

¹ბს-937-930(კ-11) 29 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძეE

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ტ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 26 თებერვალს გ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანების საფუძველზე, იგი განთავისუფლდა ამავე სამინისტროს ... თანამდებობიდან.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანება მის მიერ გასაჩივრდა სასამართლო წესით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი «გ. ტ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე დაკმაყოფილდა გ. ტ-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეს გ. ტ-ისათვის მისი თანამდებობიდან განთავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2010 წლის 26 იანვარს გამოსცა ¹57 ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე 2008 წლის 25 სექტემბრიდან განთავისუფლდა ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი თანამდებობიდან განთავისუფლებულად ჩაითვალა 2008 წლის 25 სექტემბრიდან, მაშინ როდესაც მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანება 2010 წლის 26 იანვარს გამოიცა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ უმსჯელია მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხზე, რითაც დაირღვა მისი უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 26 იანვრის ¹57 ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა _ გ. ტ-ემ დააზუსტა საკასაციო საჩივარი და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით გ. ტ-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ტ-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა; მოსარჩელე გ. ტ-ეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2008 წლის 25 სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 26 იანვრის ბრძანების გამოცემამდე პერიოდის განმავლობაში, განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით, «ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების შესახებ» საერთაშორისო პაქტის მე-7 და «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის» 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-ეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 25 სექტემბერს ¹887/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გ. ტ-ისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) და 2005 წლის ¹ბს-1043-625(კ-05) განჩინებებზე და განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო, პირის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამასთან, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ითვლებოდა, რომ მოხელე, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან განთავისუფლებული არ იყო, რის გამოც მას მიეცემოდა იძულებითი განაცდური ხელფასი იმ ხელფასის შესაბამისად, რომელსაც იგი იღებდა სადავო ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ტ-ე არ იყო კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან განთავისუფლებული, ვინაიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 25 სექტემბრის ბრძანება, როგორც ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანებით, ... მოვალეობის შემსრულებელი გ. ტ-ე 2008 წლის 25 სექტემბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტ. I, ს.ფ. 59). 2008 წლის 19 დეკემბერს გ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანების, 2008 წლის 25 სექტემბრის ¹810 ბრძანების (... რეორგანიზაციის ნაწილში) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის ¹386 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის ¹887/კ ბრძანება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გ. ტ-ის სასარგებლოდ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განიხილა გ. ტ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საკითხი და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2010 წლის 26 იანვარს გამოსცა ¹57 ბრძანება, რომლის თანახმად, გ. ტ-ე 2008 წლის 25 სექტემბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ს.ფ. 25-31). ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიჩნია, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა გ. ტ-ისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი, რადგან იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან უკანონო განთავისუფლებისა და წინანდელ სამუშაოზე აღდგენის დროს ანაზღაურდებოდა, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ იყო გადაწყვეტილი გ. ტ-ის სამუშაოზე აღდგენის საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ, სრულად შეესაბამებოდა სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში მოქმედ კანონმდებლობას, თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ 2011 წლის 5 მაისს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე აღნიშნული კანონის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“. ამავე კანონის 127-ე მუხლს კი დაემატა შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე 2011 წლის 5 მაისის ¹4650 კანონს, რომელმაც განსხვავებულად მოაწესრიგა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი, ამავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მიენიჭა უკუქცევითი ძალა და იგი გავრცელდა ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა სამართალურთიერთობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხელე აღდგენილ იქნა სამსახურში და მას მიეცა განაცდური ხელფასი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე 2011 წლის 5 მაისის ¹4650 კანონის მე-2 მუხლში პირდაპირ მიეთითა, რომ აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე და მას მიენიჭა უკუქცევითი ძალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ტ-ის სარჩელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება გ. ტ-ისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ტ-ის სარჩელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.