Facebook Twitter

¹ბს-992-985(კ-11) 12 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ მ. ს-ის, ს. ი-ისა და სხვათა; მესამე პირების _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველოს მიმართ.

2008 წლის 1 აპრილს თ. ს-ემ, მ. ს-ემ, ს. ი-მა და სხვებმა (სულ 28 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ რ. ჯ-ის მიმართ, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო ხელშეშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2009 წლის 12 თებერვალს რ. ჯ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. შეგებებული სარჩელის ავტორმა იმ მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეებმა საკუთრების უფლება შეიძინეს სადავო მიწის ნაკვეთებზე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 აგვიტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე ¹2-195-ს (თ. ს-ის, მ. ს-ის, ს. ი-ისა და სხვათა სარჩელისა გამო, მოპასუხის _ რ. ჯ-ის მიმართ, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო ხელშეშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე) ცალკე წარმოებად გამოეყო რ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი, მოპასუხეების _ თ. ს-ისა და სხვების, მესამე პირის _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების ბათილობის, საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების გაუქმებისა და საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის თაობაზე; გამოყოფილი საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას დაექვემდებარა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური.

2008 წლის 2 სექტემბერს პ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ რ. ჯ-ის მიმართ, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო ხელშეშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2009 წლის 27 ოქტომბერს რ. ჯ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ პ. ს-ის მიმართ. შეგებებული სარჩელის ავტორმა ¹58 მიღება-ჩაბარების აქტისა და 2004 წლის 29 იანვარს გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და 2001 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრში განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3-157 რ. ჯ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის პ. ს-ის მიმართ, გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს რ. ჯ-ის შეგებებული სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ თ. ს-ისა და სხვების, მესამე პირის _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების ბათილობის, საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების გაუქმებისა და საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამავე საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით რ. ჯ-ის სარჩელი ა. ვ-ის მიმართ დარჩა განუხილველი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა ექსპერტიზის დასრულებამდე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა მოპასუხეების _ თ. ს-ის, კ. ვ-ისა და ილია მდინარაძის მიმართ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და ყველა იმ საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და ყველა იმ საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით რ. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი რ. ჯ-ეს ჩაბარდა პირადად 2011 წლის 5 ივლისს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება, რომელზეც დაფიქსირებულია რ. ჯ-ის ხელმოწერა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ რ. ჯ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინების ასლი 2011 წლის 5 ივლისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 6 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 15 ივლისს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის გადახდის ქვითარი (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2011 წლის 3 აგვისტოს) საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის 3 აგვისტოს წარმოადგინა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ემ გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის 3 აგვისტოს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, რ. ჯ-ეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 500 (ხუთასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი;

2. რ. ჯ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 500 (ხუთასი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.