¹ბს-1018-1010(კს-11) 15 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ფ. მ-ე
დავის საგანი _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 3 თებერვალს ი/მ ფ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹დ/334 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹29 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹4080 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/592 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ ფ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ძალაში შესვლის დღიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹დ/334 ბრძანება და 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹29 ,,საგადასახადო მოთხოვნა”; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 20 იანვრის ¹3/225 გადაწყვეტილება; მოპასუხეს _ თბილისის რეგიონალურ ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ ფ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ფ. მ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ი/მ ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
2010 წლის 22 დეკემბერს ი/მ ფ. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან, მისი მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განმხილველ ერთ-ერთ მოსამართლეს არ ჰქონდა იურიდიული განათლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით ფ. მ-ის განცხადება დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებდა იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლეს არ შეეძლო განეხილა საქმე ან მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, კერძოდ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენდა მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებდა; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) იყო მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავი; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებული იყო საქმის შედეგით, ან თუ იყო სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევდა მის მიუკერძოებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ი/მ ფ. მ-ის განცხადება იყო დაუშვებელი და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ფ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2010 წლის დეკემბერში მისთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განმხილველ ერთ-ერთ მოსამართლეს არ ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება, ამდენად, მას არ შეეძლო აღნიშნული საქმის განხილვაში მიეღო მონაწილეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განჩინებით ფ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, ფ. მ-ის კერძო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს იმ მოსამართლეს: რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (იგულისხმება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები); რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით გადაყენებულია (ჩამოცილებულია) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და ის არ შეუყვანით ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც შეიცავს აცილების საფუძვლებს რაც საქმის მიუკერძოებლად განხილვის ინტერესებითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ, თუ არსებობს მოსამართლის აცილების ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც ამ მუხლშია მითითებული, მოსამართლეს ეკრძალება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ეს შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, კერძოდ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხვილველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოსამართლის აცილების კანონით განსაზღვრული საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. ამასთან, 2010 წლის 17 ნოემბრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური წერილის თანახმად, მოსამართლე ბ. ა-ის იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის ¹1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ “მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის” მე-2 მუხლის მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.